დღეს 17:00 საათზე “თბილისი არენაზე” საქართველოს ხელბურთის ეროვნული ნაკრები მნიშვნელოვან მატჩს გამართავს. ჩვენი გუნდი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მორიგ შეხვედრაში საბერძნეთს უმასპინძლებს.
იმისთვის რომ საქართველოს ნაკრებს 2026 წლის ევროპირველობის საგზური გარანტირებული ჰქონდეს მინიმალური ანგარიშით გამარჯვებაც საკმარისია.
რაც შეეხება სატურნირო მდგომარეობას, 2026 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-3 ჯგუფში საქართველო 4 ქულით მეორე ადგილზეა, პირველი ისლანდიაა (10 ქულა),შემდეგ ბოსნია და ჰერცეგოვინა (2) და საბერძნეთია (2). საკვალიფიკაციო 8 ჯგუფიდან 2-2 საუკეთესო ნაკრებთან ერთად, 2026 წლის ევროპის ჩემპიონატზე 4 საუკეთესო მესამეადგილოსანიც იასპარეზებს. საქართველოს ნაკრები საბერძნეთთან გამარჯვების შემთხვევაში, პირდაპირ გავა ჯგუფიდან, რაც ისტორიული მიღწევა იქნება. 2024 წლის ევროპირველობაზე ჩვენი გუნდი საუკეთესო მესამეადგლიოსანის სტატუსით მოხვდა.
საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში 2 მატჩი ბოსნიას და ჰერცეგოვინას მოუგო, 13 მარტს თბილისში 28:26 გაიმარჯვა ჩვენმა გუნდმა, 16 მარტს კი სტუმრად 20:22 დაამარცხა მეტოქე.რაც შეეხება ჯგუფის პირველ მატჩს, გასული წლის 6 ნოემბერს საქართველომ საბერძნეთთან სტუმრად დაძაბული ბრძოლა მინიმალური ანგარიშით, 27:26 წააგო.10 ნოემბერს, კი ჯგუფის ლიდერ ისლანდიასთან მატჩი 25:30 დათმო.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
საბერძნეთთან მატჩამდე საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ტიტე კალანდაძემ La Gazzetta dello Sport Georgia-სთან ინტერვიუში ისაუბრა და აღნიშნა, რომ გუნდში საბრძოლო განწყობაა, ასეთი მნიშვნელოვანი თამაში საქართველოს არ ქონია. რაც შეეხება შემადგენლობას, მთავარი მწვრთნელის თქმით, ცვლილებები არ იქნება, ტრავმის გამო გუნდს ვერ დაეხმარება ხაზეინ რუსტამოვი და ნიკოლოზ კალანდაძე.
"თამაშიდან - თამაშამდე ვიზრდებით, რაც იმედის მომცემია. დიდ ცვლილებებს არ ვგეგმავთ. იგივე გუნდი ვიქნებით. საბერძნეთი უძლიერესი ნაკრებია, ძლიერი ხელბურთელებით დაკომპლექტებული. გამოცდილები არიან, თუმცა ჩვენ ქართული ჟინით ვართ, ვაღიარებ ჩვენზე წინ არიან. პირველმა თამაშმა გვიჩვენა, რომ ჩვენ სტუმრად მოგებაც შეგვეძლო, ისინი მოედანზე მაქსიმუმს აკეთებენ და ჩვენ თუ მაქსიმუმი გააკეთეთ, ვფიქრობ, უძლურები იქნებიან.
შემიძლია გითხრათ, რომ ასეთი გადამწყვეტი თამაში ჯერ არ გვქონია. მთელი ქვეყანა ელოდება ამ მატჩს. როგორც ფინალი ისეთივეა, ძალიან ახლოს ვართ, ერთი ბურთით გამარჯვებაც ნიშნავს, ევროპის ჩემპიონატის საგზურს,"- განაცხადა ტიტე გალანდაძემ.
ლეგიონერები სანაკრებო პაუზამდე
რაც შეეხება ჩვენი გუნდის ლეგიონერებს, სანაკრებო პაუზამდე კლუბებში დამაჯერებლად ითამაშეს და ნაკრებს ოპტიმალურ ფორმაში შემოუერთდნენ.
საქართველოს ნაკრების გამორჩეულმა ხელბურთელმა, გიორგი ცხოვრებაძემ „გუმერსბახის“ შემადგენლობაში სტუმრად „ლემგოს“ წინააღმდეგ ითამაშა. ქართველმა თავისი გუნდიდან ყველაზე მეტი, ექვსი გოლი გაიტანა, თუმცა "გუმერსბახმა" 26:35 წააგო.
ხუთი გოლი გაიტანა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, თეიმურაზ ორჯონიკიძემ
ჩრდილოეთ მაკედონიის პირველობის საჩემპიონო ჯგუფის მატჩში. ქართველი „ოჰრიდმა“ „სკოპიესთან“ 29:31 წააგო.
რუმინეთის ჩემპიონატის ლიდერების მატჩში ლიდერმა ბუქარესტის „დინამომ“ მეორეადგილოსან „ტურდას“ უმასპინძლა და 42:30 დაამარცხა. „ტურდას“ შემადგენლობაში ირაკლი კბილაშვილის ანგარიშზე ორი გოლი და ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა.
სერბეთის ჩემპიონატის პლეი ოფში, მეოთხედფინალის საპასუხო შეხვედრაში, მირიან გავაშელიშვილმა „მეტალოპლასტიკამ“ „რადნიჩკს“ უმასპინძლა, 27:25 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. ქართველმა ერთი გოლი გაიტანა.
საქართველო VS საბერძნეთი
საქართველოს ხელბურთის ნაკრები ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას 11 მაისს რეიკიავიკში ისლანდიის წინააღმდეგ გამართვას.
შეგახსენებთ, საქართველო VS საბერძნეთის მატჩი დღეს თბილისი არენაზე (უნივერსიტეტის ქუჩა 15ა) 17:00 საათზე დაიწყება, დასწრება თავისუფალია, დარბაზში შესვლა 15:30 საათიდან იქნება შესაძლებელი.









