გიორგი კეკელიძის ავტორობით გამოცემული წიგნი - “დედა და ილია” გვიყვება სოხუმი - ჭუბერი - რუსთავი - ჰალე - რუსთავი - ალიკანტე - კალიფორნია, - რთული გზისა და გამარჯვებამდე მისული ბრძოლის ამბავს.
SMH Sports-ის პროექტი ახალ ეტაპზე გადადის. კომპანიამ გიორგი კეკელიძესთან და ინგა ბენდელიანი-თოფურიასთან ერთად, პარტნიორული შეთანხმება გააფორმა, მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს ესპანურ Grupo Planeta-სთან, რომელიც გამოსცემს წიგნს ესპანურ და კატალონიურ ენებზე. შესაბამისად, “დედა და ილია” უახლოეს მომავალში ესპანურენოვან ქვეყნებში იქნება ხელმისაწვდომი.
“დადა და ილიას” საქართველოში მიღწეული წარმატებისა და წიგნის საერთაშორისო ასპარეზზე წარდგენის შესაძლებლობის შესახებ SMH Sports-ის დამფუძნებელმა, ლაშა მაჭავარიანმა, ინგა ბენდელიანმა-თოფურიამ და გიორგი კეკელიძემ ისაუბრეს:
ლაშა მაჭავარიანი: “ძალიან მოხარულები ვართ, რომ მორიგი წარმატებული პროექტი განვახორციელეთ. “დედა და ილიამ” საქართველოში განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა, თავისი შინაარსითა და იდეით. წიგნში გადმოცემული ისტორია და ჩემპიონობამდე მისული გზა მკითხველისთვის სამოტივაციო ხასიათსაც ატარებს. მოგეხსენებათ, ესპანურენოვანი აუდიტორია მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ძალიან მრავალრიცხოვანია, რაც წიგნს საერთაშორისო ასპარეზზე შესაძლებლობას მიცემს მრავალი ადამიანისთვის გახდეს ხელმისაწვდომი. Grupo Planeta-ს ინტერესი და თანამშრომლობა დასტურია იმისა, რომ წიგნის მიმართ ინტერესი ესპანეთში ძალიან დიდია. ესპანურ და კატალონიურ ენებზე წიგნის გამოცემა კი შესაძლებლობას იძლევა სრულიად ესპანეთის მოსახლეობისთვის იყოს “დედა და ილია” ხელმისაწვდომი.”
წიგნის წარმატებისა და ესპანური მოლოდინის შესახებ Lagazzetta.ge-სთან წიგნის ავტორმა, გიორგი კეკელიძემ ისაუბრა:
- პირადად თქვენთვის, მწერლისთვის რას ნიშნავს ასეთ მასშტაბებზე გასვლა?
- ჩემი წიგნები, ცხადია, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში გამოცემულა, თუმცა Grupo Planeta მსოფლიოს უდიდესი ესპანურენოვანი ჰოლდინგი და გამორჩეული ბრენდია, რომელიც ბევრ ქვეყანას მოიცავს და ცხადია, უკიდურესად საინტერესოა, როგორ შეხვდება ამ ნაწარმოებს უზარმაზარი აუდიტორია.

- თუ გავითვალისწინებთ პარალელურ მოვლენებს ქვეყანაში და დიდ ტურბულენტობას, წიგნის წარმატება მართლაც მოულოდნელი გამოდგა. ყოველდღიურად მეც და წიგნის გმირები ათობით ამაღელვებელ წერილს ვიღებთ. ეს დიდწილად ამ საოცარი ისტორიის დამსახურებაა და იმ კონტექსტების, რომელიც ტექსტის საყრდენია - ომი, ოკუპაცია, სისხლი, დევნილობა, ემიგრაცია, გადარჩენა და გამარჯვება.
- წიგნში საუბარია ოკუპაციაზე, ომზე და მავთულხლართებს მიღმა დარჩენილ საქართველოზე, - ქართული აუდიტორიისთვის სენსიტიურ თემებზე, როგორ მიიღებს ამას ესპანელი მკითხველი?
- ესპანელი მკითხველი გაეცნობა მსოფლიოს ჩემპიონის დედის დაუჯერებელ თავგადასავალს, რომელიც ერთგვარად ჩვენი ქვეყნის უკანასკნელი 30 წლის ისტორიას გულისხმობს. ცხადია, ეს ყველაფერი ილიას ტრიუმფით გვირგვინდება. უნდა აღვნიშნოთ ტექსტში ჩართული მონათხრობები იმ ადამიანებისა, რომელთაც ჭუბერის გზა გამოიარეს. ვფიქრობ, მსოფლიოს ამ ტკივილს მცირედით მაინც გავაცნობთ.
- წიგნის ესპანურ ენაზე გამოცემა ნიშნავს, წვდომას უდიდეს აუდიტორიაზე, არამარტო ესპანეთში, არამედ მთელ მსოფლიოში, “დედა და ილია” შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოდან მსოფლიოსთვის გზავნილია…
- გარკვეულწილად კი. ვფიქრობ ამგვარი პლატფორმების გამოყენება, არათუ სასურველი, აუცილებელიც გახლავთ. ყველამ საკუთარი საქმით და ხელობით უნდა დავანახოთ მსოფლიოს ჩვენი ძალაც და სატკივარიც.
- წარმოუდგენლად დიდი ინტერესია. ბევრი ქალაქიდან გვწერენ. ინტერესის ერთი მიზეზი, ალბათ ისიცაა, რომ წიგნი ემიგრირებულ ოჯახზე, რომელმაც ბევრ განსაცდელს გაუძლო და გადალახა.
აღიარება საქართველოში, შეხვედრა ქართველ მკითხველთან და წვდომა ესპანურ აუდიტორიაზე, - “დედა და ილია” გიორგი კეკელიძემ ილია თოფურიას დედის, ინგა-ბენდელიანი_თოფურიას მონათხრობითა და ჩანაწერების მიხედვით, დაწერა. ილიას დედისთვის ქართველ მკითხველთან შეხვედრა განსაკუთრებით ემოციურია და LaGazzetta.ge-სთან საუბარში აცხადებს რომ წიგნში გადმოცემული თემები აქტუალურია ესპანური აუდიტორიისთვისაც:

- “დედა და ილია” საქართველოში ძალიან პოპულარული წიგნია, წიგნის პრეზენტაციებზე მკითხველთა განსაკუთრებული აქტიურობა იყო, პირადად თქვენ რას გეუბნებოდნენ ქართველი მკითხველები და რას ნიშნავს თქვენთვის მათთან შეხვედრა?
- ქართველი მკითხველები განსაკუთრებული ემოციებით მიღებდნენ და ძალიან გულწრფელი შთაბეჭდილებებით მიზიარებდნენ თავიანთ განცდებს. მათი სიტყვებში აღტაცებას, თანაგრძნობასა და დაფასებას ვგრძნობდი. ქართველებისთვის “დედა და ილია” არა მხოლოდ წიგნი, არამედ ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტების ამსახველი ქართული რეალობაა. ასეთი შეხვედრები ჩემთვის ყოველთვის შთამაგონებელია, რადგან მკითხველებთან პირდაპირი კონტაქტი და მათი ემოციების გაზიარება განსაკუთრებული პატივია.
- წიგნის ესპანურ ენაზე გამოცემა იგეგმებოდა, თუმცა "დედა და ილიას" წარმატებამ ეს პროცესი დააჩქარა?
- ნამდვილად, “დედა და ილიას” წარმატებამ, მსოფლიოში ცნობილ ესპანურ გამოცემა Grupo Planeta-სთან დაკავშირებული პროცესები დააჩქარა. წიგნზე მოთხოვნამ და მისი თემა ინტერესის საგნად აქცია, რაც უცხოენოვან მკითხველთან ურთიერთობას ბუნებრივად გაამარტივებს.
- "დედა და ილია" სხვადასხვა თემატიკას მოიცავს, - ოკუპაცია, ომი, ტრაგედია, დედის განცდები, ბრძოლა და გამარჯვება, რას ფიქრობთ, რა იქნება ყველაზე უფრო ახლო ესპანელი მკითხველისთვის?
- ესპანელი აუდიტორია ძალიან თბილად და გულწრფელად იღებს ემოციურ და მოტივაციურ ისტორიებს. ილია, როგორც ძლიერი და გამორჩეული ფიგურა, მათთვის ინსპირაციის წყაროა. ჩემი შთაბეჭდილებით, ესპანელი მკითხველები ელოდებიან არა მხოლოდ კონკრეტულ ისტორიას, არამედ ისეთ გამოცდილებას, რომელიც მათ პირადად დააკავშირებს ამ წიგნის გმირებთან.
- "დედა და ილია" მკითხველის ნაწილისთვის, ასევე ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის, მოტივაციის წყაროდ იქცა, ამ ამბის წიგნად ქცევის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ეს იყო?
- ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რომ “დედა და ილია” წიგნად იქცა, ნამდვილად იყო მოტივაციის, შთაგონების, ბრძოლისუნარიანობისა და სიძლიერის მაგალითის მიწოდება. ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის და მკითხველების ფართო წრისთვის ეს ნამუშევარი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება დაძლიონ სირთულეები და იპოვონ ძალა ცხოვრების რთულ ეტაპებზე.
ბესთსელერად ქცეული “დედა და ილია” საქართველოში, მაღაზიათა ქსელ “ბიბლუსსა” და veli.store-ზე ოქტომბრიდან იყიდება.











