საქართველოს ისტორიული გამარჯვება - ინგა გურგენიძემ ოლიმპიურ ფესტივალზე ოქროს მედალი მოიპოვა

საქართველოში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ზამთრის ოლიმპიურ ფესტივალზე ჩვენმა ქვეყანამ პირველი მედალი მოიპოვა. ოქროს ფიგურული მოციგურავე ინგა გურგენიძე დაეუფლა, რაც საქართველოსთვის ისტორიული შედეგია, რადგან ამ დრომდე ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ჩვენი ქვეყნიდან ოქროს მედალი არავის მოუპოვებია.
ტურნირი ბათუმში ახლადაშენებულ ყინულის დარბაზში გაიმართა. მონაწილეებმა დღეს თავისუფალი პროგრამით იასპარეზეს. ქართველმა 128.97 ქულა დააგროვა. გუშინ მოკლე პროგრამაში 58.84 ქულით მესამე იყო, საერთო მაჩვენებლით კი საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.
შეგახსენებთ, ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს ჯამში 4 მედალი აქვს მოპოვებული და ოთხივე ფიგურული მოციგურავეების ანგარიშზეა. პირველი მედალი (ვერცხლი) 1997 წელს შვედეთში ვახტანგ მურვანიძემ მოიპოვა. ბრინჯაოს მედალი ნიკა ეგაძემ 2017 წელს დაისაკუთრა, 2023 წელს კი კონსტანტინე სუპატაშვილი ვერცხლის მედალს დაეუფლა.








