21-26 ივნისს თბილისში ახალგაზრდული საფეხბურთო ტურნირი Kinkladze Grassroots Cup Georgia გაიმართება. ქინქლაძის ფონდი ტურნირის პარტნიორია. შეჯიბრებაში მონაწილეობას 98 გუნდი მიიღებს, თამაშები კი ინტერის აკადემიის მოედნებზე გაიმართება. ეს კოლაბორაცია საქართველოში ახალგაზრდა ტალანტებისა და გრასრუტ ფეხბურთის მხარდაჭერის საკითხზე საერთო ხედვისა და დამოკიდებულების ხაზგასმაა.
ფონდის მიზანი, ახალგაზრდების მხარდაჭერა და შესაძლებლობების შექმნაა. ტურნირის შესახებ, LaGazzetta.ge-სთან ინტერვიუში ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა, გიორგი ქინქლაძემ ისაუბრა:
- როდის და რატომ მიიღეთ გადაწყვეტილება ფონდის ჩამოყალიბების შესახებ?
- ფონდის დაარსებაზე რამდენიმე წლის განმავლობაში ვფიქრობდი, საბოლოო გადაწყვეტილება კი ზაფხულში მივიღე. ვინაიდან ფეხბურთი ჩემი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად რჩება, მინდა, რომ ფეხბურთის და ზოგადად სპორტის მეშვეობით, ჩვენი ქვეყნის მომავალი თაობის ჩამოყალიბებაში ჩემი წვლილი შევიტანო, არა როგორც მწვრთნელმა და ფუნქციონერმა, არამედ როგორც პროცესის უანგარო და ერთგულმა მოამაგემ.
- რა მიზნებს ისახავს ფონდი?
- ფონდის დიდი იდეა და მიზანია, რომ სპორტი, კერძოდ კი ფეხბურთი, ბევრი ბავშვის ცხოვრების სტილად აქციოს, ტალანტის, შესაძლებლობისა და სხვა ფაქტორების მიუხედავად. ჩვენ კარგად გააზრებული გვაქვს ის გამოწვევები, რაც ბავშვის თუ მოზარდის სპორტში ჩართვასთან დაკავშირებით არსებობს. მივხვდით, რომ ამ ეტაპზე ფონდის პრიორიტეტი საგანმანათლებლო და გაცვლითი პროგრამების წამოწყება უნდა იყოს, როგორც ფეხბურთელებისთვის, ასევე მწვრთნელებისთვის. ეს უმნიშვნელოვანესია. პარტნიორობიდან გამომდინარე ამ ინიციატივების განხორციელებისთვის ჩვენ Manchester City-ის და City Football Group-ის ცოდნისა და რესურსების გამოყენების შესაძლებლობა გვაქვს.
- რა ინიციატივები აქვს ფონდს დაგეგმილი 2025 წელს?
- ჩვენი ყველა ძალისხმევა ერთიანდება ფეხბურთის ირგვლივ, სამი ძირითადი პრინციპის გათვალისწინებით: საფეხბურთო განათლება, ინსპირაცია და თამაში.
ამ შესაბამისად, საგანმანათლებლო მიმართულებით ვიწყებთ აქტიურ საქმიანობას და ვგეგმავთ მწვრთნელების გადამზადების პროგრამას აგვისტო-სექტემბერში,Manchester City-ის აკადემიის მეთოდოლოგიისა და საგანმანათლებლო რესურსების გამოყენებით.
ჩვენი ჩართულობა ტურნირებში და განსაკუთრებით Grassroots ფეხბურთში კიდევ უფრო აქტიური გახდება. ამ ყველაფერში მინდა გამოვყო ჩვენი პარტნიორი და მხარდამჭერი, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ და „წყალი მთის“. აღნიშნული კომპანიები აქტიურად უჭერენ მხარს ამ ინიციატივას და წლებია გამოირჩევიან სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდაჭერის ერთგულებით საქართველოში.
ასევე, მსურს ჩემი გამოცდილება და ფეხბურთისადმი სიყვარული გავუზიარო ახალგაზრდა თაობას და რეგიონებში ჩავატარო მასტერკლასების სერია, რაც ვიმედოვნებ, გარკვეულ ინსპირაციას მისცემს ბავშვებს. წელს მხოლოდ 5 ქალაქით შემოვიფარგლებით, მაგრამ წინ დიდი გეგმები გვაქვს.
ამ ყველაფერში მინდა გამოვყო ჩვენი პარტნიორი და მხარდამჭერი, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ და „წყალი მთის“. აღნიშნული კომპანიები აქტიურად უჭერენ მხარს ამ ინიციატივას და წლებია გამოირჩევიან სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდაჭერის ერთგულებით საქართველოში.
ვიმედოვნებ, ფონდის წამოწყებებით სხვა ქართული კომპანიებიც და სპორტული საზოგადოება დაინტერესდება და ერთობლივად კიდევ მრავალი ახალი პროექტის განხორციელებას შევძლებთ.
- რა როლი აქვთ Grassroots ტურნირებს ფეხბურთის განვითარებაში?
- Grassroots ფეხბურთი ტალანტის აღმოჩენის, მოთამაშეების განვითარებისა და სოციალური ადაპტაციის საქმეში დიდ როლს თამაშობს, ასევე მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ზოგადად სპორტის განვითარებაში. ეს არის თავისუფალი, კრეატიული და ემოციებით სავსე ფეხბურთი, პრაგმატიზმისა და ტაქტიკისაგან დაცლილი თამაში - ცხოვრების თავგადასავალივითაა.
- პირადად თქვენ რა მოლოდინი გაქვთ 21-26 ივნისს ჩანიშნულ ტურნირთან დაკავშირებით?
- ტურნირს მოუთმენლად ველი. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებმა გამოცდილება მიიღონ და თამაშით ისიამოვნონ. ჩვენ კი ვეცდებით ტურნირი ყოველ ჯერზე გავაუმჯობესოთ და ყოველ მომდევნო შეჯიბრებაში მონაწილეობა მათთვის უფრო და უფრო სასურველი გავხადოთ.
- პირველი ტურნირი რომელშიც თქვენ მიიღეთ მონაწილეობა?
- ჩემს პირველ დიდ ტურნირზე 1990 წელს იტალიაში ვითამაშე. Reggello International Tournament-ზე გავიმარჯვეთ კიდეც. წლების შემდეგ გამახსენდა, რომ ტურნირში მონაწილეობა მიიღეს ლუიშ ფიგუმ, რუი კოშტამ და ალესანდრო დელ პიერომ - გამარჯვებული კი ჩვენი გუნდი გახდა. შეჯიბრების საუკეთესო ფეხბურთელადაც მე დამასახელეს. ასე რომ, ჩემი პირველი ტურნირი კარგად მახსოვს!









