SMH Sports-ისა და La Gazzetta dello Sport Eurasia-ს დამფუძნებელმა ლაშა მაჭავარიანმა ტელეკომპანია ბიემჯის ეთერში, La Gazzetta dello Sport Georgia-ს შესახებ და ფრენჩაიზის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
"მოგეხსენებათ, ჩვენ დიდხნიანი პროცესი გვქონდა La Gazzetta dello Sport-თან და მოვახერხეთ პრენჩაიზის წამოღება ევრაზიაში — დავიწყეთ საქართველოთი, გავეშვით საკმაოდ წარმატებულად. დღეისთვის შეიძლება ითქვას, რომ La Gazzetta dello Sport Georgia-ს ცნობადობა საქართველოში არის 100%-იანი.
იტალიურ La Gazzetta dello Sport-თან ურთიერთობა ჩვენ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ექსესი გვაქვს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, ნებისმიერ ივენთზე ჩვენი ჟურნალისტები ესწრებიან ფაქტობრივად ყველა მსხვილ ივენთს და იქიდან აწვდიან ექსკლუზიურ ინფორმაციებს ქართველ მაყურებელს. ჩვენ დავყვებით ეროვნულ და ოლიმპიურ ნაკრებებს ყველგან სადაც ხელი მიგვიწვდება და ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად კარგად გავაშუქოთ ყველა საინტერესო ტურნირი. ჩვენ ასევე დავამატეთ სტუდიური გადაცემებიც.
ჯერ ვერ გავაჟღერებთ, თუმცა მალე ყველა გაიგებს საკმაოდ საინტერესო პროექტის შესახებ — მყარ სტრატეგიულ პარტნიორობას ვაფორმებთ ერთ-ერთი iGaming ორგანიზაციასთან და შესაბამისად, მათთან ერთად უკვე გავაკეთებთ დაჯილდოების ცერემონიალს, რომელიც იქნება La Gazzetta dello Sport-ის ეგიდით და საერთაშორისო ჟიურის ჩართულობით.
ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ საქართველოდან დავიწყეთ ამ პროექტის განხორციელება და ზუსტად ახლა ვიმყოფებოდი უზბეკეთში და რუმინეთში, სადაც სამუშაო შეხვედრები გვქონდა და შემიძლია აქვე განვაცხადო, რომ წლის ბოლოს La Gazzetta dello Sport გაეშვება როგორც რუმინეთში, ისე უზბეკეთში, რომელიც იქნება საქართველოდან მართული და მენეჯმენტი მოხდება ჩვენი ქვეყნიდან, რაც საქართველოს როლს სპორტული მედიის ინდუსტრიაში კიდევ წინ წამოწევს. თვითონ ის ფაქტი, რომ La Gazzetta dello Sport-ს არასდროს, თავის 120-წლიანი ისტორიის მანძილზე ფრენჩაიზი არავისთვის არ მიუცია და საქართველოში დაიწყო, ხაზს უსვამს ჩვენი ქვეყნის მნიშვნელობას გლობალური სპორტის მიმართულებაში."