პრემიერ ლიგის უკანასკნელ ტურში მანჩესტერ იუნაიტედი განადგურდა ნიუკასლთან, ანგარიშით 1:4. საინტერესოა, რომ სერ ალექს ფერგიუსონის წასვლის შემდეგ, ანუ 2013 წლიდან, "წითელმა ეშმაკებმა" ინგლისის ჩემპიონატში რიგით 115-ე შეხვედრა წააგეს.
ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ პრემიერ ლიგის დაარსების პერიოდიდან, რაც იწყება 1992 წლიდან და შოტლანდიელი დამრიგებლის წასვლამდე, "მანკუნიანელებმა" ინგლისის ჩემპიონატში სულ 114 შეხვედრა წააგეს. უცნაურია, იმის გათვალისწინებით, რომ პოსტ-ფერგის ეპოქაში ოლდ ტრაფორდის ბინადრებმა 360 შეხვედრით ნაკლები ჩაატარეს.
შოტლანდიელი მწვრთნელი საშუალო სტატისტიკური მაჩვენებლით მარცხდებოდა ყოველ მეშვიდე მატჩში, მაშინ, როდესაც მისი მემკვიდრეების შედეგები ბევრად ცუდია. მაგალითისთვის შეგვიძლია ავიღოთ რუბენ ამორიმი, რომელიც სტატისტიკურად ყოველ მე-2 შეხვედრას აგებს. სერ ალექსის მიღწევასთან ყველაზე ახლოს იყო ჟოზე მოურინიო, რომლის მარცხი ყოველ 5.5 მატჩში ფიქსირდებოდა.









