მანჩესტერ იუნაიტედის არსებული ფორმა და პრობლემები ბრიტანული პრესის სასაუბრო თემად სულ რჩება. გამოცემები ძირითადად რუბენ ამორიმზე წერენ, თუმცა არის შემთხვევები როცა კონკრეტულ ფეხბურთელებზეც ბევრი იწერება.
ამ სტატიაში ჯოშუა ზირკზეზე ვისაუბრებთ, რომლისთვისაც გასული სეზონის შემდეგ სიტუაცია დიდწილად არ შეცვლილა. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, მოსალოდნელი იყო, რომ ნიდერლანდელი ფორვარდი გუნდს აუცილებლად გამოიცვლიდა, თანაც ამ ყველაფერს შემდგომში 3 ახალი შემტევის დამატებაც მოჰყვა, თუმცა რუბენ ამორიმმა 24 წლის ფორვარდის შენარჩუნება გადაწყვიტა და მისი ტრანსფერიც გამოირიცხა.
ზემოხსენებული გადაწყვეტილების შემდეგ, ჯოშუა ზირკზე იმედოვნებდა, რომ სიტუაცია რადიკალურად შეიცვლებოდა და ახალ სეზონში გაზრდილ სათამაშო დროს მიიღებდა, თუმცა როგორც ვხედავთ არაფერი შეცვლილა — ნიდერლანდელ ფორვარდს თამაშის საშუალება თითქმის არ ეძლევა. ბრიტანული პრესის ინფორმაციით, ჯოშუა ზირკზეს სათამაშო დრო უახლოეს 3 თვეში თუ არ მოიმატებს, ნიდერლანდელი მანჩესტერ იუნაიტედს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს აუცილებლად დატოვებს. 24 წლის ფეხბურთელს მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობა სურს, შესაბამისად, მისთვის პრიორიტეტი თამაშია და არა სათადარიგოთა სკამზე ჯდომა.
უახლოეს თვეებში ჯოშუა ზირკზეს პოტენციურ ტრანსფერთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი. 24 წლის ფორვარდის სიტუაციას ევროპული კლუბები ყურადღებით აკვირდებიან.















