გავლენიან ბრიტანულ წყაროებს თუ დავუჯერებთ, ლივერპული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ახალი ცენტრალური მცველის დამატებას შეეცდება. იმის მიუხედავად, რომ იბრაჰიმა კონატე გუნდში 99% დარჩება და ჟერემი ჟაკეს ტრანსფერიც ოფიციალურად დაიხურა, მერსისაიდულმა კლუბმა დაცვის ხაზში შესაძლოა კიდევ ერთი ფეხბურთელი დაიმატოს, ერთ-ერთი მთავარი სამიზნე კი უკვე ცნობილია.
იან პოლ ვან ჰეკე ლივერპულის უფროსობის ერთ-ერთი ფავორიტი მოთამაშეა და მისი დამატება ნამდვილად განიხილება! დადასტურებულად შეგვიძლია იმის თქმა, რომ ენფილდის ბინადრები 25 წლის ნიდერლანდელი ფეხბურთელით სერიოზულად ინტერესდებიან, მეტიც, ბრაიტონის მცველთან პირველი კონტაქტიც შედგა, სადაც მხარეებმა პოტენციურ ტრანსფერზე ისაუბრეს.
ნიდერლანდელი ფეხბურთელი მიმდინარე სეზონში ბრაიტონის ერთ-ერთი ლიდერია და ზაფხულში გუნდის დატოვებას სერიოზულად განიხილავს. ლივერპულის გარდა საქმეში პრემიერ ლიგის სხვა დიდი კლუბებიც არიან, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით იან პოლ ვან ჰეკეს ახალ სეზონში ტოპ კლუბში ვიხილავთ.
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად, იან პოლ ვან ჰეკეს ლივერპულში პოტენციურ ტრანსფერთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.












