მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის მორიგი ტიტული, - ქართველმა ძიუდოისტმა გიორგი სარდალაშვილმა ( -60 კგ) მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე რამდენიმე წუთის წინ ოქროს მედალი მოიპოვა და ევროპის ჩემპიონი გახდა.
21 წლის ქართველმა ფინალში ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) სახელით მოასპარეზე აიუბ ბლიევი დამატებით დროში იუკოთი დაამარცხა და საქართველოს დელეგაციას ევროპირველობის პირველ საშეჯიბრო დღეს ოქროს მედალი მოუტანა.
გიორგი სარდალაშვილმა შეჯიბრი მეორე წრიდან დაიწყო და ფინალამდე 3 შეხვედრა მოიგო. ქართველმა ჯერ უნგრელი მარტონ ანდრასი დაამარცხა, მეოთხედფინალში აშიკ ანდრეიანს სძლია, ნახევარფინალში კი გაფრთხილებებით, ევროპის მოქმედი ჩემპიონი ესპანელი ფრანსისკო გარიგოსი დაამარცხა.
ტურნირზე დღეს კიდევ სამმა ქართველმა, ვაჟა მარგველაშვილმა, თემურ ნოზაძემ (ორივე -66 კგ.) და ჯულიეტა როდონაიამ (-48 კგ) იასპარეზა. როდონაიამ პირველივე დაპირისპირება წააგო, მარგველაშვილმა და ნოზაძემ მხოლოდ საწყისი შეხვედრები მოიგეს და მედლის გარეშე დაასრულეს ასპარეზობა.
ხვალ ევროპირველობაზე საქართველოდან 4 ძიუდოისტი იასპარეზებს. ქართლთა შორის -57 კგ კატეგორიაში ტატამიზე ეთერ ლიპარტელიანი და ნინო ლოლაძე გავლენ, ეთერ ასკილაშვილი -63 კგ. წონით კატეგორიაში იასპარეზებს. მამაკაცთა შორის კი ლაშა შავდათუაშვილი (-73 კგ.) მორიგი ტიტულისთვის იბრძოლებს.
ფოტო: ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია









