ლონდონის არსენალი - 49-მატჩიანი წაუგებელი სერია პრემიერ ლიგაში (2003-2004)
არსენალმა პრემიერ ლიგის 2003-2004 წლების სეზონი ჩემპიონობითა და ნული მარცხით ჩაამთავრა. ეს გუნდი შემდეგი სეზონის პირველი 11 ტურის მანძილზეც არ აგებდა. ლონდონელთა სერია დაამთავრა მანჩესტერ იუნაიტედმა, ეპლ-ის მე-12 ტურში, 2004 წლის 12 ოქტომბერს. რუდ ვან ნისტელროისა და უეინ რუნის ბურთებით, "წითელმა ეშმაკებმა" "მეთოფეები" სამოთხიდან ჩამოაგდეს.

ბარსელონა - 42-მატჩიანი წაუგებელი სერია ლა ლიგაში (2017-2018)
ჩემპიონთა ლიგაზე განცდილი წარუმატებლობების მიუხედავად, ლა ლიგაში ბარსელონა ნამდვილად წაუგებელი მონსტრი იყო. ეს გუნდი რჩებოდა დაუმარცხებელი 2017 წლის 15 აპრილიდან - 2018 წლის 13 მაისის ჩათვლით. კატალონიელთა სერია დაასრულა ლევანტემ, რომელმაც მრისხანე მეტოქე უხვგოლიან მატჩში 5:4 დაამარცხა. "ბლაუგრანას" ფილიპე კოუტინიოს ჰეტ-ტრიკმა ვერ უშველა.

მიუნხენის ბაიერნი - 53-მატჩიანი წაუგებელი სერია ბუნდესლიგაში (2012-2014)
ბაიერნის წაუგებელი სერია იუპ ჰაინკესმა დაიწყო, შემდეგ კი ხოსეპ გვარდიოლამ გააგრძელა. გერმანული ფეხბურთის მთავარი ფლანგმანი ბუნდესლიგაში არ აგებდა ორი წლის მანძილზე, 2012 წლის ნოემბრიდან - 2014 წლის მარტის ჩათვლით. მიუნხენელების სერია შეაჩერა მოკრძალებულმა აუგსბურგმა, რომელმაც მინიმალური ანგარიშით მოიგო.

ლისაბონის ბენფიკა - 48-მატჩიანი წაუგებელი სერია ყველა ტურნირზე ერთად (1963-1965)
რეკორდი, რომელიც ცოტა ხნის წინ, ლევერკუზენმა დაამხო და ის დღემდე გრძელდება. რაც შეეხება ბენფიკას, ორწლიანი დაუმარცხებელი სერიის შემდეგ, პორტუგალიელელები 1965 წლის 14 თებერვალს დამარცხდნენ. ასეთი საჩუქარი ვალენტინობის დღისთვის ლისაბონელებს სეტუბალის ბარეირომ მოუმზადა, რომელმაც მეტოქე 3:1 დაამარცხა. დღეს, ამ კლუბს ჰქვია ფაბრილი და ის მე-4 დივიზიონში თამაშობს.

მილანის ინტერი - 40-მატჩიანი წაუგებელი სერია კალჩოში (2004-2005)
ინტერნაციონალე სერია ა-ში არ მარცხდებოდა 40 შეხვედრის განმავლობაში, 2004 წლის მაისიდან - 2005 წლის თებერვლამდე. ზეიმი ჩააშხამა ვინ, თუ არა თანაქალაქელმა მილანმა, რომელმაც რიკი კაკას ბურთით, დერბი დელა მადონინაში მინიმალური ანგარიშით მოიგო. მოგვიანებით, "ნერაძური" გამოაცხობს კიდევ ერთ სერიას, მაგრამ ამჯერად 39-მატჩიანი წაუგებელი მატჩებით.

ტურინის იუვენტუსი - 49-მატჩიანი წაუგებელი სერია კალჩოში (2011-2012)
იუვენტუსმა 2011-2012 წლების სეზონის სკუდეტო მარცხის გარეშე მოიპოვა. იტალიის ყველაზე ტიტულოვანი გუნდის ჰეგემონია გაგრძელდა მომდევნო წლებშიც, მაგრამ ამჯერად მსგავსი სერიების გარეშე. კალჩოში რეკორდულ სვლას, ძირითადად, აჩერებენ მოსისხლე მტრები და გამონაკლისი არც ეს შემთხვევაა: 2012 წლის 3 ნოემბერს, ტურინელებმა შინ წააგეს ინტერთან, ანგარიშით 1:3.

ლივერპული - 44-მატჩიანი წაუგებელი სერია პრემიერ ლიგაში (2019-2020)
ლივერპული 13 თვის განმავლობაში არ მარცხდებოდა. სერია შეაჩერა არა რომელიმე გრანდმა, არამედ უოტფორდმა, რომელმაც 2020 წლის 29 თებერვალს მერსისაიდელები ანგარიშით 3:0 გაანადგურა. სამწუხარო მომენტია, მაგრამ წინ ამ გუნდს ელოდა ნანატრი ჩემპიონობა, პირველი, 1989/90 წლების სეზონის, შემდეგ.

მილანი - 58-მატჩიანი წაუგებელი სერია კალჩოში (1991-1993)
საუკეთესო პერიოდი მილანის ისტორიაში. 80-იანების ბოლოდან - 90-იანების დასაწყისამდე, ეს გუნდი როგორც სერია ა-ში, ისე ევროსარბიელზე პრაქტიკულად უკონკურენტო იყო. რაც შეეხება წაუგებელ სერიას, ის შეწყდა 1993 წლის 21 მარტს, პარმასთან მატჩში. ფაუსტინო ასპრილიას ბურთს "როსონერიმ" ვერაფერი დაუპირისპირა.

მადრიდის რეალი - 40-მატჩიანი წაუგებელი სერია ყველა ტურნირზე ერთად (2016-2017)
ზინედინ ზიდანის მოღვაწეობის პერიოდი რეალის მთავარი მწვრთნელის რანგში. ზედიზედ სამჯერ მოპოვებულ ჩემპიონთა ლიგის თასთან ერთად, მან მადრიდს აჩუქა 40-მატჩიანი წაუგებელი სერიაც, რომელიც შეწყდა 2017 წლის 16 იანვარს, სევილიასთან. ევროპის ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა გაიტანა პირველმა, მაგრამ ბოლო 5 წუთში ანდალუსიელებისგან 2 ბურთი მიიღო, შედეგად კი ანგარიში 1:2 დაფიქსირდა.

ბუქარესტის სტიაუა - 104-მატჩიანი წაუგებელი სერია რუმინეთის ჩემპიონატში (1986-1989)
სტიაუა იმ დროს ნომერ პირველი იყო, როგორც რუმინეთში, ისე ევროპაშიც. დიახ, 1986 წელს, ეს გუნდი ჩემპიონთა თასს დაეუფლა. შიდა ჩემპიონატში კი ბუქარესტელები 3 წლის მანძილზე არ აგებდნენ. რეკორდული სერია შეაჩერა მოსისხლე მტერმა, მეზობელმა დინამომ, რომელმაც 1989 წლის 9 სექტემბერს, მრისხანე მეტოქე 3:0 გაანადგურა.












