ლუკა მოდრიჩი ტოვებს მადრიდის რეალს, რაც ნიშნავს იმას, რომ მომავალი სეზონიდან გუნდს ახალი ათიანი ეყოლება. აღნიშნული ნომრის შემდეგი მფლობელი იქნება კილიან მბაპე, რომლის 9-დან 10 ნომერზე გადასვლა "სამეფო კლუბში" ახალი ეპოქის მომასწავებელი უნდა გახდეს.
სანტიაგო ბერნაბეუს ბინადრების თავდამსხმელის წინაშე დგას საინტერესო გამოწვევა - ის უნდა გახდეს პირველი დიდი ფრანგი ათიანი რეალის ისტორიაში. დიახ, ამ კლუბს ჰყოლია არაერთი ლეგენდარული მე-10 ნომერი, მაგალითისთვის ზემოთხსენებული ხორვატი ფლეიმეიქერი, ლუიშ ფიგუ, კლარენს ზეედორფი, მიქაელ ლაუდრუპი, ფერენც პუშკაში და სხვები, მაგრამ "მამლების" წარმომადგენელი მათ შორის არავინ ყოფილა.
მადრიდელთა დიდი ფრანგები რომ გავიხსენოთ - ზინედინ ზიდანი და ქარიმ ბენზემა, ისინი სხვა ნომრებით ასპარეზობდნენ. რაც შეეხებათ უშუალოდ ფრანგ მე-10 ნომრებს, ასეთი "სამეფო კლუბის" ისტორიაში იყო 3: ჟან ლუსიანო (1950/51), რაიმონდ კოპა (1956/57) და ლასანა დიარა (2009/11).
დიახ, კოპამ სანტიაგო ბერნებეუზე დატოვა დიდი სახელი, თუმცა ათიანით მან ითამაშა მხოლოდ ერთი სეზონი, ლუსიანომ და დიარამ კი ესპანელ ქომაგებს თავი ვერაფრით დაამახსოვრეს. როგორც ვხედავთ, საფრანგეთის ეროვნული გუნდის ამჟამინდელი კაპიტანი მართლაც დიდი გამოწვევის წინაშე დგას.
აქვე დავამატებთ, რომ 26 წლის თავდამსხმელისთვის ათიანით ასპარეზობა სიახლე სულაც არ იქნება. ის უკვე წლებია, რაც აღნიშნული ნომრით "მამლებში" თამაშობს. ვნახოთ, როგორი იქნება "დონატელოს" თავგადასავალი ჩაბი ალონსოს გუნდში ახალი ნომრით.









