ჩაბი ალონსო და რეალ მადრიდი ყველა დეტალზე შეთანხმდნენ, ესპანელი სამეფო კლუბში ბრუნდება! მხარეებს შორის ხელშეკრულება 2028 წლამდე გაფორმდება, 43 წლის სპეციალისტი კი მადრიდულ გრანდში მუშაობას 1 ივნისიდან დაიწყებს. ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ ჩაბი ალონსო რეალ მადრიდს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე გაუძღვება. ეს იქნება ესპანელი მწვრთნელისთვის პირველი დიდი გამოცდა.
კარლო ანჩელოტის მადრიდული ისტორია ლა ლიგის მიმდინარე სეზონის ბოლოს დასრულდება. იტალიელი სპეციალისტი ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებს ჩაიბარებს.
რაც შეეხება რეალ მადრიდის ზაფხულის სატრანსფერო გეგმებს — სამეფო კლუბი ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის გარდა მინიმუმ 3 ფეხბურთელს კიდევ დაიმატებს. საუბარია ორ მცველსა (ცენტრალური და მარცხენა მცველი) და ერთ ცენტრალურ ნახევარმცველზე. კლუბში ფიქრობენ, რომ შეტევაში ახალი ფეხბურთელის დამატება საჭირო არაა. რაც შეეხება წამსვლელებს, დიდი შანსია ზაფხულში გუნდი დაახლოებით 7-8 ფეხბურთელმა დატოვოს. ფლორენტინო პერესის აზრით, გუნდს ახალი სისხლი სჭირდება, შესაბამისად, ზაფხულში არსებული შემადგენლობა გადახალისდება.
ესპანურ გავლენიან გამოცემებს თუ დავუჯერებთ, ჩაბი ალონსო რეალ მადრიდში მისთვის ყველაზე კომფორტულ სათამაშო სქემას 3-4-3 გამოიყენებს, სწორედ ამიტომ გეგმავს კლუბი ორი მცველისა და ერთი ნახევარმცველის დამატებას. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად, რეალ მადრიდის თაობაზე უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.















