კლაუდიო რანიერი არასდროს მიეკუთვნებოდა იმ მწვრთნელების კატეგორიას, რომლებიც ერთ გუნდში დიდი ხნით ჩერდებოდნენ. ლეგენდარულ სპეციალისტს ყველაზე ხანგრძლივი პერიოდი ლონდონის ჩელსიში ჰქონდა, სადაც ის მუშაობდა 4 სეზონისა (2000-2004) და 199 მატჩის განმავლობაში. გავიხსენოთ, იტალიელი დამრიგებლის მოღვაწეობა "არისტოკრატებში".
ჩელსი რომან აბრამოვიჩის მოსვლამდე
რომას ამჟამინდელი მწვრთნელი ჩელსიში მოღვაწეობდა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც კლუბი ფინანსურად არც ისე ძლიერი იყო. იმ დროს, აბრამოვიჩი და ლონდონური კლუბი ერთმანეთისგან ჯერ კიდევ შორს იყვნენ. ვსაუბრობთ გუნდზე, რომელიც იბრძოდა არა ჩემპიონობისთვის, არამედ მაქსიმუმ ევროთასების საგზურისთვის.
"არისტოკრატების" კოლექციაში იმ დროს მხოლოდ ერთი ჩემპიონობა იყო (1954/1955), რომელიც ათეულობით წლის წინ დაფიქსირდა. მართალია, მშრალი სერიის შეწყვეტა ვერც რანიერიმ შეძლო, მაგრამ "ლურჯები" მის ხელში ახალ საფეხურზე ნამდვილად ავიდნენ. ზედიზედ ორ სეზონში მე-6 პოზიციაზე გასვლის შემდეგ, იტალიელმა სპეციალისტმა თავისი გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე დააბრუნა.
სტემფორდ ბრიჯზე გატარებულ თავის უკანასკნელ სეზონში კი კლაუდიო პრემიერ ლიგის ვიცე-ჩემპიონი გახდა. მის გუნდზე წინ აღმოჩნდა მხოლოდ მეზობელი არსენალი, რომელიც ჩემპიონი წაუგებლად გახდა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჩელსიმ თანაქალაქელთა დამწუხრება მაინც შეძლო, მაგრამ არა პრემიერ ლიგაში, არამედ ჩემპიონთა ლიგაზე.
ლონდონში იმ დროს ბრწყინავდნენ გუნდის მომავალი ლეგენდები - ფრენკ ლამპარდი და ჯონ ტერი, ასევე, უკვე ლეგენდებად ქცეული ჯანფრანკო ძოლა და მარსელ დესაი. ცნობისთვის, "არისტოკრატთა" სპეციალისტი თანამემამულე ფორვარდს ჯერ კიდევ ნაპოლიში მუშაობის პერიოდიდან იცნობდა. ეს ყველაფერი 1991-1993 წლებში ხდებოდა.
73 წლის მწვრთნელი თავისი კარიერის განმავლობაში ხელმძღვანელობდა არაერთ უმაღლესი კლასის თავდამსხმელს - გაბრიელ ბატისტუტას, ალექს დელ პიეროს, ფრანჩესკო ტოტის, დავიდ ტრეზეგეს, ჯეიმი ვარდისა და სხვებს, მაგრამ ყველაზე შედეგიანი მის ხელში დღეს უკვე მივიწყებული ჯიმი ფლოიდ ჰასელბაინკი იყო.
რანიერისა და ნიდერლანდელი თავდამსხმელის თანამშრომლობა ჯერ კიდევ 90-იანების ბოლოს დაიწყო, მადრიდის ატლეტიკოში, შემდეგ კი უკვე "ლურჯებში" გაგრძელდა. იტალიელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით ყველაზე მეტი მატჩი (203) და გოლი (113), სწორედ "როხიბლანკოს" ყოფილმა ფორვარდმა გაიტანა.
რანიერის ქართველი ლეგიონერი
ხსენებულ ვარსკვლავებთან ერთად, რანიერის განკარგულებაში რატი ალექსიძეც იყო. ახალგაზრდა თავდამსხმელი მის გუნდში 2000 წლის ზაფხულში გადავიდა, თბილისის დინამოში გაბრწყინების შემდეგ, მაგრამ პრემიერ ლიგაში დამკვიდრება ქართველმა ფორვარდმა ვერ შეძლო. მის ანგარიშზე იყო მხოლოდ 3 მატჩი და 0 გოლი სტემფორდზე.
რამ განაპირობა ჩელსის ყოფილი თავდამსხმელის ჩავარდნა? ზურგის უმძიმესი ტრავმა, ფსიქოლოგიური პრობლემები და სხვა. წლების წინ, The Athletic-თან ინტერვიუში ყველაფრის შესახებ თავად ლონდონელთა ყოფილმა 27-ე ნომერმა ისაუბრა:
"იმ გუნდში რომ დაიმკვიდრო თავი, ფიზიკურად, მენტალურად და ფსიქოლოგიურად ძლიერი უნდა იყო.
ჩემთვის, ეს ძალიან რთული იყო, ბავშვი ვიყავი. მყავდნენ ძლიერი კონკურენტები - ძოლა, ჰასელბაინკი, გუდიონსენი და სხვები. 100 პროცენტით ჩემი ბრალია, რომ ვერ დავმკვიდრდი ჩელსიში, მეტი პროფესიონალიზმი უნდა გამომევლინა. მეტი თამაში შემეძლო, მაგრამ ეს არ მოხდა. შესაძლოა, მიზეზი ლუდია ან ინგლისელი გოგონები."
"საკმარისად არ მეძინა, ვიცი, რომ ბევრ რაღაცას არ ვაკეთებდი სწორად, თუმცა ძნელია, უცხოელისთვის, რომელიც ჯერ არ არის ჩამოყალიბებული ადამიანი, ყველაფერი სწორად გააკეთოს. მოვკვდი მენტალურად, მქონდა პირადი პრობლემები, ეს მხოლოდ ფეხბურთს არ ეხებოდა. შესაძლოა, შეყვარებულიც ვიყავი.
ვთამაშობდი ცუდად, ვერ ვიღებდი ბურთს წესიერად, დავკარგე კონცენტრაცია, თავში ყველაფერი არეული იყო. ლონდონურ გუნდში მივიღე ზურგის ტრავმა, რომელიც საქართველოს ეროვნულ გუნდში გავირთულე. ოპერაცია სარისკო იყო, შეიძლებოდა ფეხბურთი ვეღარ მეთამაშა. 3 თვე ვარჯიშიც არ შემეძლო, მეშინოდა.
მივედი და ვითხოვე გათავისუფლება, ძალიან კარგად მომექცნენ, დარჩენილი ხელფასიც გადამიხადეს", - ასე იხსენებს 46 წლის ყოფილი თავდამსხმელი "არისტოკრატებში" გატარებულ პერიოდს. ალექსიძემ კარიერის რეანიმირება მისთვის მშობლიურ "ლურჯ-თეთრებში" შეძლო, კარიერის ბოლოსკენ მან უნგრეთის ლიგაშიც ითამაშა.
საბედისწერო მატჩი
როგორც აღვნიშნეთ, "ლურჯებმა" ვერ გაუწიეს კონკურენცია "მეთოფეებს" პრემიერ ლიგაში, თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე ყველაფერი საპირისპიროდ მოხდა - მეოთხედფინალი, პირველ მატჩში დაფიქსირებული 1:1-ის შემდეგ, იტალიელი სპეციალისტის გუნდმა "კანონირებს" სტუმრად 2:1 მოუგო. ყველაფერი უეინ ბრიჯის 87-ე წუთზე გატანილმა ბურთმა გადაწყვიტა.
ჩელსის მოწინააღმდეგე ნახევარფინალში მონაკო იყო, რომელთანაც ინგლისურმა გუნდმა ვერაფერი გააწყო. პირველ შეხვედრაში ფრანგებმა 3:1 მოიგეს, საპასუხო მატჩში კი 2:2 დაფიქსირდა. ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ ლონდონელები პირველი ნახევრის ბოლოსთვის იგებდნენ 2:0-ს და ფინალში გასვლასთან ერთ ნაბიჯში იყვნენ.
"მონეგასკებმა" ორი გოლი გაიტანეს და ჩემპიონთა ლიგის ფინალის საგზურიც მოიპოვეს. ბევრის აზრით, აბრამოვიჩმა კლაუდიოს სწორედ ნახევარფინალიდან გამოვარდნა არ აპატია. სეზონის დასრულების შემდეგ, რუსმა ბიზნესმენმა ლონდონელთა სპეციალისტი გაუშვა, მის ნაცვლად კი მოიყვანა ტაქტიკოსი, რომელმაც ლიგის ფინალში სწორედ "თეთრ-წითლებს" მოუგო.
საუბარია ჟოზე მოურინიოს შესახებ, რომელმაც "არისტოკრატებში" ახალი ეპოქა დაიწყო. აღსანიშნავია ისიც, რომ მისი გუნდი სწორედ 73 წლის სპეციალისტის ფუნდამენტზე იქნა აგებული. რანიერიმ მოგვიანებით არაერთ კლუბი მოიარა, 2010-იანების შუა პერიოდში კი მოხვდა ლესტერში, სადაც ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სასწაული შემოგვთავაზა.