ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალური მატჩები საოცრად სანახაობრივი და დრამატული გამოდგა, ორივე მატჩს ზღაპრული დასასრული ჰქონდა.
ალექსანდრ ზვერევმა კარლოს ალკარასს დიდი კონკურენცია გაუწია და ახლოს იყო გამარჯვებასთან, თუმცა ბოლო სეტში, როცა საკუთარი ჩაწოდებით თამაშს იგებდა, დათმო და ალკარასმა ეს უპირატესობა გამოიყენა.
ეს მატჩი ჩოგბურთის ისტორიაში შევიდა. კერძოდ, ავსტრალიის ღია პირველობის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ნახევარფინალი გამოდგა - 5 საათი და 27 წუთი. ამ ტურნირის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი მატჩი 2012 წლის ფინალში, ჯოკოვიჩსა და ნადალს შორის შედგა - 5 საათი და 53 წუთი.
ალკარასი გახდა ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე (22 წლის და 270 დღის), რომელიც ოთხივე დიდი სლემის ფინალში გავიდა.
"საოცარი მატჩი იყო და ძალიან დაღლილი ვარ. ვეცდები, ფინალამდე ენერგია აღვიდგინო. ასეთი მატჩები ძალიან დიდ ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს. ყველაფერი უნდა გავაკეთო, რომ ფინალს სრულად მზად შევხვდე", - კარლოს ალკარასი
"წარმოუდგენელი ბრძოლა იყო, რომელიც სამწუხაროდ ჩემს სასიკეთოდ არ დასრულდა. ემოციურად გადაღლილი ვარ. ვამაყობ ჩემი თავით, რომ ასეთი მატჩი ჩავატარე", - ალექსანდრ ზვერევი.
38 წლის ნოვაკ ჯოკოვიჩი მორიგ არარეალურ მატჩს ატარებს და მსოფლიოს მეორე ჩოგანს იანიკ სინერს 5 სეტში ამარცხებს. 3:6 6:3 4:6 6:4 6:4 - ბოლო, გადამწყვეტ სეტში ნოვაკს დაღლილობა ეტყობოდა, თუმცა ის მენტალიტეტი გამოავლინა, რითიც მთელი თავისი კარიერა უმაღლეს შედეგებს დებდა და ახლოსაა, რომ 25-ე დიდი სლემის ტიტული მოიგოს.
ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალს მე-11-ედ ითამაშებს, დიდი სლემის ფინალს კი 38-ედ, რაც ჩოგბურთის ისტორიაში საუკეთესო შედეგია. ჯოკოვიჩისა და ალკარასის ფინალური მატჩი 1 თებერვალს შედგება.









