მიუნხენის ბაიერნის ცენტრალური მცველი, მატეის დე ლიხტი ძალიან მალე მანჩესტერ იუნაიტედს შეუერთდება. ნისლიან ალბიონზე აღნიშნულ ტრანსფერს ორაზროვანი რეაქცია მოჰყვა. ნიდერლანდელი უკანახაზელის მაღალი დონე ეჭვქვეშ დააყენეს გრემ სუნესმა, პოლ სქოულზმა და რიო ფერდინანდმა. ერთადერთი ვეტერანი, რომელმაც "წითელი ეშმაკების" მომავალი ცენტრბექის თამაში შეაფასა დადებითად დიტმარ ჰამანი არის.
სუნესი: "დე ლიხტს ევროპის ჩემპიონატზე არ უთამაშია. ის უბრალოდ ნიდერლანდების ნაკრების ნაწილი იყო. ფაქტია, ამ ქვეყნის ეროვნულ გუნდს მასზე უკეთესი უკანახაზელები ჰყავს. მატეისი თამაშობდა იუვენტუსსა და ბაიერნში, მაგრამ ორივე კლუბმა ის გაყიდა - ეს ფაქტი ბევრ რამეზე მეტყველებს. უკვე დიდი ხანია, რაც ნიდერლანდელი ცენტრბექი ვეღარ პროგრესირებს".
სქოულზი: "მანჩესტერი 50 მილიონს მეორეხარისხოვან ცენტრალურ მცველში იხდის. დე ლიხტი არ ყოფილა ბაიერნის სასტარტოს წევრი, მას დაიერმაც აჯობა. რატომ ითვლება მატეისი მაღალი დონის უკანახაზელად? რადგან 3 წლის წინ აიაქსში თამაშობდა კარგად? დღეს, ეს უკვე აღარაფერს ნიშნავს. ნიდერლანდელი ცენტრბექი მოიშორა იუვენტუსმა, შემდეგ კი მიუნხენურმა კლუბმაც".
ფერდინანდი: "დე ლიხტი აიაქსში ძალიან კარგად თამაშობდა, თუმცა ეს დიდი ხნის წინ იყო. უკანასკნელი წლების განმავლობაში მისი თამაში საკმაოდ ორაზროვანია. მატეისი ვერ მოაგვარებს მანჩესტერის პრობლემებს, მაგრამ კლუბი მის სანაცვლოდ 50 მილიონს მაინც იხდის. იმედია ვცდები, მაგრამ ახლა სწორედ ასე ჩანს".
ჰამანი: "დე ლიხტს არ გავუშვებდი არც იუვენტუსიდან და არც ბაიერნიდან. უკანასკნელი თვები რომ ავიღოთ, გერმანულ გუნდში ის საუკეთესო მცველი იყო. მატეისის გვერდით სხვა უკანახაზელებიც უკეთესად თამაშობენ. ჩემს გუნდში ის ძირითად შემადგენლობაში ითამაშებდა. ვნახოთ, რა იქნება მანჩესტერში".