1995 წელს შანხაი შენჰუა პირველად და ჯერჯერობით უკანასკნელად თავის ისტორიაში ჩინეთის ჩემპიონი გახდა. მართალია, ეს გუნდი ლიგის ტრიუმფატორი გამხდარა 1961-1962 წლებშიც, მაგრამ "ლურჯ ეშმაკებს" იმ დროს პროფესიონალური კლუბის სტატუსი მოპოვებული ჯერ არ ჰქონდათ.
2003 წლის ჩემპიონობა კი ფინანსური სკანდალის გამო გაუქმდა. დავუბრუნდეთ 30 წლის წინ მომხდარ მოვლენებსა და ჩინეთის ჩემპიონატის იმდროინდელ საუკეთესო კლუბს, რომლის კარს გოჩა ჟორჟოლიანი იცავდა. ის აზიაში მოხვდა 1995 წლის ზამთარში, უკრაინიდან და Jia-A ლიგის ტრიუმფატორიც მალევე გახდა.
ქართველმა მეკარემ სუი გენბაოს გუნდში საერთო ჯამში ჩაატარა 47 მატჩი, აქედან 20 შემთხვევაში მან კარი მშრალად შეინახა. სამწუხაროდ, ჰუნკოუს ბინადრების გოლკიპერს საქართველოს ეროვნული გუნდის შემადგენლობაში არასდროს უთამაშია. კარიერა მან დაასრულა 1999 წელს, მისთვის მშობლიურ ცხუმში.
ცნობისთვის, 1996 წლის მაისში შანხაიმ საკუთარ კედლებში ჩაატარა ამხანაგური მატჩი იმ დროს უძლიერესი მილანის წინააღმდეგ და მასპინძელთა კარში, თანაც საკმაოდ დამაჯერებლად სწორედ ჟორჟოლიანი იდგა. მან გააკეთა რამდენიმე სეივი, მაგრამ რობერტო ბაჯოსგან 1 ბურთი მაინც გაუშვა.
რაც შეეხება შენჰუას თანამედროვე ისტორიას, უახლოეს წარსულში ამ გუნდში უთამაშიათ ისეთ ვარსკვლავებს, როგორებიც არიან დიდიე დროგბა, ნიკოლა ანელკა, კარლოს ტევესი და სხვები. დღეს, "ლურჯი ეშმაკების" დამრიგებელი არის ლეონიდ სლუცკი, თავკაცი, რომელმაც ითამაშა უდიდესი როლი ხვიჩა კვარაცხელიას წარმატებული კარიერის ფორმირებაში.









