UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი დიდ მთაზე მყარად 17 თებერვალს შედგა, როცა ჩემპიონის ქამარი მოიგო, დღეს კი ილიას კარიერაში ის დღეა, როცა მეორე, უფრო მაღალ მთაზე უნდა დადგას ფეხი და მთელ სამყაროს დაანახოს, ილია თოფურია, ინგა ბენდელიანი-თოფურიას შვილი - “ყველაფერი ან არაფერი? - რა თქმა უნდა, მხოლოდ ყველაფერი. დღეს ილიამ ტიტული უნდა შეინარჩინოს და ქამარი ჩემპიონთან დარჩეს.
დღეს აბუ-დაბიში UFC 308-ზე ილია თოფურიას მეტოქე ქვემსუბუქი წონის ყოფილი ჩემპიონი მაქს ჰოლოუეი იქნება.
სოხუმი - ჭუბერი - რუსთავი - ჰალე - რუსთავი - ალიკანტე - კალიფორნია, - რთული გზისა და გამარჯვებამდე მისული ბრძოლის ამბავს, UFC-ის ქართველი ჩემპიონის, ილია თოფურიას ოჯახისა და დედის, ინგა ბენდელიანი-თოფურიას ცხოვრების შესახებ გამოცემული წიგნი “დედა და ილია” გვიყვება, რომლის ავტორიც გიორგი კეკელიძეა.
წიგნის “დედა და ილია” მთვარი მხარდამჭერია SMH Sports-ი, მთავარი სპონსორია apeople, სპონსორი - Gzavnili.com, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ • Georgian National University SEU, მხარდამჭერები - La Gazzetta Dello Sport Georgia, VELI.store, Biblusi • ბიბლუსი.

ბრაზი დაგახრჩობს და სიამაყე აგავსებს, შიში გაქრება და ბრძოლას დაიწყებ/გააგრძელებ, - ასეთი წიგნია “დედა და ილია”. წიგნის მთავარ გმირთან, ინგასთან ერთად გაივლი გაუსაძლისი ტკივილით სავსე გზას, გზას, რომელსაც იფიქრებ რომ ვერ გაუძლებს, დატოვებ აფხაზეთს, წამოსვლამდე ინგას ოჯახის ორ წევრს ერთ ღამეს ართმევს ომი. ჭუბერის გზაზე აქამდე თუ მხოლოდ წარმოდგენა შეგეძლო, ინგასთან ერთად გაივლი, ჩვილ ბავშვებს ნახავ, რომლებსაც გადარჩენის მიზნით, წყალში გარეულ ფქვილს აჭმევენ, ადამიანებს შეხვდები, რომლებმაც შვილები, შვილიშვილები, დედები, მამები, ქმრები, დები და ძმები დაკარგეს, მათ თვალწინ ააფეთქეს, სახლები გადაუწვეს და უმოწყალოდ გამოყარეს. ჭუბერის გზაზე იმ ხალსაც ნახავ, გადარჩენისთვის რომ იბრძოდნენ და ვერ გაუძლეს, გაიყინნენ ან შიმშილით მოკვდნენ, ან ვერ გაუძლეს თვალწინ უმოწყალო წამებით მოკლული შვილების თვალების გახსენებას.
თუ 90-იანი წლების საქართველოში ერთი დღე მაინც გიცხოვრია, აუცილებლად იცნობ საკუთარ თავს, ემიგრაციაში თუ ყოფილხარ ან ხარ, აქაც გაიაზრებ ინგას ყველა ემოციას, თუ არც ერთი გამოგიცდია და არც მეორე, ახლა მიხვდები და გამოცდი. 1997 წლის 21 იანვარს გერმანიაში, ჰალეში, მოყინულ გზაზე 3 კილომეტრი ფეხით იარა ინგამ, მერე ილია დაიბადა, ჩემპიონობისთვის. მერე იყო დაბრუნება, შვილების დატოვება, ისევ ემიგრაცია, ახალი ქვეყანა - ესპანეთი და მერე შვილების წაყვანა, მანამდე კი რუსთავში ილიასა და ალექსანდრეს ვარჯიში იწყება. დიდ გზაზე უფრო პატარა ნაბიჯებით სვლას ისწავლით და ბოლოს ნახავთ ინგას ჩანაწერს, რაც გაიძულებთ ფეხზე ადგეთ და იბრძოლოთ.
წიგნში გადმოცემული ამბები ილია თოფურიას მოტივაციის შემადგენელი ნაწილია, წონის კლების დროს ამ ამბებს ახსენებს დედა ილიას და ოქტაგონზე კიდევ უფრო ძლიერი ილია გადის.
წიგნის შეძენა ნებისმიერ მსურველს საქართველოში “ბიბლუსის” მაღაზიათა ქსელში, ან ონლაინ, veli.store-ზე შეუძლია.
“დედა და ილია” 3 ენაზე იქნება ხელმისაწვდომი, წიგნი ინგლისურ და ესპანურ ენებზეც გამოიცემა.
დღეს ჩემპიონი ილია შევა ოქტაგონზე და თვალწინ გაუელვებს აფხაზეთი, მავთულხლართებში დარჩენილი სახლი, ოჯახის განვლილი გზა, ემიგრაცია, ბრძოლა და ეცოდინება, რომ წინ კიდევ უფრო მაღალი მთაა, მერე დარბაზს გადახედავს და დაინახავს დედას, ინგას, რომელსაც ერთხელ თუ მაინც შეხვდებით, აუცილებლად გაგყვებათ მოტივაცია იმისთვის, რომ იბრძოლოთ, გჯეროდეთ და გაიმარჯვებთ.
შეუტევს დღეს ილია მეტოქეს …
და ილიას დედა, ინგა იტყვის: “ილია ამ ბრძოლას მოიგებს! აუცილებლად მოიგებს! სხვა გზა არ აქვს! სხვა გამოსავალი არ არსებობს!”











