5 მაისს, ქუთაისში, ეროვნული ლიგის მატჩზე სოციალური კამპანია - „სიცოცხლის გულშემატკივარი“ - დაიწყო, რომელშიც ქალაქის მთავარი საფეხბურთო კლუბი „ტორპედო“ ერთვება და ისტორიულ დღესასწაულს, „გვირილობას“, მის პირვანდელ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან დანიშნულებას უბრუნებს.
„გვირილობის“ დღესასწაული ქუთაისში 100 წელზე მეტს ითვლის და ისტორიულად, ის ტუბერკულოზთან ბრძოლას ეძღვნებოდა. საუკუნის წინ, ამ დღეს, გვირილების სანაცვლოდ დაავადებულთა დასახმარებლად თანხას აგროვებდნენ. დროთა განმავლობაში, ტრადიციამ სახე იცვალა და დღეს ადამიანები ერთმანეთს უბრალოდ ყვავილებს ჩუქნიან.
საქართველოში ტუბერკულოზთან ბრძოლის კუთხით აშკარა პროგრესი გვაქვს, მაგრამ ჯანმო-ს (WHO) ბოლო კვლევის მიხედვით ჩვენთან ავადობის მაჩვენებლები მაინც მაღალია ევროპის წამყვან სახელმწიფოებთან სედარებით.
დაავადება ხშირად სრულიად უსიმპტომოდ ვითარდება, თუმცა მთავარი პრობლემა ინფორმაციის ნაკლებობაა. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ახლა მთავარი გამოწვევა საქართველოში არის დაავადების ირგვლივ გავრცელებული სტერეოტიპები და მითები, რაზეც ხმამაღლა საუბარია საჭირო. მითუმეტეს, რომ ამ დაავადების მკურნალობა სრულად უფასოა! ამ პრობლემაზე ხმამაღლა სასაუბროდ ავირჩიეთ სივრცე, სადაც ყველაზე მეტი ადამიანი იყრის თავს — სტადიონი.
5 მაისს, ტორპედოსა და რუსთავის მატჩისთვის:
- შეიქმნა ტუბერკულოზთან ბრძოლის ახალი სიმბოლო, რომლითაც ფეხბურთელები მოედანზე გამოვიდნენ.
- მეტოქე გუნდები გაერთიანდნენ საერთო ბანერის და სამკლაურის უკან.
- ფეხბურთელების თანმხლები ბავშვები მოედანზე გვირილებით ხელში გამოვიდნენ
- სტადიონის ადგილობრივი დიქტორისა და მატჩის პირდაპირი ტრანსლაციის კომენტატორის მეშვეობით, ათასობით მაყურებელმა პირდაპირ ეთერში გაიგო ამ მნიშვნელოვანი შინაარსის შესახებ.
- კამპანიას, შემოუერთდა „ტორპედოს“ ფან-კლუბი "ჯუნგლებიც".













