კვიპროსის ჩემპიონატის მეხუთე ტურში ფამაგუსტის ანორთოსისი საკუთარ კედლებში ნიქოზიას ომონიასთან 0:5 განადგურდა. ეს იყო ყველაზე მძიმე წაგება თემურ ქეცბაიას სამწვრთნელო კარიერაში, რომლის გუნდებსაც 5 ბურთი შინ აქამდე არასდროს გაუშვიათ. დიახ, ქართველი დამრიგებლის გუნდებს გაუშვიათ 6 გოლი ესპანეთის ნაკრებისა და ტოტენჰემისგან, მაგრამ ეს გასვლაზე იყო.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული გუნდის ყოფილი მწვრთნელი "თეთრ-ლურჯებში" თავის კარიერაში დაბრუნდა მესამედ და მიზანი, კლუბის კრიზისიდან ამოყვანა არის. კვიპროსის ლიგაში ჩატარებული 5 ტურის შემდეგ, 57 წლის დამრიგებლის გუნდი 2 ქულით ბოლოსწინა პოზიციაზე არის.
"სამყურებთან" განადგურების შემდეგ, ქეცბაიამ განაცხადა, რომ ანტონის პაპადოპულოსის სახელობის სტადიონს არ დატოვებს იქამდე, სანამ ის კლუბსა და ქომაგებს სჭირდება. ანორთოსისის შემდეგი მეტოქე იქნება ლიმასოლის აელი, რომელიც ასევე სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილშია.













