2024 წლის ოლიმპიადა სულ რაღაც 10 დღეში იწყება, რამდენიმე საათის წინ კი პარიზში ჩირაღდნის ესტაფეტა დაიწყო, რომელშიც მონაწილეობა ტიერი ანრიმ მიიღო. ვეტერანმა ფეხბურთელმა და ახლა უკვე მწვრთნელმა, ფეხბურთელის რანგში, ოლიმპიადაზე თამაში ვერ მოახერხა - როგორც მოთამაშისთვის, მისთვის ყოველთვის ოცნება იყო ოლიმპიური თამაშების გამოცდილება.
"ეს არის არაჩვეულებრივი, მართლაც რომ დიდი მომენტი! ბედნიერი ვარ და ემოციებით აღსავსე, ოლიმპიადა უდიდესი სპორტული მოვლენაა და მიხარია, რომ ამის მონაწილე მეც ვარ. გუნდი კარგად არის მომზადებული და იმედი მაქვს, კარგი ოლიმპიადა გვექნება", - განაცხადა საფრანგეთის 23-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.
ესტაფეტა ანრიმ დაიწყო, გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ კი ჩირაღდანი თანამემამულე რომანე დიკოს გადასცა, რომელიც წარმოადგენს მასპინძელი ქვეყნის ძიუდოს ნაკრებს.