ჟოზე მოურინიო მადრიდის რეალში დაბრუნებასთან ძალიან ახლოს არის. ამ ფაქტს გამოეხმაურა იკერ კასილასი, ვისი აზრითაც, პორტუგალიელი სპეციალისტი "სამეფო კლუბისთვის" შესაფერისი დამრიგებელი არ არის. ესპანელმა ექს-გოლკიპერმა სესკ ფაბრეგასი გამოარჩია.
"მოურინიოსთან პრობლემები არ მაქვს. ის არის თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალი, თუმცა მისი ხილვა რეალში არ მინდა. ჩემი აზრით, აღნიშნულ მისიას სხვა სპეციალისტები ჟოზეზე უკეთესად გაუმკლავდებოდნენ. ვინ არის ბრწყინვალე დამრიგებელი? ფაბრეგასი", - განაცხადა მადრიდელთა ექს-კაპიტანმა.
ესპანური პრესის მტკიცებით, "სამეფო კლუბსა" და პორტუგალიელ მწვრთნელს შორის სიტყვიერი შეთანხმება უკვე შედგა. შეგახსენებთ, რომ წარსულში სანტიაგო ბერნაბეუზე მუშაობის პერიოდში ლისაბონის ბენფიკას ამჟამინდელ დამრიგებელს კონფლიქტი სწორედ ესპანეთის ეროვნული გუნდის ყოფილ 1 ნომერთან მოუვიდა.









