10. პარის სენ-ჟერმენი - 12 ჩემპიონობა (9 ვიცე-ჩემპიონობა)

გასულ დეკადამდე რთულად წარმოსადგენი იყო, რომ პარის სენ-ჟერმენი აღნიშნულ რეიტინგში მოხვდებოდა. ზოგადად, ეს გუნდი არასდროს ყოფილა ტიტულებით მდიდარი, მაგრამ ყველაფერი ყატარული ინვესტიციების შემდეგ შეიცვალა. პსჟ 2013-2024 წლების შუალედში ლიგა 1-ის ტრიუმფატორი გახდა 10-ჯერ, იქამდე კი ამ კლუბის ანგარიშზე სულ რაღაც 2 ჩემპიონობა იყო.
9. ლონდონის არსენალი - 13 ჩემპიონობა (10 ვიცე-ჩემპიონობა)

არსენალი პრემიერ ლიგის ჩემპიონობის შანსს ახლაც ინარჩუნებს, რაც ნიშნავს იმას, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, შესაძლოა, ეს გუნდი სიაში უკვე 14 ჩემპიონობით იყოს. ლონდონელთა მთავარი კონკურენტი არის მანჩესტერ სიტი, რომლისთვისაც ამ სიაში ყოფნა ჯერ ადრეა. ცნობისთვის, "მეთოფეების" ბოლო ჩემპიონობა ზუსტად 20 წლის წინ შედგა.
8. ლივერპული - 19 ჩემპიონობა (15 ვიცე-ჩემპიონობა)

ინგლისის ერთ დროს ყველაზე ტიტულოვანი გუნდი, რომლის ჰეგემონია აღნიშნული რეიტინგის სხვა წევრმა დაამხო. ლივერპულს ჰქონდა 30-წლიანი წარუმატებელი სერია, მაგრამ 2020-ში ნავსი საბოლოოდ მაინც გატყდა. ჩემპიონის თასი მერსისაიდში დააბრუნა იურგენ კლოპმა, რომელიც სეზონის ბოლოს ახალი თავგადასავლების ძიებას შეუდგება.
7. მილანი - 19 ჩემპიონობა (16 ვიცე-ჩემპიონობა)

"წითლების" მსგავსად, 19 ჩემპიონობა აქვს მილანსაც, თუმცა იტალიურ გუნდს ერთი ვიცეჩემპიონობით მეტი (16:15) აქვს, რაც თავის მხრივ, ასევე ტიტულად ითვლება. "როსონერის" ოქროს ეპოქა 80-იანების ბოლოს დაიწყო და 2000-იანების შუა წლებამდე გაგრძელდა. დროის ამ შუალედში მათ 7 სკუდეტო მოიგეს.
6. მილანის ინტერი - 20 ჩემპიონობა (16 ვიცე-ჩემპიონობა)

ინტერნაციონალემ "შავ-წითლებსა" და "სქაუზერებს" მიმდინარე სეზონში გაასწრო, მეოცე ჩემპიონობის გაფორმებით. იყო დრო, როდესაც ეს გუნდი განიცდიდა სერიოზულ სასკუდეტო კრიზისს (1989-2006), მაგრამ 2000-იანი წლების შუა პერიოდიდან "ნერაძურიმ" გამოიღვიძა და თავის მაისურზე მე-2 ვარსკვლავის დატანების უფლება მეზობელ ლომბარდიელებზე ადრე მოიპოვა.
5. მანჩესტერ იუნაიტედი - 20 ჩემპიონობა (17 ვიცე-ჩემპიონობა)

20 ჩემპიონობა "შავ-ლურჯების" მსგავსად, თუმცა მანჩესტერი უფრო წინ ვიცეჩემპიონობების ხარჯზე აღმოჩნდა (17:16). ამ გუნდის წარმატება პირდაპირ კავშირშია სერ ალექს ფერგიუსონთან, რომელმაც იუნაიტედს 13 თასი მოუტანა. იქამდე იყო 26-წლიანი წარუმატებელი სერია (1967-1993). აღსანიშნავია ისიც, რომ შოტლანდიელი სპეციალისტის წასვლიდან 11 წელი გავიდა, "წითელი ეშმაკები" კი მთელი ეს დრო უტიტულოდ არიან.
4. ბარსელონა - 27 ჩემპიონობა (27 ვიცე-ჩემპიონობა)

ბარსელონას თავის ისტორიაში ოქროს ეპოქა ორჯერ ჰქონდა. პირველი - 1991-1994 წლები, ზედიზედ ოთხჯერ მოპოვებული ლა ლიგის ჩემპიონობა. მეორე ოქროს ეპოქად კი შეგვიძლია ჩავთვალოთ ფრანკ რაიკაარდისა და პეპ გვარდიოლას მოღვაწეობის პერიოდი. 2005 წლიდან - დღემდე, პრიმერაში კატალონიელება 11-ჯერ მოიპოვეს პირველობა.
3. მიუნხენის ბაიერნი - 33 ჩემპიონობა (10 ვიცე-ჩემპიონობა)

გერმანული ფეხბურთის მთავარი ფლანგმანი, რომელიც თავის უახლოეს მდევარს, ნიურნბერგს, არც მეტი არც ნაკლები 24 ჩემპიონობით უსწრებს. ბაიერნი ხშირ შემთხვევაში, უკონკურენტოა, მაგრამ ზოგჯერ გვხვდება გამონაკლისებიც და ბოლო ასეთი იყო ლევერკუზენის ბაიერი, რომელმაც ვერცხლის სინი მინიმუმ ერთი სეზონით დაისაკუთრა.
2. ტურინის იუვენტუსი - 36 ჩემპიონობა (21 ვიცე-ჩემპიონობა)

სერია ა-ს ყველაზე ტიტულოვანი გუნდი, რომელიც უახლოეს მდევარს 16 სკუდეტოთი უსწრებს. როგორც ვთქვით, "შავ-ლურჯებმა" მეორე ვარსკვლავი მიიღეს წელს, მაშინ როდესაც იუვემ მე-20 ჩემპიონობა იზეიმა ჯერ კიდევ 1982-ში, მე-3 ვარსკვლავამდე კი ეს კლუბი 2012-ში მივიდა. ვნახოთ, როდის გადააბიჯებენ ტურინელები 40-იან ნიშნულს.
1. მადრიდის რეალი - 36 ჩემპიონობა (25 ვიცე-ჩემპიონობა)

4 მაისს მოპოვებული ჩემპიონობის შემდეგ, რეალი გაუთანაბრდა "ბებერ ქალბატონს" და ვიცეჩემპიონობების ხარჯზე (25:21), ეს გუნდი პირველ პოზიციამდეც აღზევდა. მადრიდი ლიდერია როგორც ევროპის ტოპ 5 ლიგაში, ისე ევროპაშიც, ჩემპიონთა ლიგის 14 ტიტულით თავის დიდებულ კოლექციაში.











