გუნდის დაარსება და ადრეული ისტორია
საფეხბურთო გუნდი, როგორც დასახელება გვეუბნება, 1907 წელს დაარსდა და არსებობის ისტორიაც, აქედან გამომდინარე, 117 წელს მოითვლის. ფუნქციონირების ხანგრძლივობისთვის ეს ციფრი ნამდვილად შთამბეჭდავია, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ეს პერიოდი ტიტულებით დახუნძლული იყო ან თავად ქალაქ კომოს მოსახლეობა იყო ძალიან განებივრებული მაღალი მიზნებისთვის მებრძოლი გუნდის ცქერით. მიუხედავად არც თუ ისე დიადი ისტორიული სტატუსისა, კომოს საფეხბურთო კოლექტივის დაარსება საინტერესო პროცესი იყო. რეალურად, ეს გუნდი ფეხბურთისადმი დიდმა სიყვარულმა ჩამოაყალიბა, როდესაც ახალგაზრდა სპორტის ენთუზიასტებმა და ფეხბურთის მოყვარულებმა გადაწყვიტეს კომოს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე დაეფუძნებინათ საფეხბურთო კოლექტივი, რომელიც ადგილობრივ ახალგაზრდობას ჩართავდა იმ დროისთვის მზრდი პოპულარობის მქონე სპორტის სახეობაში. უშუალოდ გუნდი დაარსდა კომოს ტბაზე არსებულ ერთ-ერთ პატარა კაფეში, სადაც მიზნად დაისახეს, რომ კომო უნდა შეჯიბრებოდა რეგიონულ დონეზე სხვა გუნდებს, შესაბამისად, სახელი - „კომო 1907“ გამოხატავდა ამ პატარა დასახლების სიამაყეს და ერთგვარ მზაობასაც, რომ შესაძლებელი იყო თავისი სიტყვა წარმოეთქვათ ლომბარდიის რეგიონში. თავდაპირველად, „კომო 1907“, ცხადია, სამოყვარულო კლუბის სტატუსს ატარებდა, რომელიც მონაწილეობდა სხვადასხვა საქალაქო თუ რეგიონულ ტურნირებზე. ეს პატარა ტურნირები გამოცდილების მისაღებად და ახალი ფეხბურთელების მოსაზიდად კარგი შესაძლებლობა იყო, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ ლომბარდია აპენინებზე ალბათ ყველაზე უფრო საფეხბურთო რეგიონადაც კი შეიძლება ჩაითვალოს. კომოს ტიტულატურას როდესაც გადახედავთ, იტალიის დაბალი დივიზიონის თასებთან ერთად, აღმოაჩენთ ლომბარდიის ახალგაზრდულ თასსაც. ეს ტურნირი მილანთან ახლოს მდებარე ბრუგერიოს კომუნაში ჩატარდა. შეიძლება ითქვას, რომ კომოს ნაბიჯები ერთგვარად ბავშვის ნაბიჯებს ჰგავდა, ფეხბურთელებთან ერთად იზრდებოდა გუნდიც. სერია ა-ში, ბოლოს 2003 წელს იასპარეზა და მალევე დაქვეითდა, შემდგომში იყო გაკოტრება და სერია დ-ში თამაში, ნახევრად სამოყვარულო დონეზე დაშვება. ამ გზის შესახებ უფრო ვრცლად ამავე სტატიაში ვისაუბრებთ.

ქალაქი კომო, ფეხბურთის პროფესიონალიზაცია და სტადიონის უცნაური სახელწოდება
„კომო 1907-ის“ თავდამსხმელი პატრიკ კუტრონე, რომელიც თავად კომოზე დაიბადა და გაიზარდა, იტალიური ფეხბურთის მოყვარულებს მილანიდან ახსოვთ. ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ „კომაშები“ (კომოს მკვიდრები) საკუთარ ნავებს სახელებს ჰოლივუდის ვარსკვლავთა სახელებს არქმევენ, მაგალითად კი მოჰყავს მის ვილაში მცურავი „ჯორჯ კლუნი“. ინტერვიუს ეს ამონარიდი კარგად ასახავს იმას, თუ როგორ ქალაქთან გვაქვს საქმე. ეს არის მდიდარი ადამიანებს მოსასვენებელი სარეკრეაციო ზონა. ჰოლივუდის ვარსკვლავები თუ სხვა მაღალი სტატუსის მქონე ადამიანები, ხშირად სტუმრობენ კომოს ტბას, რომელიც ცხადია, საოცარ სანახაობას ჰპირდება ნებისმიერ ადამიანს და ნამდვილად საოცნებოა ასეთი დასახლების მაგიური ხედებისთვის თვალის შევლება. კომოს ტბას და მის გარშემო გაშენებულ ქალაქს რაღაც განსაკუთრებული სილამაზე გამოარჩევს, რომელიც მაგიურად ვრცელდება როგორც ადამიანის გონებაზე, ასევე გუნება-განწყობაზე. ამისი ნათელი მაგალითი ამ გუნდის მთავარი მწვრთნელი, სესკ ფაბრეგასია, რომელიც ასევე იხსენებს:
„ერთი თვით ადრე, სანამ ამ ქალაქში სათამაშოდ გადმოვბარგდებოდი, მეგობართან ერთად ქორწილს დავესწარი კომოზე, ასევე, ვისვენებდი ხოლმე ვილა დ’ესტეზე, ვიცოდი ეს ადგილი, მაგრამ სიმართლე გითხრათ, არაფერი ვიცოდი აქაური ფეხბურთის შესახებ“.
ამდენად, კომოზე შეგვიძლია ვნახოთ მეტი, ვიდრე ჯორჯ კლუნი ან რომელიმე ცნობილი ადამიანის რეკრეაციული პროცესი. 20-იან წლებში, იტალიაში ფეხბურთმა რადიკალური ტრანსფორმაცია განიცადა და დაიწყო გუნდების პროფესიონალიზაცია. გამონაკლისი არც „კომო 1907“ იყო. 1926 წელს, იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ პირველი პროფესიონალური ლიგა შექმნა, რომელსაც სახელად ეწოდა „ნაციონალური დივიზიონი“. ეს ტურნირი შეგვიძლია მივიჩნიოთ სერია ა-ს წინამორბედ ტურნირად. ცხადია, კომოში პროფესიონალიზმმა უფრო გვიან ჩააღწია, რადგანაც ამ კლუბს აკლდა ძალიან მნიშვნელოვანი რამ - სტადიონი, სადაც გუნდი სტაბილურად იასპარეზებდა, მანამდე კომოს სხვადასხვა სტადიონზე უწევდა თამაში, მათ შორის, დროებით თუ მუნიციპალურ მოედნებზე. „კამპო დი ვია მილანო“ ალბათ, ყველაზე უფრო გამოყენებადი მოედანი იყო კომოზე და ძირითად სტადიონად შეიძლება ესეც მივიჩნიოთ. თუმცა ყველაფერი შეიცვალა იტალიაში ფაშისტური რეჟიმის დამყარებასთან ერთად, როდესაც პროფესიონალიზმის კულტურა მასობრივად დაინერგა სხვადასხვა გუნდში, გამონაკლისი არც კომო იყო. ფაშისტური რეჟიმისთვის, ფიზიკური ჯანმრთელობის გადაჭარბებული ფეტიში, კარგად ეხამებოდა ეთნიკურ თუ რასობრივი ჰიგიენის კულტივირებულ ნარატივს, ერის განსაკუთრებულობის გამოსახატად, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება და მთელი რიგი სპორტის სახეობების პროფესიონალიზაცია საკმაოდ კარგი იარაღი იყო პროპაგანდისთვისაც. თვით ბენიტო მუსოლინის ინიციატივით აიგო „სტადიო ჯუზეპე სინიგალია“, რომელიც დღეს კომოს საშინაო არენად ითვლება. ამ სტადიონის პირველ უცნაურობას მაშინ წავაწყდებით, როდესაც გავიაზრებთ, თუ ვისი სახელობისაა იგი. ჯუზეპე სინიგალია კომოს ერთგვარი სიმბოლოა, თუმცა ფეხბურთთან მას არანაირი კავშირი არ აქვს. იგი პროფესიონალი ნიჩბოსანი იყო, რომელიც ევროპის ჩემპიონია როგორც ცალკეულ თანრიგში, ასევე წყვილშიც, მაგრამ საინტერესოა, რატომ უნდა დარქმეოდა კომოს საშინაო არენას ნიჩბოსნის სახელი? - ზოგადად, დიდი იშვიათობაა პიროვნებათა სახელობის სტადიონები, რომელთაც ფეხბურთთან არაფერ აკავშირებს. საქმე ის არის, რომ ჯუზეპე სინიგალია მხოლოდ სპორტული სიამაყე არ ყოფილა კომოს მოსახლეობისთვის და ზოგადად, იტალიისთვის. იგი გმირულად დაიღუპა პირველ მსოფლიო ომში, ისონცოს/გორიციის ბრძოლის მეექვსე შეტაკებაში, როდესაც საკუთარ ჯარისკაცებს მეთაურობდა ავსტრიელთა წინააღმდეგ. მას სიმამაცისთვის ვერცხლის მედალიც კი მიანიჭეს. შესაბამისად, მუსოლინის მიერ „სტადიო ჯუზეპე სინიგალიას“ გახსნა შეიძლება ჩაითვალოს იმ ქალაქისთვის ერთგვარ პატივისცემად, რომელმაც გამოზარდა ომის გმირი და იტალიისთვის თავგანწირული ადამიანი. თავის დროზე, გარდა ინფრასტრუქტურული მიზნებისა, ეს ინიციატივა პროპაგანდისტულ მიზანსაც ატარებდა. ფაქტია, ამ სტადიონს სახელი დღემდე შემორჩა და 1927 წლიდან ფუნქციონირებს, როგორც „კომო 1907“-ის საშინაო არენა.
სტადიონის პრობლემა დღეს - სად უნდა ითამაშოს კომომ?
საინტერესოა, რომ წლევანდელ სეზონში, დიდი ვარაუდით, კომო ამ სტადიონზე არ დაიწყებს თამაშებს, რადგან ის არ აკმაყოფილებს სერია ა-ს მოთხოვნებს გარკვეულ ასპექტში და მოითხოვს საკმაოდ მნიშვნელოვან განახლებებს.
1) ტევადობა - „სტადიო ჯუზეპე სინიგალია“ დღეს იტევს 13602 მაყურებელს, რაც სერია ა-ს სტანდარტებით საკმაოდ ცოტაა. თუ შევადარებთ სხვა პატარა გუნდების სტადიონებს, რომლებმაც შესაძლოა 20000-40000 ადამიანამდე დაიტიოს.
2) ტრიბუნის კომფორტი - საინტერესოა, რომ ამ სტადიონს აკლია VIP ლოჟები, რაც სერია ა-ს ერთ-ერთი მოთხოვნაა. გარდა ამისა, ასევე პრობლემურია დაშორება ჩვეულებრივ სკამებს შორის, სადაც მაყურებელს მეტი შესაძლებლობა უნდა მიეცეს კომფორტულად დააფიქსიროს ფეხის პოზიცია.
3) უსაფრთხოების განახლებები სტადიონის შემოსასვლელში.
4) ტექნოლოგიების დამატება - მათ შორის VAR-ის ჯიხურის.
5) გასახდელების განახლება, რომლებიც ამ ეტაპზე არ შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს.
6) ფანებისთვის საჭირო საპირფარეშოებისა და საკვები ობიექტების დამატება.
ჩამოთვლილი პრობლემები, ცხადია არ არის მოუგვარებელი, მით უფრო მფლობელებისთვის, რომელთაც ამბიციური გეგმები აქვთ, მაგრამ თითოეული მათგანი დროს მოითხოვს. იყო ვერსია, რომ დროებით გუნდს „ლუგანოს“ სტადიონზე ეთამაშა, შვეიცარიაში, მაგრამ მფლობელებიც და გულშემატკივრებიც ამ ინიციატივას მკაცრად ეწინააღმდეგებიან. შესაბამისად, განიხილება ის ვარიანტიც, რომ პირველ სანაკრებო შესვენებამდე გუნდმა შეიცვალოს ადგილსამყოფელი და ეს დრო ამ განახლებებს მოხმარდეს.
განვლილი გზა და მიზნები - რა პროექტია „კომო 1907“?
კომომ დღევანდელ დღემდე მოსასვლელად საკმაოდ რთული და ქარტეხილებით აღსავსე გზა გაიარა. ეს გუნდი სერია ა-ში პირველად 1949-50 წლების სეზონში აღმოცენდა, მაგრამ იმავე სეზონში დაქვეითდა და მას შემდეგ, 2003 წლამდე დრო დაბალ დივიზიონებში დაყო. მე-20 საუკუნის მეორე ნახევართან ერთად, როდესაც ფეხბურთის მასობრივი კომერციალიზაცია ნელ-ნელა ფეხს იკიდებდა, კომოს მთავარი პრობლემა კვლავ ფინანსური არასტაბილურობა იყო. გუნდმა ძალიან ბევრი მფლობელი გამოიცვალა და შესაბამისად, არ ეძლეოდა საშუალება სწორი მიმართულებით განვითარებულიყო. განსაკუთრებით აღსანიშნავია 1990-2000-იანი წლები, როცა კომომ სერია ა-ში აღმასვლაც მოახერხა, მაგრამ ამოსვლიდან ზუსტად 1 წლის შემდგომ, 2004 წელს, გუნდი გაკოტრდა, რაც ზუსტად საბოლოო შედეგი იყო იმ მძიმე ფინანსური მდგომარეობისა, რომელიც წლების განმავლობაში „ი ლარიანის“ აწუხებდა. შედეგად გუნდმა სერია დ-დან პრაქტიკულად თავიდან დაიწყო ცხოვრება, ისევ ნახევრად სამოყვარულო დონიდან მოუწია ურთულესი გზის გაკვალვა. 2000-იანების მსგავსად, ვერც 2010-იან წლებზე ვიტყვით, რომ კომოს ისტორიაში რაიმე პოზიტიური ძვრა შეინიშნებოდა. 2017 წელს, ეს გუნდი ამერიკული მფლობელობის ქვეშ გადავიდა, რომლის დროსაც მეორედ გაბანკროტდა და კვლავ სერია დ-დან მოუწია საკუთარი არსებობის სასტარტო წერტილში დაბრუნება. სიტუაცია, თითქოს უიმედო ჩანდა, სანამ დადგა 2019 წელი და გუნდი შეისყიდა „SENT Entertainment Ltd“-მ. ეს ბრიტანულ-ინდონეზიური კომპანიაა, რომელთა მთავარი მმართველები ინდონეზიელი ბიზნესმენები - რობერტ და მაიკლ ჰარტანოები არიან. ეს კომპანია ძირითადად გასართობ სეგმენტზე მუშაობს, როგორც სერვისის მიმწოდებელი და საკმაოდ დიდი ბრუნვებიც აქვს. შესაბამისად, ძმებ ჰარტანოებს კომოს აქტივის იაფად შესყიდვისას, საკმაოდ ამბიციური გეგმები ჰქონდათ. სულ რაღაც 2 წელიწადში, ამ მფლობელობის ქვეშ მოხერხდა კომოს ისევ სერია ბ-ში აღზევება და პროფესიონალურ ფეხბურთში დაბრუნება. კომო, როგორც პროექტი, ჰარტანოებმა საკმაოდ გრძელვადიანად გათვალეს და წლევანდელი სეზონისთვის ამ რთულმა გზამ საბოლოო შედეგიც გამოიღო: 2024-25 წლების სეზონში, ისინი სერია ა-ში ითამაშებენ. გუნდის მფლობელების ამბიციები ცხადია, მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება და წესით, განვითარების ტემპი არ უნდა დავარდეს. საინტერესოა, უშუალოდ ამ გუნდის საფეხბურთო პროფილი.
ამბიციური გუნდი, ახალგზრდა მწვრთნელითა და გამოცდილი ფეხბურთელებით

ფაბრეგასი, როგორც ტაქტიკური ინტრიგა
სესკ ფაბრეგასი დიადი ესპანური ნახევარდაცვითი სკოლის წარმომადგენელია, რომელიც თავისუფლად შეგვიძლია მივიჩნიოთ, როგორც თავის თაობაში ერთ-ერთი საუკეთესოდ. განსაკუთრებით თუ არსენალის დროებას გავიხსენებთ. ფაბრეგასს ფეხბურთელობისას ჰქონდა უდიდესი ფუფუნება ეთამაშა ისეთ მწვრთნელებთან, როგორებიც არსენ ვენგერი, პეპ გვარდიოლა, ჟოზე მოურინიო, ლუის არაგონესი, ვისენტე დელ ბოსკე და ანტონიო კონტე არიან. შესაბამისად, მათთან მუშაობით მიღებული გამოცდილება უბრალოდ ფასდაუდებელია. თუ გავიხსენებთ პეპ გვარდიოლას ან თუნდაც ჩაბი ალონსოს სამწვრთნელო გზას, ზუსტად ამ ტენდენციას აღმოვაჩენთ. ერთობ სხვადასხვა სტილის მწვრთნელებთან მუშაობა, ფეხბურთისადმი ცოდნას ერთი-ორად აუმჯობესებს და ახალბედა მწვრთნელებს მეტად ადაპტირებულებს ხდის სათამაშო გარემოსადმი. სესკ ფაბრეგასი, ერთ-ერთ “Masterclass” ვიდეოში საუბრობს სწორედაც რომ მწვრთნელებთან ურთიერთობის შესახებ. ვენგერს იგი აღიქვამდა, როგორც უფრო მამობრივ სიმბოლოს, რომელმაც, შეიძლება ითქვას, 16 წლიდან გაზარდა, როგორც ფეხბურთელი. მისი პროგრესი და ზოგადად, ფეხბურთელად ფორმირება ვენგერის უდიდესი დამსახურებაა. ტაქტიკურად, ვენგერი დიდ თავისუფლებას აძლევდა მოედანზე სესკს და ყოველთვის ცდილობდა მისი საუკეთესო თვისებები ამოეწია ზედაპირზე. სესკი, ასევე, გვიამბობს ვარჯიშების სფეციპიკაზე, რომელიც პეპთან და ვენგერთან მეტად საერთო იყო, თუმცა განსხვავება სწორედაც მიდგომებშია. გვარდიოლა მეტად დისტანცირებული იყო ყოველთვის ფეხბურთელებთან მიმართებით, მაგრამ ითხოვდა ზუსტად იმ მაქსიმუმს, რასაც ვენგერი ცდილობდა ფეხბურთელებისგან მიეღო. განსხვავება მხოლოდ მეთოდიკაშია. ყველაზე საინტერესო ასპექტი, ალბათ, მაინც ჟოზე მოურინიოსთან ურთიერთობაში იკვეთებოდა:
სანაკრებო კარიერაში, ლუის არაგონესის მიდგომა ვენგერისას მეტად ჰგავდა, სესკი მოედანზე დიდ თავისუფლებას იღებდა და საკმაოდ წინ თამაშობდა, როგორც მინიმუმ, შემტევ 8-იანზე ან სულაც 10-იანის პოზიციაზე. სწორედ არაგონესის ხელმძღვანელობით ახერხებდა სესკი ძალიან ბევრი გოლის გატანას ნაკრების მაისურით და ასევე, საგოლე პასების დიდი რაოდენობის დაგროვებასაც. ვისენტე დელ ბოსკე უფრო პრაგმატისტი იყო, ვიდრე რომანტიკოსი, შესაბამისად, სესკის პროფილის ფეხბურთელს მე-12 მოთამაშედ უფრო მერად იყენებდა, ცხადია, სესკიც იმედებს არ უცრუებდა. ინტერვიუში ფაბრეგასი ყველაზე უფრო კრიტიკულად, ალბათ, კონტეს მისამართით საუბრობს, რომელიც მას ეუბნებოდა პრაქტიკულად თუ რა და როგორ უნდა გაეკეთებინა მოედანზე. ჩემს ინტელექტს გასაქანს არ აძლევდა და სპონტანურ გადაწყვეტილებებს პრაქტიკულად მიზღუდავდაო, დასძენს ფაბრეგასი. მიუხედავად ამისა, მან კონტესთანაც არაერთხელ დაამტკიცა რომ მსოფლიო დონის მოთამაშე იყო და საგოლე გადაცემების უბადლო დისტრიბუტორი. სამწვრთნელო ბაზისი ნამდვილად შთამბეჭდავია, მაგრამ საინტერესოა, უშუალოდ სესკის მიერ გააზრებული ფეხბურთი და მოედანი, რომლის დანერგვასაც აპირებს კომოში. ფაბრეგასი საკმაოდ საინტერესო 2 სქემას იყენებს, ეს არის 4-2-3-1 გარდამავალი 4-2-2-2-ში, სადაც ორი ფორვარდი, საკმაოდ საინტერესოდ ცვლიან გამდუმებულად პოზიციებს. სესკი საკუთარი ტაქტიკის ახსნისას, ცალკეულ რგოლებს და მათ ფუნქციებს აფასებს. ამ გარდამავალ სქემაში, ჩემი ყურადღება, პირველ რიგში, თავდამსხმელების უცნაურმა ფუნქციებმა მიიპყრო, რომლებიც ერთგვარად ცრუ 10-იანების როლს ასრულებენ და პოზიციებს ხშირად ცვლიან. ოსიან რობერტსის ხელში, ამ ფუნქციებს ითავსებდნენ პატრიკ კუტრონე და ალესანდრო გაბრიელონი. უბურთოდ მოძრაობისას, ორივე საკმაოდ მობილური და ინტელექტუალი ფეხბურთელია, კარგად და სწორ დროს პოულობენ ხოლმე სივრცეებს მეტოქის მესამედში და უშუალოდ საჯარიმოში. თუმცაღა, უკვე ახალი სეზონიდან ამ გუნდს ანდრეა ბელოტიც გააძლიერებს, მით უფრო რომ, ამხანაგურ შეხვედრებში კუტრონემაც და ბელოტიმაც თავიანთი გოლები შეაგდეს, ბელოტი კი შესაძლოა ე.წ „Raumdeuter“-ის როლში საინტერესო სანახავი იყოს. ნახევარდაცვა ალბათ ყველაზე საინტერესო რგოლია სესკ ფაბრეგასის ტაქტიკურ მონახაზში. ცენტრში გამოკვეთილი 2 ნახევარმცველიდან, ავსტრიელი მატიას ბრაუდნიოდერი ულაპარაკოდ სასტარტოს ფეხბურთელი იქნება. საკმაოდ კარგი ჩამშლელი, რომელსაც დიდი ვარაუდით, გუნდის კაპიტანი ალესანდრო ბელემო დაუწყვილდება. ფლანგებზე კი ერთგვარად მეცალას როლებში გაბრიელ სტრეფეცა და საკმაოდ კარგი ტექნიკის მქონე ფრანგი ლუკა დე კუნია ითამაშებენ. პირადად ჩემი მოსაზრებით, სესკ ფაბრეგასს, როგორც მწვრთნელს, ამ სათამაშო რგოლში ჰყავს კიდევ ერთი „ჯოკერი“ დანიელე ბასელის სახით, რომელსაც სერია ა-ში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს, წლების განმავლობაში, იგი ტორინოს ღირსებას იცავდა და საკმაოდ პერსპექტიულ „მეთოდისტადაც“ მიიჩნეოდა. ამ ნახევარდაცვის მთელი კონცეფცია სწორედაც რომ ბურთის სწრაფად ამოტანაა, დაახლოებით რომ წარმოვიდგინოთ, ფაბრეგასის ფეხბურთი საკმაოდ ვერტიკალურ ხასიათს ატარებს, აქ ნამდვილად შეიძლება ვენგერის გავლენების აღმოჩენა, რომლის არსენალიც ელვის სისწრაფით ამოდიოდა ხოლმე დაცვიდან შეტევაში. ფაბრეგასი ნახევარდაცვასთან მჭიდრო კავშირში წარმოიდგენს დაცვის ხაზზაც, ის 4 მცველით თამაშს აპირებს, სადაც მთავარი მოთხოვნა მცველების ბურთით თამაშის განსწავლულობა არის. მით უფრო რომ ამ დე ფაქტო 4-4-2 სქემაში, საყრდენები მონაცვლეობით ჩამოდიან დაცვასთან მაქსიმალურად ახლოს, რათა 2 მცველთან შეძლონ და შეკრან ე.წ „სამკუთხედი“, რაც პასის ოფციებს ზრდის, სესკი ინტერვიუში, ასევე, აღნიშნავს მეკარის დამატებით მნიშვნელობაზე, თუმცა განსხვავებით გვარდიოლასგან, იგი მიიჩნევს, რომ მეკარე საჭიროებისდა მიხედვით უნდა ჩაერთოს თამაშის წარმართვაში. ესპანური სკოლის მთავარი ნიუანსიც სწორედ ეს არის, ბევრი პასის ოფცია და უმოკლესი გზა მეტოქის მესამედამდე. განაპირა მცველები სესკის ფორმაციაში მეტად თავისუფალ პერსონაჟებად განიხილებიან, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გადაადგილდებიან ცრუ 10-იანები და „მეცალები“ ფლანგებზე. თუ ფლანგზე მეტად იშლება თამაში, ამ შემთხვევაში, განაპირა მცველები მეტად შიგნით შემოიწევიან ხოლმე, რათა ნახევარდაცვაში უპირატესობა შეიქმნას. სესკის ამოცანა, მარტივად რომ ვთქვათ, ბურთის სწრაფი გადატანა და მეტოქის ზონაში ხიფათის შექმნაა, იმ ფლუიდური სისტემით, რაც შემტევ ხაზს გააჩნია. ბევრს ალბათ გაახსენდება დე ძერბისეული ფორმაციის გუნდები და მსგავსებები ნამდვილად არის, უბრალოდ, შემტევი ხაზის ფეხბურთელების პროფილებია, ცოტა არ იყოს განსხვავებული. წესით, მომავალ სეზონში, ფაბრეგასის კოლექტივი ერთგვარი ტაქტიკური ინტრიგა იქნება, თუმცა ფეხბურთს არ იგებს მხოლოდ სწორი სქემა ან თუნდაც მწვრთნელის მიერ სწორი ტაქტიკური ცვლილებები. ამ ყოველივეს მენტალური, ემოციური და კვალიფიციური მხარეც აქვს.

საკმარისია კომოს ფეხბურთელთა დონე?
ამ კითხვაზე პასუხი მარტივი ნამდვილად არ არის, რადგანაც ამ შემადგენლობაში არიან საკმაოდ გამოცდილი ფეხბურთელები, რომელთაც ნამდვილად ბევრი აქვთ ნანახი და შეუძლიათ ემოციურ წნეხს გაუძლონ. ტრანსფერები რომ შევაფასოთ, ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი, ჯერჯერობით, ალბერტო დოსენაა კალიარიდან. არც თუ ისე ურიგო ცენტრალური მცველი, რომელსაც არ ჰქონდა ურიგო გამოსვლა წინა სეზონში სარდინიაზე. ასევე, საკმაოდ ჭკვიანურად შეგვიძლია შევაფასოთ ანდრეა ბელოტისა და გაბრიელ სტრეფეცას დამატებაც. თუმცა პირადად მე, მთავარ დანამატად იჯარის შემდგომ გამოსყიდული მატიას ბრაუდნოდერი მგონია, რომელიც ამ გუნდის ერთგვარ საკვანძო ფეხბურთელად იქცა. ვენის ავსტრიის აღზრდილი ახალ გუნდს საკმაოდ კარგად მოერგო წინა სეზონში და ნამდვილად სწორი სვლაა მასში ინვესტირება. ასევე, გუნდს უფასოდ შეუერთდნენ გამოცდილი ფეხბურთელები ალბერტო მორენო და 41 წლის ვეტერანი მეკარე - პეპე რეინა. თუმცაღა, ჯერ კიდევ ერთი საკვანძო ტრანსფერის ბედია გადაუწყვეტელი, რომელიც შესაძლოა, მართლა გამოდგეს ამ გუნდის ახალ საფეხურზე გადამსვლელი. საუბარია რაფაელ ვარანის უფასოდ დამატებაზე, რომელიც გუნდს მანჩესტერ იუნაიტედიდან შეუერთდება. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამხელა გამოცდილებისა და ტიტულოვნების ფეხბურთელს, ჯერ კომოში არ უთამაშია. ვარანის შემთხვევაში, ერთადერთი რისკი, მისი ფიზიკური კონდიციაა, ამ პრობლემის მოგვარების შემთხვევაში, შესაძლოა ალბერტო დოსენასთან წყვილში ძალიან სოლიდური დაცვის ცენტრი ჩამოაყალიბოს. ქაღალდზე კომო სწორი მიმართულებით ვითარდება, როგორ იმუშავებს ეს ამბავი მოედანზე, ამას პრაქტიკა და უშუალოდ თამაშები გვიჩვენებს, 11 აგვისტოს ის ჯერ სამპდორიას დაუპირისპირდება იტალიის თასზე, ხოლო სერია ა-ში საკუთარ გამოსვლას კომო და პერსონალურად სესკ ფაბრეგასი ძალიან მძიმე, მაგრამ საინტერესო გამოცდით იწყებს. იგი ტიაგო მოტას განახლებულ იუვენტუსს დაუპირისპირდება. პირველივე ტურში, ორი ახალი თაობის პერსპექტიული მწვრთნელის დუელს ვიხილავთ. შესაბამისად, ამ თამაშს დიდი ყურადღებით ველოდები.
რას ველოდოთ კომოსგან?
ცხადია, თავდაპირველად, კომოს პროგრამა მინიმუმი სერია ა-ში ადგილის შენარჩუნება იქნება. პირველ რიგში, საჭიროა კომომ ცუდი ტრადიცია დაარღვიოს და ამავე სეზონში არ დაქვეითდეს სერია ბ-ში. ცხადია, ეს ფინანსური სტაბილურობისთვისაც მნიშვნელოვანია და სათამაშო გამოცდილების კუთხითაც. სატრანსფერო პოლიტიკის მიმართულებით, აშკარაა, რომ გუნდს ამბიციური გეგმები გააჩნია, ამისთვის კი მთავარია ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტი შეესატყვისოს ერთმანეთს. ფეხბურთელების რესურსი ნამდვილად იძლევა იმის საშუალებას, რომ არა მარტო გასავარდნ ზონას გაექცნენ, არამედ ცხრილის შუა ნაწილზეც ჰქონდეს გუნდს პრეტენზია. ცხადია, ეს დამოკიდებული იქნება ტრავმიანობაზეც და იღბალზეც. საბოლოო ჯამში, კომოს პროექტი საინტერესოა და თვალის მიდევნება მასზე ნამდვილად ღირს. რაც მთავარია, იმაში დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ ფაბრეგასის გუნდი ყველანაირად შეეცდება სანახაობრივი და მაღალი დონის ფეხბურთი აჩვენოს, შედეგებს კი ყველანი ერთად ვიხილავთ უშუალოდ სეზონის მიმდინარეობისას.









