ფიფას პროექტის, "ფიფა არენას“ ფარგლებში სფფ-ის ვარკეთილის საფეხბურთო ცენტრში განახლებული მოედანი გაიხსნა.
ღონისძიებას სხვა ოფიციალურ სტუმრებთან ერთად, ფიფას წევრი ასოციაციების ხელმძღვანელი ელხან მამადოვი და პროექტის "ფეხბურთი სკოლებში" მენეჯერი ნიკო ნუვანასაკი დაესწრნენ.
გავრცელდა ფიფა-ს პრეზიდენტის ჯანი ინფანტინოს ვიდეო მიმართვა, სადაც აღნიშნავს, რომ ეს პროექტი მილიონობით ბავშვების ცხოვრებას შეცვლის:
"ვულოცავ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას და პრეზიდენტ ლევან კობიაშვილს. საქართველო ერთ-ერთია იმ პირველი 11 ქვეყნიდან, რომლებიც ოფიციალურად წარადგენენ "ფიფა არენას" მინი-მოედანს.ეს არის პროექტი, რომელიც მილიონობით ბავშვის ცხოვრებას შეცვლის. ყველა ბიჭი და ყველა გოგონა იმსახურებს ფეხბურთის თამაშის შესაძლებლობას. ისინი იმსახურებენ უსაფრთხო სივრცეს თამაშის სწავლისა და განვითარებისთვის. სწორედ ეს არის პროექტის „ფიფა არენა“ ჩანაფიქრი. ეს არის თქვენი საჩუქარი ქართველი ბავშვებისთვის. თქვენ პირველები ხართ, თუმცა, მალე თქვენ ბევრი სხვა ქვეყანაც შემოგიერთდებათ. ჩვენი მიზანია მსოფლიოს მასშტაბით სულ მცირე 1000 ახალი მოედნის მოწყობა. „ფიფა არენას“ გუნდი უზრუნველყოფს, რომ მომავალ თაობებს, განსაკუთრებით კი ქალაქში და სოფლად მცხოვრებ დაუცველ ბავშვებს ფეხბურთის თამაშის საშუალება მიეცემათ. გისურვებთ წარმატებას და იმედი მაქვს, რომ იხალისებთ ფეხბურთის თამაშით"
ფიფას წევრი ასოციაციების ხელმძღვანელმა, ელხან მამადოვმა ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მიმართა, სფფ-ის მადლობა გადაუხადა და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა:
" ფიფას სახელით ჩვენ მოხარული ვართ აქ ყოფნით და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან თანამშრომლობით. გვსურს, ვისარგებლოთ ამ მომენტით და მადლობა გადავუხადოთ ფეხბურთის ფედერაციას - პრეზიდენტ ლევან კობიაშვილს, გენერალურ მდივან დავით მუჯირს და სფფ-ის ადმინისტრაციას. ჩვენ უმოკლეს პერიოდში შევძელით ამ მოედნის მოწყობა.მოგეხსენებათ, რომ პროექტი „ფიფა არენა“ ჯანი ინფანტინოს მიერ შარშან იქნა გამოცხადებული. მისი მიზანია მსოფლიოს მასშტაბით 1000 მინი მოედნის მოწყობა. სამი თვის წინ ჩვენ გამოვაცხადეთ პირველი 11 ბენეფიციარი ქვეყანა, და დღეს ეს პროექტი სწორედ თბილისში იღებს სტარტს. ის ადგილობრივ ბიჭებს და გოგონებს საშუალებას მისცემს ითამაშონ ფეხბურთი. ჩვენ გვჯერა, რომ რაც უფრო მეტ შესაძლებლობას შევქმნით თამაშისთვის და საფეხბურთო განათლების მიღებისთვის, მით უფრო ხელს შევუწყობთ ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვას."
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა ფიფას მხარდაჭერისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა:
" ნებისმიერი საფეხბურთო მოედანი, რომელიც საქართველოში კეთდება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. გვიხარია, რომ ახალი პროექტი, "ფიფა არენა", რომელიც მთელ მსოფლიოს მოიცავს, პირველად სწორედ საქართველოში განხორციელდა. ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში ფეხბურთი ვითარდება და ამაში ფიფას ძალიან დიდი დამსახურებაა. მათი მხარდაჭერით უამრავი პროექტი განხორციელდა საქართველოში. გვეამაყება, რომ სწორედ ჩვენ გამოგვარჩიეს და "ფიფა არენა" საქართველოში დაიწყო. ეს არის დამატებითი მოტივაციაა თითოეული ბავშვისთვის, რომ ითამაშოს ფეხბურთი, სიამოვნება მიიღოს სპორტის ამ არაჩვეულებრივი სახეობით და მომავალში ასახელოს ქვეყანა და გაახაროს თითოეული ჩვენგანი. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აუცილებლად გააგრძელებს გზას, რომელმაც დაგვანახა, თუ როგორც შეიძლება მოვუტანოთ წარმატება ქართულ ფეხბურთს ინფრასტრუქტურის და მასობრივი ფეხბურთის განვითარებით. მადლობა მინდა გადავუხადო სტუმრებს ფიფადან, რომლებიც სპეციალურად ამ დღისთვის თბილისში ჩამოვიდნენ და აგრეთვე პირადად პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოს ჩვენი ქვეყნის ასეთი მხარდაჭერისთვის. "
განახლებულ მოედნებს ადგილობრივი საფეხბურთო სკოლების აღსაზრდელები და პროექტ „ფეხბურთი სკოლებში“ ჩართული გუნდები გამოიყენებენ. საქართველო პირველი ქვეყანაა, სადაც "ფიფა არენას" პროექტის ფარგლებში ახალი მინი-მოედანი გაიხსნა. მსგავსი მოედანი ასევე განახლდება სფფ-ის გლდანის საფეხბურთო ცენტრში.
ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია









