ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული შემტევი თორნიკე ოქრიაშვილი 7-თვიანი პაუზის შემდეგ ფეხბურთში დაბრუნებას აპირებს.
LaGazzetta.ge-ს ინფორმაციით, კვიპროსული ანორთოსისი, რომლის მწვრთნელიც თემურ ქეცბაიაა, ოქრიაშვილთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.
ანორთოსისს, ფინანსური დავალიანებების გამო, სატრანსფერო ბანი ექმუქრებოდა და შესაძლებელი იყო, ფეხბურთელების დამატების პრობლემა შექმნოდა, თუმცა ზამთარში გუნდი ამ პრობლემის მოგვარებას და ახალი მოთამაშეების დამატებას გეგმავს. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, ოქრიაშვილი ზამთარში ანორთოსისს შეუერთდება.
ბოლოს ოქრიაშვილმა 2025 წლის აპრილში, გაგრას მაისურით ითამაშა, რის შემდეგაც უკლუბოდაა. ოქროაშვილი ანორთოსისში 2019-21 წლებში თამაშობდა, მთავარი მწვრთნელი მაშინაც თემურ ქეცბაია იყო და ქართველებმა მაშინ კვიპროსის თასის მოგება შეძლეს.
კვიპროსის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ანორთოსისს 13 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილზეა.









