ქართველმა მოკრივემ ოლიმპიური ასპარეზობის შესახებ LaGazzetta.ge-სთან ინტერვიუში ისაუბრა:
- ოლიმპიური თამაშების პრიზიორი გახდი, რაც ბევრი მოკრივეს ოცნებაა, რას ნიშნავს ეს შენთვის?
- დაჯილდოებების დროს თითქოს უემოციოდ ვიყავი, თუმცა ვიაზრებდი იმ ყველაფერს, რომ რაზეც წლების განმავლობაში მქონდა ნაფიქრი, ის ამიხდა. თითქოს, ეს ყველაფერი ნანახი მქონდა, მიუხედავად იმისა რომ ჩემპიონი ვერ გავხდი, კვარცხლბეკზე რომ ვიდექი და საქართველოს დროშას ვუყურებდი, ამხელა აუდიტორიის წინაშე, ამდენ ქვეყანას შორის ჩვენი სამშობლოს დროშას ვხედავდი, ამ ყველაფრით ამაყი და ბედნიერი ვიყავი.
- წარბის ტრავმამ რა გავლენა იქონია ნახევარფინალზე?
- მეოთხედფინალში ყაზახი მეტოქე ძალიან უხეში იყო, წარბებზე მეჯახებოდა, რაზეც მსაჯმა გაფრთხილება არ მისცა, რითაც მე საქმე გამირთულა, მოწინააღმდეგეს კი გაუმარტივა და მას კვლავ შეეძლო თავით შემოსვლა და ჩემი დაზიანება. წარბები გამისკდა, რამაც უდიდესი გავლენა იქონია ნახევარფინალზე, მხედველობაზე პრობლემა მქონდა, შენელებული ვიყავი და ჩემი შესაძლებლობების, დაახლოებით, 75 %-ის გამოყენება შევძელი, თუმცა საკმაოდ ღირსეულად ვიბრძოლე, ჩემი ნახევარფინალური მეტოქე, კუბელი ალვარეს ბორხესი, ვისთანაც წავაგე, ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.
- როგორ ფიქრობ, ამ მოცემულობით მეტის გაკეთება შეგეძლო?

- რა თქმა უნდა, მედლის მოპოვება ოლიმპიადაზე მარტივი არ არის, 24 წელი საქართველოს კრივში მედალი არ ჰქონდა ოლიმპიადაზე და პარიზში სწორედ ეს იყო მიზანი, რომ ჩემს ქვეყანას კრივში მედალი ჰქონოდა. ოქრო იყო მიზანი, თუმცა ოლიმპიური თამაშებია, სპორტია და ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც გვინდა. წარბების ტრავმის მიუხედავად, დიდად კმაყოფილი ბრძოლით ვერ ვიქნები, დავინახე რისი შეცვლა შეიძლებოდა, თუმცა ამ დაზიანების გამო მომიწია სტრატეგიის შეცვლა. ეს ჩემთვის იქნება ლექცია, აქამდე გაკვეთილს ვარქმევდი, მაგრამ ეს უკვე ლექციაა.
- ოლიმპიური ბრინჯაოს მიღმა უდიდესი შრომაა, როგორი იყო გზა ოლიმპიურ მედლამდე?
- ეს მედალი არც მომიგია, არც მიყიდია, გადავცვალე, სისხლში და ოფლში, ძალიან ბევრი ოფლი და ნაკლები სისხლი, მაგრამ უდიდესი შრომა დევს ამ ყველაფრის მიღმა. მხოლოდ შრომა არ კმარა, მნიშვნელოვანია სწორი ანალიზი, საკუთარ თავთან უნდა გაანალიზო, დაინახო შეცდომები და იმუშაო გამოსწორებაზე. შეიძლება არასასიამოვნო იყოს საკუთარი შეცდომების აღიარება, თუმცა ამას თუ არ გააკეთებ შენ მინუსებს პლუსად ვერ აქცევ, ამიტომ მე საკუთარ თავს მაქსიმალურად კრიტიკულად, თუმცა ამავდროულად, გაგებით ვუდგები.
- რას ეტყვი ახალგაზრდა და დამწყებ მოკრივეებს?
- დამწყები მოკრივე არის 7-8 წლის ბავშვი და როცა მას ჰკითხავენ რა მიზანი გაქვს, ბავშვმა შეიძლება ზუსტად ვერ თქვას, ამიტომ მშობელმა უნდა მიაწოდოს სწორად რა უნდა, რისკენ მიდის და როცა იცი რა მიზანი გაქვს, რა გინდა და სად მიდიხარ, აუცილებლად იპოვი გზას და მაინც შეძლებ იქამდე მისვლას. გზადაგზა იზრდები, ღმერთიც გეხმარება, ისეთ გარემოში ხვდები, გამოცდები გიწევს, ამ გზაზე შეგხვდება ბევრი იმედგაცრუება, უსამართლობა, ტკივილი, ცრემლები, ყველაფერი, მაგრამ ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი დევიზია “რაც არ გკლავს გაძლიერებს“. გახვედი შეჯიბრზე არ გამოგივიდა? ხომ არ მოკვდი? გინდა და ხედავ შენ მიზანს და გაგაგრძელებ გზას. ასევე ჩავწვდი და დავეთანხმე იდეას, რომ ჩემს ცხოვრებაში რაც ხდება, კარგი ან ცუდი, ყველაფერი ჩემი ბრალია, როცა ეს გავაანალიზე ჩემი ცხოვრება ბევრად სწრაფად წავიდა. თუ დაიწყებ მიზეზების ძებნას, ყოველთვის იპოვი. მაგალითად, მსოფლიოს ჩემპიონატზე რომ მივდიოდი კორონა დამიდასტურდა, რამაც მზადებაში, ბუნებრივია, ხელი შემიშალა. ბრძოლამდე საკუთარ თავს ვუთხარი, თუ კარგად ვერ იჩხუბებ მიზეზი გაქვს, მაგრამ ვინ დაზიანდება ამით? ისევ მე, ვინ მიიღებს შედეგს? ისევ მე, ამიტომ ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული.










