დღეს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა ზამთრის XXV ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სპორტსმენთა გაცილების და ფიცის დადების ცერემონია.
ზამთრის თამაშები იტალიაში - მილანი/კორტინაში 6-22 თებერვალს ჩატარდება.
სეოკში გამართულ ღონისძიებას ესწრებოდნენ სეოკ-ის ხელმძღვანელები და აღმასრულებელი კომიტეტის წევრები, სპორტის სამინისტროს და ზამთრის სპორტის სახეობების წარმომადგენლები, ოლიმპიელი სამთო მოთხილამურეები - ნინო წიკლაური და ლუკა ბუჩუკური, მწვრთნელები, მედიის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები, მათ შორის -საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მასიმილიანო დ’ანტუონო.
ზამთრის XXV ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის შემადგენლობა წარადგინა სეოკ-ის გენერალურმა მდივანმა ემზარ ზენაიშვილმა.
საქართველოს სპორტსმენების სახელით ფიცი დადო მოთხილამურე ნინო წიკლაურმა. აღსანიშნავია, რომ ნინო წიკლაური ზამთრის სპორტის სახეობებში ქალთა და კაცთა შორის პირველი სპორტსმენი იქნება, ვინც ოლიმპიურ თამაშებზე მეხუთედ მიიღებს მონაწილეობას. სპორტსმენთა სახელით სიტყვით გამოვიდა მოთხილამურე ლუკა ბუჩუკური.
ოლიმპიურ თამაშებში საქართველოდან სპორტის 2 სახეობაში: ფიგურული ციგურაობა და სამთო თხილამურობა იასპარეზებს 8 სპორტსმენი.
გახსნის ცერემონიის მთავარი ღონისძიება გაიმართება 6 თებერვალს მილანის სან სიროს ოლიმპიურ სტადიონზე, სადაც საქართველოს მედროშეები იქნებიან მოციგურავეები: ლუკა ბერულავა და დიანა დევისი. კორტინაში კი მოთხილამურეები: ლუკა ბუჩუკური და ნინო წიკლაური.
ზამთრის XXV ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციას ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, ოლიმპიური ჩემპიონი ლერი ხაბელოვი უხელმძღვანელებს, ოლიმპიურ სოფელში მისიის ხელმძღვანელი იქნება ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტი, სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი მარიამ გიორგობიანი.
ლერი ხაბელოვი (სეოკ-ის პრეზიდენტი): “ფიგურულ ციგურაობაში ძლიერი შემადგენლობოთ წარდგება საქართველო ზამთრის ოლიმპიადაზე, გუნდური ასპარეზობა ძალიან დიდი მიღწევაა, ციგურაობაში მედლის მოპოვება ნებისმიერს შეუძლია, რასაც მათი ამ დრომდე მოპოვებული წარმატება გვაფიქრებინებს. ის ნაბიჯები რაც გადაიდგა წარმატებულია, ჩვენ სპორტსმენებს ვუსურვებ წარმატებას, იმედია, ეს ოლიმპიადა ჩაიწერება ისტორიაში და მედალს მოიპოვებს ჩვენი ქვეყანა.”
მარიამ გიორგობიანი (ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტი): “საქართველოს ნაკრები უმაღლეს დონეზეა მომზადებულო რაც შედეგებითაც დავადასტურეთ ევროპის ჩემპიონატზე, მზად ვართ ბრძოლისთვის, რა თქმა უნდა გვინდა მაღალი დონის გამარჯვება და გულშემატკივრის გახარება. “
ნინო წიკლაური (მოთხილამურე): “დიდი პატივია საქართველო ასეთ დონეზე წარვადგინო, ეს უკვე მე-5 ოლიმპიური თამაშებია ჩემთვის. ყველანაირად შევეცდები წინა შედეგები გავაუმჯობესო, მედალზე პრეტენზია ვერ მექნება, მთავარი მიზანი იქნება 30-ეულში მოხვედრა.”
ლუკა ბუჩუკური (მოთხილამურე): დიდხანს ვემზადებოდი ამ დღისთვის, მენტალურადაც მზად ვარ და უკან დახევას არ ვაპირებ. იმედია, ყველაფერი მოლოდინისამებს წავა. ჩემთვის სადებიუტო ოლიმპიადაა, აქამდე მსოფლიო ჩემპიონატებსა და სხვა საერთაშორისო ტურნირებზე ასპარეზობის გამოცდილება მაქვს.
ქართველი სპორტსმენები ზამთრის ოლიმპიადაზე:
1. ლუკა ბერულავა - ფიგურული ციგურაობა
2. ანასტასია მეტელკინა - ფიგურული ციგურაობა
3. ნიკა ეგაძე - ფიგურული ციგურაობა
4. ანასტასია გუბანოვა - ფიგურული ციგურაობა
5. დიანა დევისი - ფიგურული ციგურაობა
6. გლებ სმოლკინი - ფიგურული ციგურაობა
7. ნინო წიკლაური - სამთო - სათხილამურო სპორტი
8. ლუკა ბუჩუკური - სამთო - სათხილამურო სპორტი








