ეროვნული ლიგის 2025 წლის სეზონი სტარტს 28 თებერვალს აიღებს. შესაბამისად, გუნდების წინასასეზონო შეკრებები ნელ-ნელა ფინიშისკენ მიდის.
სეზონის განახლების წინ, La Gazzetta Georgia ეცდება, რომ გამორჩეულად საინტერესო ფეხბურთელების სახელები შემოგთავაზოთ. თითოეული მათგანის დებიუტსა და თამაშს რანგით უმაღლესი ლიგის მთავარ სცენაზე, ქართული ფეხბურთის გულშემატკივარი, ახალ საფეხბურთო სეზონში აუცილებლად იხილავს.
ნიკოლოზ ჩიქოვანი (დინამო თბილისი) - 17 წლის
დინამო თბილისმა ზამთრის შეკრება პორტუგალიაში გაიარა და განაცხადი 19 ფეხბურთელით დააკომპლექტა, რომლის შემადგენლობაშიც, სხვა, ახალგაზრდა ფეხბურთელებთან ერთად, 2007 წელს დაბადებული ნიკოლოზ ჩიქოვანი მოხვდა.
უკვე ვიცით, რომ ახალ სეზონში დინამო თბილისის პოლიტიკა არ შეიცვლება და გუნდი აქცენტს იმ აკადემიის ფეხბურთელებზე გააკეთებს, რომლითაც ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებები რეგულარულად მარაგდებიან. შესაბამისად, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ 17 წლის ფეხბურთელს ეროვნული ლიგის ახალ სეზონში დებიუტი აუცილებლად ექნება.
აღსანიშნავია ისიც, რომ დინამო თბილისის ახალი მთავარი მწვრთნელი ვლადიმერ კაკაშვილია, რომელიც დინამოს აკადემიაში წლების განმავლობაში მუშაობდა, ასევე წვრთნიდა დინამო 2-ს და მისი მუშაობის პერიოდში გუნდი ეროვნულ ლიგა 2-ში დაწინაურდა. 44 წლის სპეციალისტისთვის ჩიქოვანი კარგად ნაცნობი ფეხბურთელია, ვინაიდან მასთან მუშაობის გამოცდილება აქამდეც ჰქონია. დინამო თბილისმა მარცხენა ვინგერი, სწორედ დინამო 2-დან დააწინაურა.
ნიკოლოზ ჩიქოვანი ასაკობრივი ნაკრებების გამორჩეული ტალანტია. ფეხბურთელს საქართველოს 17-წლამდე ნაკრებში 13 შეხვედრა აქვს ჩატარებული. მის ანგარიშზე 2 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა. 16 წლის ჩიქოვანს 17-წლამდე ნაკრებში დებიუტი ჯერ კიდევ მაშინ ჰქონდა, როდესაც მთავარი მწვრთნელი გიორგი ხიზანიშვილი იყო. ამავე ასაკობრივ ნაკრებში, ფეხბურთელს გიორგი ჩიტაურიც რეგულარულად იძახებდა.
ვინც საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებს თვალს აქტიურად ადევნებს, ჩიქოვანი თურქეთთან გატანილი ულამაზესი გოლით უნდა ახსოვდეს.
გასული წლის გაზაფხულზე, ლაშა ფირცხალაიშვილმა ნიკოლოზ ჩიქოვანი საქართველოს 19-წლამდე ნაკრებში პირველად გამოიძახა.
მას შემდეგ, ფეხბურთელმა ზედიზედ მეორედ ითამაშა ვიტალი დარასელიას სახელობის საერთაშორისო ტურნირზეც, სადაც ერთ-ერთი გამორჩეული იყო. UEFA-ს ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე, ჩიქოვანი შეცვლაზე შემოვიდა, თუმცა მატჩის ბედის გადაწყვეტა მაინც შეძლო, მეტოქე ბუდუჩნოსტს მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გაუტანა გოლი და დინამო თბილისის U19-ს გამარჯვება თბილისში მოაპოვებინა.
ანდრია ბართიშვილი (კოლხეთი 1913) - 15 წლის
“საქართველოში ბევრი ტალანტია. მათ შორის, 2009 წელს დაბადებული ბიჭი, რომელიც ძალიან კარგია, თანაც, კვარაცხელიას პოზიციაზე თამაშობს. დიდი შანსია, იტალიაში ისიც მალე ვიხილოთ", - ეს კრისტიან ძაკარდოს სიტყვებია Sky Sport-თან ინტერვიუში.
ქართველი მენეჯერის, მამუკა ჯუღელის პარტნიორმა გავლენიან სააგენტოსთან 2009 წელს დაბადებულ, 15 წლის ანდრია ბართიშვილზე ისაუბრა, რომელიც საქართველოს 17-წლამდე ნაკრების წევრია. ანდრია ბართიშვილმა 2025 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის 3 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა, რაც შესანიშნავი მაჩვენებელია.
ანდრიას მიერ საკვალიფიკაციო ეტაპზე, სლოვენიას კარში, 31-ე წუთზე გატანილი პირველი გოლი, გიორგი ჩაკვეტაძის ერთა ლიგის ისტორიულ გოლს გაგახსენებთ.
2024 წლის მიწურულს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიურ დაჯილდოვებაზე, ანდრია ბართიშვილმა ალექსანდრე ჩივაძის სახელობის ვერცხლის მედალი, როგორც 17-წლამდე ასაკის გამორჩეულმა ტალანტმა, მიიღო. ჯილდოსთან ერთად, ანდრიას Coca-Cola Bottlers Georgia-ს მიერ დაწესებული ფულადი თანხა - 5 000 ლარის ოდენობით გადაეცა.
ანდრია ბართიშვილი, რომელიც როგორც ფლანგზე, ისე შემტევ ნახევარმცველად თამაშობს, დინამო თბილისის აკადემიის აღზრდილია, თუმცა ამჟამად უკვე კოლხეთი 1913-ის ფეხბურთელია, რომლის მფლობელიც სწორედ მისი მენეჯერი, მამუკა ჯუღელია.
სეზონის განახლების წინ, ეროვნული ლიგის სხვა გუნდების მსგავსად, თურქულ შეკრებაზე იმყოფება კოლხეთი 1913. თურქული შეკრების განაცხადშია ანდრია ბართიშვილიც. 2025 წლის სეზონში ტალანტის გაბრწყინებას უნდა ველოდოთ. ბართიშვილის თამაშს თვალს იტალიის სერია ა-ს გუნდების სკაუტები ადევნებენ და მისთვის სათამაშო წუთების მიღება უმნიშვნელოვანესია.
გიორგი ხეცურიანი (სამგურალი) - 17 წლის
გამორჩეული საფეხბურთო უნარების მქონე 17 წლის საყრდენმა ნახევარმცველმა, გიორგი ხეცურიანმა წყალტუბოს სამგურალთან პროფესიული კონტრაქტი რამდენიმე კვირის წინ გააფორმა. ხეცურიანი სამგურალში გასულ სეზონში ჩაირიცხა, თუმცა მცირე ასაკის მიუხედავად, მთავარ გუნდთან ერთად ვარჯიშობდა და როგორც დუბლ შემადგენლობაში, ისე 19-წლამდე გუნდში თამაშობდა.
ეროვნული ლიგის 2025 სეზონის განახლების წინ, წყალტუბოს სამგურალი შეკრებას ანტალიაში გადის, თუმცა გიორგი ხეცურიანი საქართველოს 17-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ჩიტაურმა კვიპროსთან ამხანაგური მატჩებისთვის გამოიძახა, რის გამოც, ფერხბურთელი სამგურალთან ერთად შეკრებაზე ვერ გაემგზავრა, ნაკრებს თბილისში შეუერთდა, შემდეგ კი ჩვენს ასაკობრივ გუნდს კვიპროსში გამართულ ამხანაგურ შეხვედრებში დაეხმარა.
ზამთრის შეკრების განაცხადში მოხვედრა და პროფესიული კონტრაქტის გაფორმება გვაძლევს წინაპირობას, რომ ახალ საფეხბურთო სეზონში დებიუტი ხეცურიანსაც ექნება. მით უფრო, რომ ხეცურიანმა დავით ყიფიანის სახელობის თასზე, სამგურალის ფორმით, გაგრას წინააღმდეგ უკვე ითამაშა. სამგურალმა მატჩი დათმო, თუმცა ხეცურიანმა თავის გამოსაჩენად 32 წუთი მიიღო.
ლუკა წულაია (დინამო თბილისი) - 17 წლის
ნიკოლოზ ჩიქოვანის მსგავსად, დინამო 2-დან მთავარ გუნდში დაწინაურდა ლუკა წულაიაც.
ლუკა წულაია საქართველოს 17-წლამდე ნაკრების კაპიტანი იყო და გასული წლის შემოდგომით, ლაშა ფირცხალაიშვილმა საქართველოს 19-წლამდე ნაკრებში უხმო. მას შემდეგ, ლუკამ 19-წლამდე ნაკრებთან ერთად 3 მატჩი ჩაატარა, ხოლო საქართველოს 17-წლამდე ნაკრებში 12 მატჩს მოუყარა თავი, მის ანგარიშზე 1 გოლია, რომელიც პოზიციით ნახევარმცველმა, პოლონეთს გაუტანა.
გასულ სეზონში, წულაიამ ეროვნულ ლიგა 2-ში დინამო თბილისთან ერთად 11 მატჩი გამართა, სათამაშოდ ჯამურად 821 წუთი მიიღო (საშუალოდ, მატჩში - 75 წუთი) და 1 გოლი გაიტანა, რაც საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ დინამო თბილისის ახალ მთავარ მწვრთნელს, ვლადიმერ კაკაშვილს ზამთრის შეკრების 19-კაციან განაცხადში შეეყვანა და პორტუგალიაში გამართულ მატჩებში გამოეცადა.
ჩიქოვანის მსგავსად, ვლადიმერ კაკაშვილი წულაისაც დინამოს აკადემიიდან იცნობს და ერთად მუშაობის გამოცდილებაც აქვთ.
საინტერესოა, რომ 2023 წლის მიწურულს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიურ შემაჯამებელ ღონისძიებაზე, ნახევარმცველმა ალექსანდრე ჩივაძის სახელობის ვერცხლის მედალი, როგორც 17-წლამდე ასაკის გამორჩეულმა ტალანტმა, მიიღო.
გლიბ კატკოვი (ტორპედო ქუთაისი) - 16 წლის
სეზონის განახლების წინ, ქუთაისის ტორპედომ გლიბ კატკოვი დაიმატა. უკრაინაში დაბადებული 16 წლის პერსპექტიული მცველი, ოჯახთან ერთად, საქართველოში 2015 წლიდან ცხოვრობს, მიიღო საქართველოს მოქალაქეობა და საქართველოს ასაკობრივ გუნდებს წარმოადგენს, გიორგი ჩიტაური 17-წლამდე ნაკრებში სისტემატურად იძახებს: გასულ წელს, კატკოვი საქართველოს 17-წლამდე ნაკრებში 5-ჯერ იყო გამოძახებული, 9 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. ითამაშა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზეც.
საქართველოში საცხოვრებლად გადმოვლის შემდეგ, ქართული დამაკმაყოფილებლად ისწავლა და კომუნიკაცია არ უჭირს.
2022 წელს, მაშინ, როდესაც თბილისში ინტერის აკადემია გაიხსნა, ფეხბურთელი იტალიური გრანდის სკოლას შეუერთდა, სადაც ქუთაისის ტორპედომ შენიშნა, წამოიყვანა და 3-წლიანი პროფესიული კონტრაქტი გაუფორმა.
მოსალოდნელია, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელსაც გამორჩეული თვისებები აქვს, ქუთაისის ტორპედოს ახალი მთავარი მწვრთნელის, დირკ შუსტერის ნდობას დაიმსახურებს და 2025 წლის ეროვნული ლიგის სეზონში საკუთარ სათამაშო დროს აუცილებლად მიიღებს.
დანიელ ქვარცხავა (იბერია) - 18 წლის
მიუხედავად იმისა, რომ 18 წლის დანიელ ქვარცხავამ ეროვნულ ლიგაში სადებიუტო შეხვედრა უკვე ჩაატარა, იბერიას შემადგენლობაში მისი რეგულარული გამოჩენა ინტერესს აუცილებლად გამოიწვევს. შესაძლოა, ქართული ფეხბურთის გულშემატკივრის ნაწილმა არ იცის, რომ 2023 წელს ქვარცხავა სინჯებზე მიუნხენის ბაიერნში იმყოფებოდა, ფეხბურთელს გერმანულ კლუბში მეორე ტესტიც უნდა გაევლო, თუმცა სამწუხაროდ, კოჭი მოიტეხა და მისი კარიერული ცვლილებები დროებით შეფერხდა.
ქვარცხავამ ფეხბურთის თამაში სტანდარტულზე ოდნავ გვიან, 8 წლის ასაკში დაიწყო, თუმცა სწრაფი პროგრესი განიცადა, იბერიას აკადემია გამოიარა, ყველა ასაკობრივ გუნდში ითამაშა და 2023 წელს, 17 წლის ასაკში, მთავარ გუნდში დებიუტი სათასო მატჩში ჰქონდა.
წლების განმავლობაში, დანიელ ქვარცხავა სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრების ფორმას ირგებდა, ნაკრების ფორმით განსაკუთრებით ლამაზი მისი გოლი ჩრდილოეთ მაკედონიის კარში გამოვიდა, შთამბეჭდავი სოლო რეიდი განახორციელა, სადაც სისწრაფე და ტექნიკურად სრულყოფილი მზაობა აჩვენა.
შენიშვნა: მასალა შეიცავს დინამო თბილისის, კოლხეთი 1913-ის, ტორპედოს, იბერიასა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ფოტოებს
30 მაისს გასამართი ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ, სადაც პსჟ არსენალს დაუპირისპირდება, უეფას კითხვებს პარიზელთა ქართველმა შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ უპასუხა. ხვიჩა, ბაიერნთან შენი თამაში ყველამ დადებითად შეაფასა და ამბობენ, რომ უმაღლეს დონეზე ჩაატარე, თუმცა რა კომპონენტის გაუმჯობეს…
საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, ივნისში, 2 ამხანაგურ მატჩს გამართავს. 5 ივნისს, ჩვენი გუნდი ბულგარეთის ქალაქ ბლაგოევგრადში აშშ-ს დაუპირისპირდება, ხოლო 9 ივნისს ნისპორენში მოლდოვას შეხვდება. რამაზ სვანაძემ, აღნიშნული მატჩებისთვის 23 ფეხბურთელი გამოიძახა. მათ შორის - რატი გრიგალავა,…
დასრულდა სეზონი ევროპის ტოპ ხუთ ლიგაში და ვილიარეალის თავდამსხმელი, გიორგი მიქაუტაძე ერთი საინტერესო მიღწევით გამოირჩა. პრიმერა დივიზიონის დებიუტანტ მოთამაშეებს შორის, ქართველმა ფორვარდმა შეაგდო ყველაზე მეტი, 13 ბურთი. შეგახსენებთ, ახალგაზრდა გოლეადორმა სეზონი მადრიდის ატლეტიკოს…
ეროვნული ლიგის მე-15 ტურის ცენტრალური შეხვედრა "დინამო არენაზე" შედგა, სადაც დინამო თბილისი ქუთაისის ტორპედოს დაუპირისპირდა. ამ მატჩს თან დიდი ინტრიგა ახლდა, რადგან ორივე გუნდს ხანგრძლივი წაუგებელი სერია ჰქონდა. პირველი ნახევარი ორივე გუნდის გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა…
ქართულ ელ კლასიკოდ წოდებული მატჩი დინამო თბილისსა და ქუთაისის ტორპედოს შორის, ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევდა ხოლმე, წელს კი ამ დაპირისპირებას განსაკუთრებით დიდი ინტერესი და მოლოდინი აქვს. ეს იქიდან გამომდინარეობს, რომ ორივე გუნდი კარგ ფორმაშია, წაუგებელი სერია აქვთ და ჩემპიონობის…
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პსჟ-ს ქართველ შემტევზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. " ბაიერნთან მოგებული მატჩის შემდეგ, ხვიჩას ვესაუბრე. შევთანხმდით, რომ რუმინეთთან მისი თამაში გამორიცხული იქნება. მას ნაკრებთან ყოფნა ძალიან უნდოდა და ბაჰრეინთან მატჩში მოვი…
2 და 5 ივნისს, საქართველოს ნაკრები რუმინეთის და ბაჰრეინის წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩებს გამართავს. მოახლოვებული მატჩების წინ ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა. დებიუტანტი ნაკრებში "იეგოიანმა ნიდერლანდებში სტაბილური სეზონი ჩაატარა. მას დიდი ხანია ეროვნული ნაკრების კანდიდატად მი…