გიგა ოჩხიკიძემ პარაბირთვის კვრაში (F53) 9.66 მეტრი დააფიქსირა და ჩემპიონი მსოფლიო რეკორდით გახდა და საქართველოს პარალიმპიადასა და ოლიმპიადაზე ბირთვის კვრაში პირველი მედალი მოუტანა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში გიგა ოჩხიკიძე პირველი სპორტსმენია, რომელმაც პარალიმპიადასა და ოლიმპიადაზე მძლეოსნობაში მედლის მოპოვება შეძლო.
გიგა ბავშობიდან სპორტში აქტიურად იყო ჩართული, კრივზე ვარჯიშობდა. ხერხემლის დაზიანების შემდეგ კი პარასპორტში ძალები ჯერ პარამკლავჭიდში მოსინჯა, მერე ბირთვის კვრა აირჩია და შედეგმაც არ დააყოვნა.
გამარჯვება, უსამართლობა და კუთვნილი ტიტულის დაბრუნება, საქართველოს დელეგაციის ბრძოლა სამართლიანობისთვის და ჩვენი ქვეყნის იდენტობის მთავარი სიმბოლოების ფონზე დგომა სტად დე ფრანსზე, - ამ თემების შესახებ, გიგა ოჩხიკიძემ და მისმა მწვრთნელმა დავით მანთიძემ პარიზიდან LaGazzetta.ge-სთან ინტერვიუში ისაუბრეს:
- გიგა გილოცავთ პარალიმპიური თამაშების ჩემპიონობას, დაჯილდოებამდე დიდი ბრძოლა იყო, რას აპროტესტებდნენ მეტოქეები?
- პარალიმპიადაზე უძლიერესი სპორტსმენები არიან, ისე მოხდა, რომ შეჯიბრზე 2 რეკორდი მოიხსნა, მოროკოელმა მოხსნა მსოფლიო რეკორდი, რაც რამდენიმე წუთში მე მოვხსენი და 44 სმ.-ით გავაუმჯობესე. გავხდი გამარჯვებული შევასრულე ჩემპიონის რიტუალი, ზარის შემოკვრას ვგულისხმობ. ვიდრე დაჯილდოება იქნებოდა გვითხრეს, რომ შენი საკითხი განხილვაზეაო, რის შემდგომაც მივედით საინფორმაციო ცენტრში, სადაც გვითხრეს, რომ ჩემმა მეტოქეებმა გააპროტესტეს ჩემი სროლა, ტექნიკური წუნი იყო ჩემს მოძრაობაში და ამის განხილვა მიმდინარეობდა, შემდეგ პროტესტი დაუკმაყოფილეს. საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის, რატი იონათამიშვილის ხელმძღვანელობით, გავაპროტესტეთ ეს გადაწყვეტილება, წარვუდგინეთ ვიდეომასალა, მოგეხსენებათ მაისში მსოფლიოს ჩემპიონი გავხდი და ის ვიდეო ვუჩვენე და იგივე ტექნიკით ვისროლე ამ შემთხვევაშიც და როცა მიხვდნენ და დაინახეს რომ რეალურად შეცდომა არ იყო სამართლიანობაც აღდგა.
- მიუხედავდა შენს მიმართ პროტესტისა დაჯილდოების დროს დაიცავი ყველა სპორტული პრინციპი და მეგობრული განწყობა გამოხატე მეტოქეების მიმართ..

- მე სხვანაირად არც წარმომიდგენია, ჩემთვის გაურკვეველია როცა სპორტსმენმა პატიოსნად, წესების დაცვით გამარჯვება მოიპოვა რატომ უნდა გაუპროტესტო, თუმცა ამის გამო გაბრაზება სწორი არ მგონია. მე მოვიქეცი როგორც ქართული წესი და ღირსეული დამოკიდებულება მოითხოვს. არანაირი წყენა არ მქონია, ჩემთვის მთავარი იყო სამართლიანობა და ის, რომ მე გავხდი პარალიმპიური თამაშების ჩემპიონი და ჩვენ სამშობლოს ბირთვის კვარში ისტორიაში პარლიმპიურ და ოლიმპიურ თამაშებზე პირველი მედალი მოვუტანე.
- როცა სტად დე ფრანსზე საქართველოს ჰიმნი შენი გამარჯვების გამო ჟღერს რა განცდაა?
- ამ ემოციას და განცდებს ვერ გადმოვცემ, რაც იმ მომენტში ხდებოდა სიტყვით აღწერა წარმოუდგენელია, საოცარი შეგრძნებაა. ქართველი ხალხის სიყვარულს ვგრძნობ და კიდევ უფრო მაბედნიერებს. თან ამ გაურკვევლობების ფონზე ორჯერ ვიზეიმე გამარჯვება, სიხარულის მერე გულისწყვეტა და შემდეგ ისევ გამარჯვება, ფაქტობრივად 2 მედალი გვაქვს, ერთი სპორტული შედეგის და მეორე მთელი ქართული დელეგაციის ბრძოლისთვის, სადაც სიმართლემ გაიმარჯვა. მე მქონდა იმედი, რომ საბოლოოდ გავიმარჯვებდით, რადგან ვიცოდი მართალი ვიყავი.
- რას ეტყვი ქართველ ხალს?
- მადლობა ყველას გულშემატკივრობისა და იმ სიყვარულისთვის, რასაც ჩემს მიმართ გამოხატავენ. ვულოცავ ჩვენს ქვეყანას პარალიმპიურ ოქროს და ამ დიდ წარმატებას. ამ გამარჯვებას ჩემ სამშობლოსა და ჩემ ქართველ ხალხს ვუძღვნი.
- რეკორდის დამყარებას გეგმავდით?
- შედეგის გაუმჯობესებას ვაპირებდით, თუმცა შედეგი მეტია ვიდრე მოლოდინი იყო.
- ვარჯიშის დროს მიახლოებული შედეგი გქონია?
- არა, ვარჯიშის დროს ასეთი შედეგი არასდროს მქონია, შეჯიბრის დროს პიკში ვიყავი, ჩემმა მწვრთნელებმა სწორი სტრატეგია შეიმუშავეს და შედეგიც მივიღეთ.

- დავით, როდის მიხვდით რომ გიგა გამორჩეული ნიჭის პარასპორტსმენია?
- 2007 წლიდან ბირთვის კვრის მწვრთნელი ვარ და პირდაპირ გეტყვით, ასეთი ნიჭის მქონე ადამიანი არ შემხვედრია. მოგეხსენებათ, პარასპორტში ახალი დაწყებული მაქვს მოღვაწეობა, როგორც კი შევხდი პირველივე ვარჯიშზე, განმაცვიფრა მისმა ტექნიკურმა და ფიზიკურმა მონაცემებმა და ვუთხარი, რომ ლაშა ტალახაძე როგორცაა შეუდარებელი ჩემპიონობასა და რეკორდსმენობაში ასევე იქნები შენც, თუ გავაგრძელებთ ვარჯიშს, შრომა არ დაიზარა და შედეგმაც არ დააყოვნა.
- გიგა შრომისმოყვარეობით გამორჩეულია?
- გიგა არის უსაზღვროდ ნიჭიერი და მშრომელი, დევკაცია, საოცარი ნიჭით, მონდომებითა და მიზანდასახულობით და მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ ქართველებს ასეთი ნიჭიერი და თავდადებული ქართველი გვყავს.
- მსოფლიოს საუკეთესო პარასპორტსმენებს აჯობა..
- ამ შედეგებზე ადამიანები მხოლოდ ოცნებობენ, 80 000-იანი აუდიტორიის წინაშე ამ რეკორდის დამყარება მარტივი არაა, თან მოგეხსენებათ 44 სანტიმეტრით გააუმჯობესა რეკორდი. გიგას გამარჯვების საბოლოო აღიარების შემდეგ, კიდევ უფრო მეტი ადამიანი მხვდება აქ, პარიზში, პროფესიონალები, მილოცავენ და აღტაცებას გამოხატავენ გიგას მიერ დაფიქსირებული შედეგის გამო და ვინც ერკვევა ბირთვის კვრაში და ვინც გიგა ნახა, ყველას საერთო თანხმობა აქვს, რომ ის უნიჭიერესი პარასპორტსმენია.
- სამომავლო გეგმები...
- წელს ტურნირი სავარაუდოდ აღარ გვექნება, გავაგრძელებთ ვარჯიშს, მომავალი წლიდან დაიწყება ტურნირები და არ თქმა უნდა, გავარძელებთ ბრძოლას უმაღლესი შედეგებისთვის.














