პარიზში გამართულ პარალიმპიურ თამაშებზე ქართველმა პარასპორტსმენებმა, ჩვენი ქვეყნისთვის რეკორდული რაოდენობის, 9 მედალი მოიპოვეს და ყველამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა და დაგვარწმუნა, რომ არასდროს, არც ერთი წამით, არ უნდა დანებდე და მიზანს აუცილებლად მიაღწევ. ვლადიმერ ჭინჭარაულმა 12 წლის თავდაუზოგავი შრომის შედეგად, სამიზნეს სიზუსტით ესროლა და საფრანგეთის დედაქალაქში მთავარ მიზანს მიაღწია. ქართველმა ვერცხლის მედალი 50 მეტრზე პნევმატური შაშხანიდან სროლაში (R9 კატეგორია) დაისაკუთრა.
მზადება პარალიმპიური თამაშებისთვის, მოლოდინი, შედეგი და სამომავლო გეგმები, - ვლადიმერ ჭინჭარაულმა კარიერის შესახებ, Lagazzetta.ge-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
- პარალიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვეთ, რამდენად გამართლდა თქვენი მოლოდინი?
- წასვლამდე ვთქვი, რომ ჩემი მოლოდინი გამართლდებოდა. კარგ ფორმაში ვარ, თუმცა ამაზე უკეთეს ფორმაშიც ვყოფილვარ.
- ფინალურ ეტაპზე ვნახეთ, რომ ლიდერობდით კიდეც, რა აღმოჩნდა გადამწყვეტი?
- არამარტო ფინალში მოხვედრა, არამედ პარალიმპიურ თამაშებზე ლიცენზიის მოპოვებაც ძალიან რთულია. ტოკიოს პარალიმპიური თამაშების ჩემპიონმა ლიცენზიის აღება ვერ შეძლო. როცა ასეთი მასშტაბური ტურნირის ფინალში ასპარეზობ, უკვე დიდი მიღწევაა. ფინალის მიმდინარეობის პროცესი აღარც მახსოვს, მხოლოდ ის ვიცი, რომ შანსი მქონდა, რომელიც არ უნდა გამეშვა და მიხარია, რომ ამ შესაძლებლობის გამოყენება შევძელი. ფინალის მომენტს შევადარებ სიტუაციას, როცა ადამიანი თოკზე გადის და ბალანსის დარღვევას შეიძლება ცუდი რაღაც მოჰყვეს. სროლაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ფსიქოლოგიურ მზაობას, ამ დროს სხვა რამეზე ვერ იფიქრებ. სრული მობილიზებაა საჭირო, ჭადრაკის თამაშს ვამსგავსებ, ქარის სიჩქარე, ვაზნის ტრაექტორია ყველაფერი უნდა დაითვალო. ზოგადად, იარაღთან შეხება როცა გაქვს, ყველაფერში კარგად უნდა ერკვეოდე, თუნდაც ქიმია, ბევრი ტექნიკური ნიუანსია, განსაკუთრებით, როცა პარასპორტსმენებს შორისაა შეჯიბრი.
- პარალიმპიური მედალი უმაღლესი მიღწევაა, თქვენ თქვით, რომ 12 წელი ელოდით ამ დღეს...

- მთავარი მიზანი მიღწეულია, ოლიმპიური მედალი საქართველოშია, ახლა ჩემი მიზანია 2028 წელს, აშშ-ის პარალიმპიადაზე მოხვედრა, დანებებას არ ვაპირებ.
- რაც შეეხება სავარჯიშო პირობებს, რამდენად გაქვთ საქართველოში შესაბამისი მოსამზადებელი პირობები?
- პნევმატური იარაღიდან სროლაში ძალიან კარგი ტირი გაგვაქვს, ცეცხლსასროლი იარაღიდან, ალაზნის პირზე გვიწევს ვარჯიში ან ტყეში, ამინდს გააჩნია, ერთადერთი წყალდიდობის დროს ვერ გავდივარ, თორემ ქარში, ყინვაში სულ დავდივარ, ძალიან ბევრჯერ ხელებიც გამყინვია. თელავის მერის ინიციატივით, მომავალი წლიდან თელავში უკვე იქნება ცეცხლსასროლი იარაღის ნახევრად დახურული ტირი.
- ლეგენდარული ქართველი ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე აეროპორტში დაგხვდათ, რა გითხრათ და რას ნიშნავს, როცა ნინო სალუქვაძე გგულშემატკივრობთ?
- ნინოს სალუქვაძე რომ არ დამხმარებოდა, მე ვერაფერს შევძლებდი, როგორც ტექნიკურად, ისე მორალურად და ფსიქოლოგიურად. განცდა მქონდა, რომ ნინოს სჯეროდა ჩემი. აეროპორტში დამხვდა, რომ დავინახე ძალიან გამიხარდა, იმიტომ რომ მისი იმედი გავამართლე და გავახარე. მითხრეს, შენი ასპარეზობისას, ცალკე გავიდა და ტიროდაო, ისე გაუხარდა. ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ამ ყველაფრისთვის. მე მწვრთნელი არ მყავს, არც შეკრებებზე დავდივარ და განსაკუთრებით მეამაყება, რომ ამ მოცემულებით შევძელი მედლის მოპოვება. მე არ ვჩერდები, არ ვნებდები, ვაგრძელებ ბრძოლას.
- რამდენად მნიშვნელოვანია აქტიური ცხოვრება და სპორტში ჩართულობა?
- მე დავინახე როგორ გააერთიანა სპორტმა მთელი ქვეყანა, როგორ უხარიათ ჩვენი წარმატება. რამდენიმე დღის წინ სტადიონზე ვიყავი, უცხო ბავშვები მოდიოდნენ და მეუბნებოდნენ მე თქვენ გიცნობთო, გამარჯვებას მილოცავდნენ, ჩემთან ფოტოს გადაღება სურდათ. მეუბნებოდნენ, როგორ მოსწონთ ჩვენი სპორტი, მე ყველას ვუთხარი, რომ არ დანებდნენ, ივარჯიშონ და ყველაფერი გამოვა.
- ტყვიის სროლით როდის დაინტერესდით?

- თუ ყოფილა მომენტი როცა სროლაზე თავის დანებება გსურდათ?
- როცა სისტემატური ვარჯიში მიწევს, 4-5 დღე გადაბმულად ტურნირისთვის როცა ვემზადები, მერე თოფის დანახვა აღარ მინდა ხოლმე, მაგრამ 2-3 დღე რომ გავა მგონია, რაღაც ცოდვას ჩავდივარ იარაღს რომ არ ვუბრუნდები და მაქვს განცდა, თითქოს მოსწავლე სკოლაში მეცადინეობის გარეშე მიდის და მასწავლებელი დატუქსავ. მე არავინ არაფერს მეტყვის, მაგრამ საკუთარ თავთან მაქვს უკმარისობის გრძნობა და ვარჯიშს ვაგრძელებ. მეთვითონ ვუწესებ ჩემს თავს დისციპლინასა და მოთხოვნას. შაშხანიდან მსროლელები საქართველოში აღარ არიან და ზუსტად ვიცი, ვერავინ დამეხმარება. თოფი აიღო და ისროლო ასე მარტივი არაა, ძალიან ბევრი რამის გადალახვა მომიწია, რაშიც ფედერაცია და პარალიმპიური კომიტეტი დამეხმარა, თორემ ამდენს მარტო ვერ შევძლებდი.
- რას ეტყვით გულშემატკივრებს, მთელი ქვეყანა დიდ სიყვარულს გამოხატავს და აეროპორტშიც ვნახეთ გულშემატკივრის ემოცია…
- როცა ამდენი ადამიანი შენს მიმართ სიყვარულს, სითბოსა და სიხარულს გამოიხატავს, ეს არის უდიდესი სიხარული და ბედნიერება. მე მიყვარს ჩემი ქვეყანა და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ხალხი გავახარე.















