ევროპა ლიგის მეოთხედფინალში მანჩესტერ იუნაიტედი ლიონის ოლიმპიკს დაუპირისპირდება. ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ინგლისური კლუბის გოლკიპერმა, ანდრე ონანამ, რომელმაც აღნიშნა, რომ "წითელი ეშმაკები" შემადგენლობის სიძლიერის მხრივ რონელებს აღემატებიან.
"ლიონის რამდენიმე ფეხბურთელს პირადად ვიცნობ, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ კონცენტრაცია უნდა მოვახდინოთ არა მოწინააღმდეგე გუნდის მოთამაშეებზე, არამედ საკუთარ თავებზე. რა თქმა უნდა, მოგება არ იქნება მარტივი, მაგრამ მიმაჩნია, რომ მანჩესტერს ოლიმპიკზე ძლიერი შემადგენლობა ჰყავს.
დიახ, ვაღიარებთ, რომ ნამდვილად არ გვაქვს საუკეთესო სეზონი, თუმცა ფაქტია, რომ არის ტიტულის მოგების შანსი და ამ შესაძლებლობის გამოყენებას ვეცდებით", - განაცხადა კამერუნელმა გოლკიპერმა. შეგახსენებთ, რომ "წითელი ეშმაკებისა" და რონელების მატჩი 10 აპრილს გაიმართება.