2025 წლის ევროპის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლსა და პლეი-ოფში 2002 და მომდევნო წლებში დაბადებული ფეხბურთელები თამაშობენ.
გამართული 10 მატჩიდან რამაზ სვანაძის გუნდმა 6 შეხვედრა მოიგო, 1 მატჩი ფრედ დაასრულა, 3 შემთხვევაში კი დამარცხდა. ჩვენმა ნაკრებმა C ჯგუფის ლიდერ ნიდერლანდებს ორივე მატჩში ვერაფერი მოუხერხა (0-3, 3-1), ხოლო მესამე მარცხი შვედეთის წინააღმდეგ, სტუმრად განიცადა (3-2).
საბოლოო ჯამში, საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა 10 მატჩში 14 გოლი გაიტანა, 10 გოლი კი გაუშვა.
▶️ საქართველო 2-0 გიბრალტარი (6 სექტემბერი, 2023);
▶️ მოლდოვა 0-1 საქართველო (12 სექტემბერი, 2023);
▶️ საქართველო 0-3 ნიდერლანდები (12 ოქტომბერი, 2023);
▶️ საქართველო 0-0 შვედეთი (17 ოქტომბერი, 2023);
▶️ ჩრდ. მაკედონია 0-1 საქართველო (16 ნოემბერი, 2023);
▶️ გიბრალტარი 0-2 საქართველო (26 მარტი, 2024);
▶️ საქართველო 3-0 მოლდოვა (5 სექტემბერი, 2024);
▶️ ნიდერლანდები 3-1 საქართველო (9 სექტემბერი, 2024);
▶️ შვედეთი 3-2 საქართველო (10 ოქტომბერი, 2024);
▶️ საქართველო 2-1 ჩრდ. მაკედონია (15 ოქტომბერი, 2024).
საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა 5 საშინაო შეხვედრიდან: 3 მატჩი ბათუმში, ხოლო 2 შეხვედრა ქუთაისში ჩაატარა. ქუთაისმა საკვალიფიკაციო ეტაპის როგორც პირველ (გიბრალტართან), ასევე, დასკვნით დაპირისპირებას (ჩრდ. მაკედონიასთან) უმასპინძლა.
ტურნირის დებულების მიხედვით, 2025 წლის ევროპის 21-წლამდე ნაკრებების ჩემპიონატზე, საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპიდან (მასპინძელი სლოვაკეთის გარდა) პირდაპირ მოხვდა 9 ჯგუფის გამარჯვებული ნაკრები და 3 საუკეთესო მეორეადგილოსანი, ხოლო დარჩენილი 6 მეორეადგილოსანი გუნდი ერთმანეთში, წყვილად 2-მატჩიან პლეი-ოფს ითამაშებს და ბოლო 3 საგზური სწორედ ამ გზით გადანაწილდება.
ისტორიულ პლეი-ოფში საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მეტოქე ხორვატია იქნება. პლეი-ოფში გუნდები 2 მატჩს გამართავენ. ჩვენი ნაკრები პირველ დაპირისპირებას 15 ნოემბერს, საკუთარ მოედანზე ითამაშებს, ხორვატიაში კი 19 ნოემბერს ჩავა.
2025 წლის ევროპის 21-წლამდე ნაკრებების ჩემპიონატზე: დანია, ინგლისი (მოქმედი ჩემპიონი, რომელმაც 2023 წელს ტიტული საქართველოში აღმართა), საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვაკეთი (მასპინძელი), სლოვენია, ესპანეთი და უკრაინა უკვე გავიდნენ.
2025 წელს, 21-წლამდე ნაკრებების ევროპის ჩემპიონატი 11-28 ივნისს, სლოვაკეთში შედგება.
შენიშვნა: მასალაში გამოყენებულია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ფოტოები