წიგნის დაწერის იდეა მაშინ გაჩნდა, როცა ჩემპიონი ილია თოფურია სამშობლოში მშობლებთან ერთად დაბრუნდა. ინგა ბენდელიანი-თოფურიას ისტორიის მთხრობელი გიორგი კეკელიძე გახდა, პროექტის მხარდამჭერი კი - SMH Sports-ი.
“დედა და ილია,” - რამდენიმე დღეში ამ სათაურით და რთული ცხოვრების მავთულხლართებით სავსე გზის გამარჯვებულ გაგრძელებაზე ქართველი მკითხველი წიგნს იხილავს. ბიოგრაფიულ ლიტერატურაში, UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონის, ილია თოფურიას დედის ცხოვრებაა გადმოცემული, აფხაზეთიდან - ალიკანტემდე. ინგა ბენდელიანი-თოფურიას, რთული, ბრძოლით სავსე გზა და დაკარგული აფხაზეთის დაბრუნების იმედი, გიორგი კეკელიძემ ერთ წიგნში გააერთიანა.
წიგნი მომავალში ინგლისურ და ესპანურ ენებზე გამოიცემა.
ვიდრე წიგნი მკითხველისთვის ხელმისაწვდომი იქნება, ჩემპიონის დედა ინგა ბენდელიანი-თოფურია და წიგნის ავტორი გიორგი კეკელიძე La Gazzetta dello Sport Georgia-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობენ:
- ქალბატონო ინგა, წიგნის წერა დასრულებულია და ელოდებით საქართველოში პრეზენტაციას, რა იყო თქვენი მთავარი გზავნილი და რამდენად აისახა ეს გზავნილი წიგნში სწორედ ისე, როგორც თქვენ წარმოგედგინათ?
- წიგნის წერა დასრულებულია და მოუთმენლად ველოდები პრეზენტაციას. ჩემთვის ამაღელვებელი იყო მუშაობის პროცესი გიორგი კეკელიძესთან, რამეთუ თავიდან მომიწია ყველა ემოციის განცდა და იმ ტკივილზე საუბარი, რაც ჩემშია, თითქოს ამ მომენტს ველოდებოდი, რომ ყველაფერზე სწორედ მწერალთან მელაპარაკა.
- ქართველი მკითხველისგან რა მოლოდინი გაქვთ?
- ქართველი მკითხველი, ყველაზე სწორად გაიგებს ყველა ემოციას, ტკივილს, სიხარულსა და წარმატების ფასს. ყველაზე სწორად აწონის, იმ გზას, რომელიც გავიარე, ბედნიერი ცხოვრებიდან - დევნილის სტატუსამდე, დევნილობიდან - ემიგრანტობამდე.
- თქვენი აზრით, განსაკუთრებით ვისთვის იქნება აღნიშნული წიგნი საინტერესო?
- აღნიშნული წიგნი საინტერესო იქნება, და ასეცაა გათვლილი, ყველა ასაკის ადამიანისთვის. ახალგაზრდებისთვის იმიტომრომ გაიგონ, თუ რა რთული 90-იანი წლები გამოიარა საქართველომ, ის რომ არ აქვს მნიშვნელობა ვისი შვილი ხარ, თუ გინდა წარმატებას მიაღწიო, არასოდეს დანებდე და აუცილებლად იქნები წარმატებული, როგორც ადამიანი. ჩემს თაობას, უფროსებს კი კიდევ ერთხელ შეახსენებს, რომ აფხაზეთი საქართველოა, იმედს მისცემს, რომ ჩვენ დავბრუნდებით. ვიდრე გვტკივა, გვახსოვს, იმედი არასოდეს კვდება.
- თუ გეგმავთ თქვენი ცხოვრების შესახებ თხრობის გაგრძელებას, მორიგ წიგნს ხომ არ უნდა ველოდოთ?
- სათქმელი კიდევ ბევრი მაქვს. არ გამოვრიცხავ, რომ კიდევ გავაგრძელო საინტერესო თემებზე თხრობა. თუნდაც ის, რომ შემიძლია ბევრ მშობელს ჩემი გამოცდილება გავუზიარო. ბევრი ახალგაზრდისთვის მაქვს უამრავი რამ სათქმელი, რამეთუ მე 21 წლის ასაკში გავხდი დევნილი და დღეს ვარ UFC-ის ორი მებრძოლისა და ორი წარმატებული გოგოს დედა. ეს ყველაფერი ბრძოლის, შრომისა და საკუთარი ძალებში დარწმუნების ფასად მივიღე.

გიორგი კეკელიძე გვეუბნება, რომ მთავარი გმირი ინგა ბენდელიანი-თოფურია წიგნის თანაავტორია, მკითხველი კი ილია თოფურიას ცხოვრების უცნობ დეტალებსაც გაიგებს:
- რამდენ ხანს გაგრძელდა წიგნის წერის პროცესი და საბოლოოდ, რა შეგიძლიათ თქვათ?
- წიგნზე ხუთი თვე ვმუშაობდი. წიგნში მოთხრობილია ილია თოფურიას დედის, ინგა ბენდელიანი-თოფურიას, დაუჯერებელი ცხოვრების ისტორია, რომელიც აფხაზეთიდან იწყება და ილიას ისტორიული გამარჯვებით გვირგვინდება. ეს არის ერთგვარი მოკლე საგა დიდი და დრამატული ამბებით - სოხუმი - ჭუბერი - რუსთავი - ჰალე - რუსთავი - ალიკანტე - კალიფორნია. შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ დანებების, ფსკერის მოსინჯვისა და მწვერვალზე ასვლის ამბავია, რომელიც ერთი მხრივ ჩვენს მეხსიერებას გააღვიძებს და მეორე მხრივ, არაერთ ადამიანს მისცემს ძალას.
- რას გაიგებს ახალს მკითხველი ილია თოფურიას შესახებ?
- წიგნის მთავარი გმირი ილიას დედაა. თუმცა და შესაბამისადაც - ტექსტში ილიას ბიოგრაფიის ხაზი არ არის მეორეხარისხოვანი - მისი დაბადება, ბავშვობა - გერმანიაში, ესპანეთში და საქართველოში, კერძოდ რუსთავში. სპორტული გზა. და-ძმები და მამა. ბებია-ბაბუა. მათი როლი. დასამახსოვრებელი ეპიზოდები.
- რით გამოარჩევდით ამ წიგნზე მუშაობას?
- ალბათ იმით, რომ წიგნს რეალურად თანაავტორი ჰყავს და ის ამ ტექსტის მთავარი გმირია. მე და ქალბატონი ინგა დიდწილად დისტანციურად, ვიდეო-ჩართვებით ვმუშაობდით და მთავარი მოსამზადებელი ეტაპი, უკვე ესპანეთში, ალიკანტეში დასრულდა. ეს იყო საკმაოდ რთული და ამავდროულად, ძალიან სასიამოვნო პერიოდი.
- წიგნიდან რომელ ეპიზოდს გამოყოფთ?
- ალბათ მაინც აფხაზეთის და მერე უკვე ჭუბერის ეპიზოდს, სადაც სხვა არაერთი დევნილის მოგონებაა ჩართული. ვფიქრობ, ეს ნაწილი, ბევრისთვის ამაღელვებელი და საგულისხმო იქნება.
- რას ფიქრობთ, რას ფიქრობთ, წიგნი როგორ გავლენას მოახდენს მკითხველზე?
- ვფიქრობ, რომ წიგნი ,,განწირულია" ,,ბესტსელერობისთვის" და ეს, ცხადია, დიდწილად სწორედ ქალბატონი ინგას დაუჯერებელი ბიოგრაფიის დამსახურებაა - აფხაზეთი, ომი, სისხლი, ჭუბერი, დევნილობა, ორგზის ემიგრანტობა, ჩემპიონი შვილი - უამრავი მიზეზი არსებობს ამ წიგნის წაკითხვის. მკითხველისთვის ეს საქართველოს უახლესი ისტორიისთვის თვალის ხელახლა გადავლება და სულაც, გაცნობაა - ახალი თაობისთვის, მაგალითად.

SMH Sports-ი ექსკლუზიურად თანამშრომლობს მსოფლიო სპორტულ ბრენდებთან, როგორებიცაა: La Gazzetta dello Sport, Esports Insider, Setanta Sports, SBC Gaming და სხვა.
SMH Sports-ი უწევს სპორტულ მარკეტინგულ და საკონსულტაციო მომსახურებას მსოფლიო დონის სპორტსმენებს, სპორტულ კლუბებსა, თუ ფედერაციებს.
SMH Sports-ი ქართული სპორტის აქტიური მხარდამჭერია.











