2 წელი მანჩესტერ სიტიში. პრემიერ ლიგის ტიტული, 4 სეზონი ფიორენტინაში, ინტერი, სევილია, მონაკო და ბევრი დასამახსოვრებელი გოლი თუ მატჩი - გუშინ, 35 წლის ფორვარდმა სტეფან იოვეტიჩმა ქუთაისის ტორპედოს წინააღმდეგ ითამაშა და დუბლი შეასრულა. იოვეტიჩმა ტორპედოს პირველ შეხვედრაშიც გაუტანა.
მოგეხსენებათ, კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ტორპედომ ომონიასთან ორი მატჩის ჯამში 5:0 წააგო.
LaGazzetta.ge-მ იოვეტიჩთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა. მას რამდენიმე საინტერესო თემაზე ვესაუბრეთ.
პირველ რიგში, გილოცავ გამარჯვებას. როგორ შეაფასებდი შენი გუნდის თამაშს?
"ბრწყინვალე მატჩი გამოვიდა, 4 გოლი გავიტანეთ და კიდევ ბევრი მომენტი გვქონდა. ჩემი თანაგუნდელებით ვამაყობ და ასე უნდა გავაგრძელოთ."
გუნდის წარმატებაში მთავარი წვლილი შენ შეიტანე და ამ 2 მატჩში 3 გოლი გაიტანე...
- "გატანილი გოლებით ბედნიერი ვარ, რადგან შედარებით განსხვავებულ პოზიციაზე ვთამაშობ. არა ფორვარდად, არამედ შემტევად. როცა გოლი გამაქვს, ყოველთვის ბედნიერი ვარ და ახლაც ასეა."
რას ფიქრობ ქუთაისის ტორპედოზე და მათ სტადიონზე შექმნილ ატმოსფეროზე?
- "სტადიონზე კარგი ატმოსფერო იყო. მათ 1:0 ჰქონდათ წაგებული და თამაში ადვილი არ იყო. ვფიქრობ, პირველი გოლი ტორპედოს რომ გაეტანა, საქმე სხვაგვარად წავიდოდა. გამოჩნდა, რომ ტორპედო კარგი გუნდია, რამდენიმე მაღალი დონის მოთამაშე ჰყავთ და თუ კიდევ ახალ ფეხბუთელებს დაიმატებენ, მომდევნო წლებში ევროტურნირებზე გასვლა შეუძლიათ."
35 წლის ხარ, მაგრამ კვლავ მაღალ დონეზე თამაშობ და გოლები გაგაქვს. როგორ შეინარჩუნე ფორმა და რას ეტყოდი სხვა ფეხბურთელებს?
- "ეს ყველაფერი ფეხბურთის სიყვარულის, შრომისმოყვარეობის და კარგი აღდგენის გამო ხდება, მაგრამ მთავარი მაინც ფეხბურთის სიყვარულია. როცა რაიმე გიყვარს, მას ყველაფერს მისცემ - ასე ვარ ფეხბურთზე."
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ქართულ კარში გოლი გაიტანე. ერთი წლის წინ, მონტენეგროს მაისურით საქართველოს ნაკრების კარი აიღე. გახსოვს ის მატჩი?
- "დიახ, მახსოვს. ევროპის ჩემპიონატის წინ იყო, ამხანაგური მატჩი ჩავატარეთ და საქართველოსთან 3:1 დავმარცხდით, მაგრამ მე კარგი გოლი გამომივიდა."
რას გვეტყვი ქართულ ფეხბურთზე?
- "ბოლო პერიოდში, თქვენი ნაკრები ბრწყინვალედ თამაშობს, ბევრი კარგი ფეხბურთელი გყავთ. კვარაცხელია ფანტასტიური მოთამაშეა, იგივეს ვიტყოდი მამარდაშვილზე და სხვებზე. ქართული ფეხბურთი წინ მიდის."
ალბათ, კვარაცხელიას თამაშს თვალს მაინც ყველაზე ხშირად ადევნებ...
- "კვარაცხელია საოცარი ფეხბურთელია, მის თამაშებს ხშირად ვუყურებ. გასული სეზონი მისთვის წარმატებული იყო - მოიგო სერია ა, საფრანგეთის ლიგა 1 და ჩემპიონთა ლიგა. დღეს კვარა გამორჩეული მოთამაშეა. თუ ასე გააგრძელა და კიდევ მოუმატა, მომავალში ოქროს ბურთს მოიგებს."
შენს დიდ და წარმატებულ კარიერაში ბევრი ვარსკვლავი თანაგუნდელი გყოლია. ვისთან ერთად გრძნობდი მოედანზე თავს ყველაზე კომფორტულად?
- "ბევრი ფეხბურთელია, ვისთან ერთად თამაშიც კომფორტული იყო, მაგრამ ავირჩევდი ჩემს თანამემამულე მირკო ვუჩინიჩს. ალბერტო ჯილარდინიოც კარგი პარტნიორი იყო."
მცველი, რომლის წინააღმდეგ თამაშიც ყველაზე მეტად გაგიჭირდა...
- "პაოლო მალდინი. ის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მცველია. ყველაზე მეტად მასთან და ნესტასთან თამაში გამიჭირდა."
ყველაზე დასამახსოვრებელი გოლი ან მატჩი შენი კარიერიდან?
- "ერთის არჩევა რთულია. ყველა გუნდში, სადაც ვითამაშე, ბევრი დასამახსოვრებელი მომენტი მქონდა, ამიტომ ერთს ვერ გამოვყოფ"
წლევანდელ სეზონს თუ მიადევნე თვალი და შენი აზრით, ვინ უნდა მოიგოს ოქროს ბურთი?
- "კარგი სეზონი ბევრს ჰქონდა. მომეწონა მესი, იამალი, საოცარი სეზონი ჰქონდა დემბელეს, რომელიც ბრწყინვალე მოთამაშეა და ოქროს ბურთს ისიც იმსახურებს."









