დღეს, პარის სენ-ჟერმენი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის ფარგლებში ლონდონის არსენალს დაუპირისპირდება. ინგლისური გუნდი უხერხული მეტოქე არის არა მხოლოდ პსჟ-სთვის, არამედ ქართველი ლეგიონერებისთვისაც. "მეთოფეების" წინააღმდეგ უთამაშია "ჯვაროსნების" არაერთ წევრს, მაგრამ გოლის გატანა ვერავინ შეძლო.
ერთადერთი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ემირეიტსის ბინადრების წინააღმდეგ გააკეთა შედეგიანი მოქმედება არის თემურ ქეცბაია - 1998/99 წლების სეზონში ნიუკასლის ყოფილმა ფორვარდმა არსენ ვენგერის გუნდთან გაიფორმა ასისტი, ის შეხვედრა კი 1:1 დასრულდა.
ქეცბაიას გარდა, არსენალის წინააღმდეგ სხვადასხვა დროს უთამაშიათ კახა კალაძეს, გიორგი ქინქლაძეს, ზურაბ ხიზანიშვილს, მიხეილ აშვეთიას, გოჩა გოგრიჭიანსა და ალექსანდრე კობახიძეს, მაგრამ უშედეგოდ. ვნახოთ, შეძლებს თუ არა ლონდონელთა წინააღმდეგ ქართული ნავსის გატეხვას ხვიჩა კვარაცხელია.









