ვიქტორ ოსიმენი გალათასარაის დასატოვებლად ემზადება. ნიგერიელი ფეხბურთელი სეზონის ბოლოს თურქეთს აუცილებლად დატოვებს, თუმცა უკან, ნაპოლიში დაბრუნდება არ განიხილება. ოსიმენისა და "პარტენოპეის" ისტორია დასრულებულია, შესაბამისად, 26 წლის ფორვარდი ახალ სეზონს, ახალ გუნდში დაიწყებს.
რამდენიმე კვირის წინ როგორც მოგახსენეთ, იუვენტუსი ოსიმენის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს. "ბიანკონერი" ზაფხულში დუშან ვლაჰოვიჩის გაყიდვას გეგმავს და როგორც ირკვევა, ნიგერიელი ფორვარდი #1 სამიზნე იქნება. მხარეებს შორის პირველი კონტაქტი უკვე შედგა, უახლოეს პერიოდში კი ამ პოტენციურ ტრანსფერთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.
რაც შეეხება სხვა დაინტერესებულ კლუბებს, საქმეში არიან ინგლისელებიც — ჩელსისა და მანჩესტერ იუნაიტედის ინტერესი რეალურია, თუმცა ამ მომენტისთვის მეტი არაფერი ხდება. ორივე კლუბისთვის პრიორიტეტული ჯერჯერობით ფეხბურთელების გაყიდვაა. რაც შეეხება საუდის არაბეთს, პრო ლიგის კლუბები ოსიმენის დამატებას სერიოზულად განიხილავენ.
ვიქტორ ოსიმენის მთავარი მოთხოვნა ცნობილია — ნიგერიელი ფეხბურთელი რომელ კლუბშიც არ უნდა გადავიდეს, ხელფასის სახით წელიწადში მინიმუმ €12 მილიონს მოითხოვს. რაც შეეხება ნაპოლის, იტალიელები ფეხბურთელს დაახლოებით €70-80 მილიონად აფასებენ. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად მოსალოდნელია სხვა კლუბების გააქტიურებაც.















