რამდენიმე წუთის წინ “თბილისი არენაზე” დასრულდა მატჩი საქართველოსა და საბერძნეთის ხელბურთელთა ნაკრებებს შორის. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფურ შეხვედრაში საქართველომ 29 - 26 გამიმარჯვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი გუნდი ზედიზედ მეორედ ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე.
მატჩი დაძაბულად წარიმართა, საქართველოს ნაკრები მდევრის როლში აღმოჩნდა, დათმო პირველი ტაიმი, თუმცა საბოლოოდ, ჩვენმა გუნდმა თამაშის შემობრუნება მოახერხა და საბოლოოდ გაიმარჯვა. საქართველოს ნაკრებს ტრავმის გამო გამოაკლდა კაპიტანი თეიმურაზ ორჯონიკიძე, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
საქართველოს ნაკრებიდან ყველაზე მეტი, 7 გოლი გიორგი დიხამინჯიამ გაიტანა, ირაკლი კბილაშვილის ანგარიშზე 6 გოლია, 5 ერეკლე არსენაშვილმა, 4 გიორგი ცხოვრებაძემ, 2-2 გოლი კი ვახტანგ ხელისუფალმა, თეიმურაზ ორჯონიკიძემ და გიორგი არეშიძემ გაიტანეს, ერთი გოლი მირიან გავაშელიშვილმა მიითვალა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე ქართველთაგან, საქართველოს ნაკრების მეკარე დავით ნიქაბაძე გახდა.
რაც შეეხება სატურნირო მდგომარეობას, 2026 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-3 ჯგუფში საქართველო 6 ქულით მეორე ადგილზეა, პირველი ისლანდიაა (10 ქულა),შემდეგ ბოსნია და ჰერცეგოვინა (2) და საბერძნეთია (2). საკვალიფიკაციო 8 ჯგუფიდან 2-2 საუკეთესო ნაკრებთან ერთად, 2026 წლის ევროპის ჩემპიონატზე 4 საუკეთესო მესამეადგილოსანიც იასპარეზებს.
საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთთან გამარჯვებით ისტორიული შედეგი დააფიქსირა და პირდაპირ ჯგუფიდან გავიდა ევროპირველობაზე. 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი გუნდი საუკეთესო მესამეადგლიოსანის სტატუსით მოხვდა.
საქართველოს ხელბურთის ნაკრები ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას 11 მაისს ისლანდიის წინააღმდეგ გამართვას. მატჩი რეიკიავიკში თბილისი დროით, 20:00 საათზე დაიწყება.









