ნაპოლიში ახალი სეზონისთვის მზადება ოფიციალურად დაიწყეს. ანტონიო კონტეს გუნდი პრე-სეზონზე დღეს შეიკრიბა — "პარტენოპეიში" თავისი პირველი ვარჯიში ჩაატარა ახალწვეულმა კევინ დე ბრუინმა, რომელიც ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში იტალიური პრესისა და გულშემატკივრების სასაუბრო თემად იქცა.
ნაპოლის მიერ გავრცელებულ ვარჯიშის ფოტოებში კევინ დე ბრუინს 10-ნომრიანი მაისური აცვია, რამაც საკმაოდ ბევრი კითხვა გააჩინა. როგორც მოგეხსენებათ, ნაპოლიში ეს ნომერი დიეგო არმანდო მარადონას საპატივცემულოდ ხმარებიდან ამოიღეს, შესაბამისად, დე ბრუინის მაისურმა ბევრი შეცდომაში შეიყვანა.
რა მოხდა რეალურად?
კევინ დე ბრუინის 10-ნომრიანი მაისური მხოლოდ სავარჯიშო იყო და ნაპოლიში არ აპირებენ ამ ნომრის დაბრუნებას. 34 წლის ბელგიელი ფეხბურთელი მომდევნო სეზონში გუნდის ახალი 11 ნომერი იქნება, რომელიც წინა სეზონში რომელუ ლუკაკუს ეცვა. რაც შეეხება 32 წლის ფორვარდს, ის დიდი ალბათობით "პარტენოპეის" ახალი 9 ნომერი გახდება.









