2024–25 წლების სეზონის უეფას ერთა ლიგა რიგით მეოთხე გათამაშება იქნება. ტურნირი ჩატარდება 2024 წლის სექტემბრიდან ნოემბრამდე (ლიგის ფაზა), 2025 წლის მარტში იქნება A ლიგის მეოთხედფინალი და დაწინაურება/დაქვეითების პლეი ოფები, ხოლო 2025 წლის ივნისში ერთა ლიგის ფინალი გაიმართება.
მოქმედი ჩემპიონი ესპანეთია, რომელმაც 2023 წლის ფინალში ხორვატიის ნაკრები დაამარცხა.
ნაკრებები 4 ლიგაში განაწილდებიან: A, B, C და D. პირველი სამი ლიგის თითოეულ ჯგუფში 4-4 ნაკრები იქნება წარმოდგენილი, რაც შეეხება D ლიგას, აქ 6 ნაკრები იქნება, რომლებიც ორ 3-გუნდიან ჯგუფში გაიყოფიან. ნაკრებები განაწილდებიან ლიგებში 2022–23 წლების უეფას ერთა ლიგის საერთო რეიტინგის მიხედვით. თითოეული გუნდი ითამაშებს ექვს მატჩს თავის ჯგუფში, გარდა D ლიგის გუნდებისა, რომლებიც ითამაშებენ ოთხს.
2023 წლის 25 იანვარს, უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა დაადასტურა ერთა ლიგის შეცვლილი ფორმატი ლიგის ფაზის შემდეგ. უმაღლეს დივიზიონში, A ლიგაში, ჯგუფის გამარჯვებულები და მეორეადგილოსნები გავლენ 1/4 ფინალში, საიდანაც გაირკვევა ფინალური ოთხეულის მონაწილე ნაკრებების ვინაობა.
A და B ლიგის ბოლოადგილოსნები დაქვეითდებიან ქვედა დივიზიონებში, ხოლო B, C და D ლიგების გამარჯვებულები გადაინაცვლებენ ზედა ლიგებში. C ლიგის ოთხი ჯგუფიდან ორი ბოლოადგილოსანი D დივიზიონში დაქვეითდება. მე-3 ადგილზე გასვლა იმის გარანტი აღარ არის, რომ გუნდი ქვედა დივიზიონში არ დაქვეითდება. A ლიგის მესამეადგლოსნები B ლიგის მეორეადგილოსნების წინააღმდეგ დარჩენა/დაწინაურების ორმატჩიან საპლეიოფო შეხვედრას გამართავენ (სახლი-გასვლის პრინციპით). იგივე პრინციპი იქნება B ლიგის მესამეადგილოსნებსა და C ლიგის მეორეადგილოსნებს შორის. ასევე, პლეი ოფი იქნება C ლიგის ორ საუკეთესო ბოლოადგილოსანსა და D ლიგის მეორეადგილოსნებს შორის.
A ლიგა:
პირველი კალათა: ესპანეთი, ხორვატია, იტალია, ნიდერლანდები.
მეორე კალათა: დანია, პორტუგალია, ბელგია, უნგრეთი.
მესამე კალათა: შვეიცარია, გერმანია, პოლონეთი, საფრანგეთი.
მეოთხე კალათა: ისრაელი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, სერბეთი, შოტლანდია.
B ლიგა:
პირველი კალათა: ავსტრია, ჩეხეთი, ინგლისი, უელსი.
მეორე კალათა: ფინეთი, უკრაინა, ისლანდია, ნორვეგია.
მესამე კალათა: სლოვენია, ირლანდიის რესპუბლიკა, ალბანეთი, მონტენეგრო.
მეოთხე კალათა: საქართველო, საბერძნეთი, თურქეთი, ყაზახეთი.
C ლიგა:
პირველი კალათა: რუმინეთი, შვედეთი, სომხეთი, ლუქსემბურგი.
მეორე კალათა: აზერბაიჯანი, კოსოვო, ბულგარეთი, ფარერის კუნძულები.
მესამე კალათა: ჩრდილოეთ მაკედონია, სლოვაკეთი, ჩრდილოეთ ირლანდია, კვიპროსი.
მეოთხე კალათა: ბელარუსია, ლიეტუვა/გიბრალტარი*, ესტონეთი, ლატვია.
D ლიგა:
პირველი კალათა: ლიეტუვა/გიბრალტარი*, მოლდოვა.
მეორე კალათა: მალტა, ანდორა, სან მარინო, ლიხტენშტეინი.
*განისაზღვრება 2022/23 წლების პლეი-აუტების შემდეგ - 2024 წლის მარტში.
უეფა ერთა ლიგა გუნდებს 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლის შანსს მისცემს. ევროპაში მუნდიალის 12 საკვალიფიკაციო ჯგუფი იქნება, საიდანაც გამარჯვებულები პირდაპირ მუნდიალზე გავლენ. რაც შეეხება მეორეადგილოსნებს, ეს გუნდები და ერთა ლიგის 4 საუკეთესო ნაკრები (რომელთაც არ ექნებათ განაღდებული მუნდიალის საგზური) პლეი ოფში (ნახევარფინალი და ფინალი, ორივე ერთმატჩიანი) მუნდიალის ბოლო 4 საგზურის ვინაობას გაარკვევენ.
ვინაიდან საქართველოს ეროვნული ნაკრები B დივიზიონშია, ჩვენს გუნდსაც ექნება შანსი ამ გზით მოხვდეს 2026 წლის მუნდიალზე, რომელსაც სამი ქვეყანა უმასპინძლებს: ამერიკის შეერთებული შტატები, მექსიკა და კანადა.
ერთა ლიგის 2024/25 წლების სეზონის წილისყრა 8 თებერვალს, თბილისის დროით 21:00 საათზე, ქალაქ პარიზში გაიმართება.
2024/25 უეფას ერთა ლიგა: ყველაფერი რაც უნდა ვიცოდეთ









