სამუელ ეტო'ო (ბარსელონადან ინტერში, 46 მილიონ ევროს + ზლატან იბრაჰიმოვიჩი, 2009 წელი)

სამუელ ეტო'ო ბარსელონას 2000-იანი წლების ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, თუმცა ის უფრო მიეკუთვნება ფრანკ რაიკაარდის ეპოქას და არა ხოსეპ გვარდიოლასას. დიახ, კამერუნელმა ფორვარდმა მანჩესტერ სიტის ამჟამინდელ დამრიგებელთან ერთად მოიგო ტრიპლეტი, მაგრამ კატალონიაში იმ დროს მწიფდებოდა სიახლეები და ერთ-ერთი სიახლე ვარსკვლავურ შემტევთან განშორება იყო.
"ბლაუგრანას" ყოფილი თავდამსხმელი გაცვალეს ზლატან იბრაჰიმოვიჩში და ამასთან ერთად, მილანის ინტერმა დამატებით 46 მილიონი ევროც მიიღო. რა მოხდა შემდეგ? ლეგენდარულმა 9-იანმა მოიგო კიდევ ერთი ტრიპლეტი, მაგრამ ამჯერად "ნერაძურისთან" ერთად. ჟოზე მოურინიომ რთული ხასიათის მქონე ეტო'ო თავის ერთ-ერთ ყველაზე ერთგულ და მშრომელ მოთამაშედ აქცია.
იაია ტურე (ბარსელონადან მან. სიტიში, 24 მილიონ ფუნტად, 2010 წელი)

53 წლის მწვრთნელმა ვერ მოახერხა იაია ტურეს სრულფასოვნად ათამაშება, რის შემდეგაც ის მანჩესტერ სიტიმ იყიდა. პრემიერ ლიგაში ტურე "ქალაქელების" წარმატების ერთ-ერთი ფუნდამენტი და კლუბის თანამედროვე ლეგენდა გახდა. ბედის ირონიით, ივუარელი შუახაზელი გვარდიოლას მოგვიანებით "ლურჯებშიც" გადაეყარა.
ზლატან იბრაჰიმოვიჩი (ბარსელონადან მილანში, იჯარა + გამოსყიდვა 24 მილიონ ევროდ, 2010 წელი)

როგორც აღვნიშნეთ, ზლატან იბრაჰიმოვიჩი გაცვალეს კამერუნელ თავდამსხმელში, თუმცა ზუსტად ერთი წლის შემდეგ ბარსელონას განკარგულებაში არც ერთი მათგანი აღარ იყო. "იყიდეს ფერარი, მაგრამ ატარებდნენ როგორც ფიატს", - ასე ახასიათებს შვედი ფორვარდი კატალონიაში გატარებულ პერიოდს.
ესპანელ მწვრთნელთან კონფლიქტის შემდეგ, შვედეთის ნაკრების თავდამსხმელი მილანში გაუშვეს, სადაც მან სკუდეტო მოიგო, შემდეგ კი პარის სენ-ჟერმენის თანამედროვე ისტორიაც დაწერა. ვერ ვიტყვით, რომ იბრას წასვლით, "ბლაუგრანამ" რამე დაკარგა, ისევე როგორც თავად ფორვარდმა, რომელიც უბრალოდ მოხვდა გარემოში, სადაც მისი ადგილი არ აღმოჩნდა.
მაქსველ ანდრადე (ბარსელონადან პსჟ-ში, 3.5 მილიონი ევრო, 2012 წელი)

ზლატან იბრაჰიმოვიჩის საუკეთესო მეგობარი, რომელიც მასთან ერთად იყო ამსტერდამის აიაქსსა და მილანის ინტერში. მათი გზები გადაიკვეთა ბარსელონაშიც, სადაც თავისი საუკეთესო თვისებები ვერცერთმა ვერ წარმოაჩინა. მოგვიანებით, მათი კავშირი აღდგა პარის სენ-ჟერმენში. სწორედ ამ პერიოდში დაიწყო საფრანგეთში ამ კლუბის სრული დომინირება.
მარიო მანჯუკიჩი (ბაიერნიდან ატლეტიკოში, 22 მილიონ ევროდ, 2014 წელი)

კიდევ ერთი თავდამსხმელი, რომელიც პეპმა ვერ გამოიყენა. ბაიერნიდან წასვლის შემდეგ, მარიო მანჯუკიჩმა თავისი საუკეთესო თვისებები გამოავლინა ჯერ მადრიდის ატლეტიკოში, შემდეგ კი ტურინის იუვენტუსში, სადაც საოცრად მშრომელი ფორვარდის სტატუსი მოიპოვა. ხორვატიის ეროვნული გუნდის მუნდიალის ფინალში და "ბებერი ქალბატონის" ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა, მის გარეშე უბრალოდ წარმოუდგენელი იქნებოდა.
ტონი კროოსი (ბაიერნიდან რეალში, 30 მილიონ ევროდ, 2014 წელი)

ტონი კროოს ჰქონდა ყველა წინაპირობა იმისთვის, რომ გამხდარიყო მიუნხენის ბაიერნის მომავალი კაპიტანი და ლეგენდა, თუმცა ყველასთვის მოულოდნელად, ის გადავიდა მადრიდის რეალში, სადაც უბრალოდ წარმოუდგენელ მწვერვალებს მიაღწია. ვერ ვიტყვით, რომ გერმანელი შუახაზელის სიტის ამჟამინდელი დამრიგებლის ინიციატივით გაუშვეს, მაგრამ ფაქტია, მან მისი შენარჩუნება ვერ მოახერხა.
ედინ ჯეკო (მან. სიტიდან რომაში, იჯარა + გამოსყიდვა 15 მილიონ ევროდ, 2016 წელი)

სამუელ ეტო'ო, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, მარიო მანჯუკიჩი და ამჯერად ედინ ჯეკო - კიდევ ერთი გაშვებული თავდამსხმელი, თანაც ის 53 წლის სპეციალისტის გეგმებში თავიდანვე არ ჩაჯდა. ბოსნიელი ფორვარდი კალჩოში ნამდვილ გოლის მანქანად იქცა და რომას გარდა, მან საოცარი სარგებელი მილანის ინტერსაც მოუტანა.
ლეროი სანე (მან. სიტიდან ბაიერნში, 49 მილიონ ევროდ, 2020 წელი)

საოცრად სწრაფი და ტექნიკური გარემარბი, რომელიც გვარდიოლასთვის ზედმეტად "ინდივიდუალისტი" აღმოჩნდა. ასე არ ჩათვალეს მიუნხენის ბაიერნში, სადაც ლეროი სანეს სრული თავისუფლება მისცეს. ის ახლაც რჩება "რეკორდმაისტერის" ერთ-ერთ წამყვან ფიგურად და მასთან განშორებას კლუბი არ აპირებს.
ოლექსანდრ ზინჩენკო (არსენალიდან მან. სიტიში, 32 მილიონ ფუნტად, 2022 წელი)

ესპანელი მწვრთნელი ოლექსანდრ ზინჩენკოზე ძალიან დიდ იმედებს ამყარებდა, თუმცა მისი შესაძლებლობების წარმოჩენა გვარდიოლამ ვერ მოახერხა. სამაგიეროდ, ამ საქმეს წარმატებით გაართვა თავი მანჩესტერ სიტის დამრიგებლის ყოფილმა ასისტენტმა, მიკელ არტეტამ, რომელმაც უკრაინელი განაპირა მცველი ლონდონის არსენალში თან წაიყვანა.
კოულ პალმერი (მან. სიტიდან ჩელსიში, 40 მილიონ ფუნტად, 2023 წელი)

უკანასკნელი მაგალითი იმისა, თუ როგორ ვერ გამოიყენა 53 წლის მწვრთნელმა ახალგაზრდა ფეხბურთელი. კოულ პალმერი დღევანდელი ლონდონის ჩელსის მთავარი მამოძრავებელი ძალაა. მანჩესტერ სიტის დატოვების შემდეგ, ინგლისელმა გამთამაშებელმა ჩაატარა 36 მატჩი, გაიტანა 19 ბურთი და გააკეთა 12 ასისტი.
ასევე გამოსარჩევია: პიერ-ემილ ჰოიბერგი, ჯეიდონ სანჩო, დუგლას ლუისი.











