გასულ სეზონთან შედარებით, 2024 წელს რეკორდული, 24 რბოლა ჩატარდება, სადაც მონაწილეობას ტრადიციულად 10 გუნდი მიიღებს. გუნდები უცვლელია, თუმცა, შეცვლილია სახელები - ალფა ტაური რეისინგ ბულსი გახდა, ხოლო ალფა რომეო ზაუბერის სახელით ისპარეზებს. გაიგეთ ყველაფერი ფორმულა 1-ის 2024 წლის სეზონზე.
რედ ბული, გასული წლის შედეგი: პირველი ადგილი, 860 ქულა
მრბოლელები: მაქს ვერსტაპენი, სერხიო პერესი
მრბოლელები: მაქს ვერსტაპენი, სერხიო პერესი

უკვე ორი სეზონია, რაც რედ ბულმა დომინაცია დაიბრუნა - 2023 წელს, RB19-მა 22-დან 21 რბოლა მოიგო. ავსტრიულ გუნდს ორი არჩევანი ჰქონდა - დაეტოვებინა საჩემპიონო ბოლიდი ან შეექმნა ახალი, განსხვავებული პროექტი. აეროდინამიკის მამად წოდებულმა ადრიან ნიუიმ მეორე გზა აირჩია და სრულიად განსხვავებული კონცეფცია შექმნა. RB20-ის გვერდებზე დამატებულია ვერტიკალური ჭრილები, რაც წინა წლის ბოლიდში არ გვხვდებოდა. რედ ბულის მთავარი მიზანი, რა თქმა უნდა, ჩემპიონობის შენარჩუნება იქნება.
მერსედესი, გასული წლის შედეგი: მეორე ადგილი, 409 ქულა
მრბოლელები: ლუის ჰემილტონი, ჯორჯ რასელი
მრბოლელები: ლუის ჰემილტონი, ჯორჯ რასელი

გერმანული გუნდისთვის მეორე ადგილი, როგორც ჩანს, საკმარისი არ არის და ტექნიკური თვალსაზრისით ახალი ბოლიდი რადიკალურად შეცვალეს. W15 შასით, წონის გადანაწილებისა და აეროდინამიკის კუთხით სრულიად განსხვავდება W14-სგან. მერსედესის მთავარი მიზანი 2024 წელს რბოლის მოგება და რედ ბულთან ჩამორჩენის შემცირება იქნება, რაც გერმანულ გუნდს გასულ სეზონზე არ გამოუვიდა.
ფერარი, გასული წლის შედეგი: მესამე ადგილი, 406 ქულა
მრბოლელები: შარლ ლეკლერი, კარლოს საინსი
მრბოლელები: შარლ ლეკლერი, კარლოს საინსი

ფერარიმ, შარშანდელთან შედარებით, ბოლიდის დიზაინი რადიკალურად შეცვალა და რედ ბულს უფრო მიუახლოვდა. SF-24-ის წინა ფრთა შედარებით უფრო მრგვალია, ხოლო ტალღოვანი დიზაინი უფრო დიდი რაოდენობით ჰაერის ნაკადს ატარებს, რამაც ე.წ დამწოლი ძალა უნდა გაზარდოს. 2023 წელს იტალიური გუნდის მთავარი მინუსი არასტაბილურობა იყო. ტესტებზე გამოჩნდა, რომ ახალ ბოლიდში სარბოლო ტემპი გაუმჯობესებულია.
მაკლარენი, გასული წლის შედეგი: მეოთხე ადგილი, 302 ქულა
მრბოლელები: ლანდო ნორისი, ოსკარ პიასტრი
მრბოლელები: ლანდო ნორისი, ოსკარ პიასტრი

MCL38-ზე, რედ ბულიდან წამოსულმა რობ მარშალმა და ფერარიდან გადმოსულმა დავიდ სანჩესმა იმუშავეს. ბოლიდის საინტერესო დეტალია კვადრატის ფორმის ჰაერის შემშვები კოკპიტის თავზე და რედ ბულის მსგავსად, დაბლა დაწეული წინა ცხვირი. მაკლარენმა გასული სეზონის სტარტი ჩააგდო, თუმცა შემდეგი განახლებებით კარგი შედეგები აჩვენა და საბოლოოდ, მეოთხე ადგილზე გავიდა. წელს კი მთავარი მიზანი საწყისი რბოლებიდანვე ქულების დაგროვება იქნება.
ასტონ მარტინი, გასული წლის შედეგი: მეხუთე ადგილი, 280 ქულა
მრბოლელები: ფერნანდო ალონსო, ლენს სტროლი
მრბოლელები: ფერნანდო ალონსო, ლენს სტროლი

ასტონ მარტინში AMR24-ზე მუშაობის დროს, განსაკუთრებული ყურადღება აეროდინამიკაზე გაამახვილეს, შესაბამისად, სრულად განახლდა წინა ცხვირი და გვერდითა პანელები, რათა ბოლიდმა უფრო დიდი ჰაერის ნაკადი გაატაროს ტურბულენტობის შექმნის გარეშე. ასევე შეცვლილია დაკიდების სისტემაც, რაც ხელს შეუწყობს აეროდინამიკის ეფექტურად მუშაობას. მაკლარენის საპირისპიროდ, ასტონ მარტინმა გასული წელი ხმაურიანად დაიწყო, თუმცა განახლებებში ტემპი ვეღარ გაზარდა და სეზონის მეორე ნახევარი ჩააგდო. წელს კი მათი მთავარი მიზანი, რაც შეიძლება ბევრი პოდიუმია.
ალპინი, გასული წლის შედეგი: მეექვსე ადგილი, 120 ქულა
მრბოლელები: პიერ გასლი, ესტებან ოკონი
მრბოლელები: პიერ გასლი, ესტებან ოკონი

ფრანგული გუნდის მთავარი მიზანი აეროდინამიკის გაუმჯობესება იყო, რაც A523 მოდელზე არაეფექტურად მუშაობდა. ამისთვის, A524 ბოლიდზე სრულად შეიცვალა შასი და უკანა დაკიდების სისტემა, ასევე განახლდა წინა ფრთა და დაინერგა გაგრილების ახალი მიდგომა. ტესტებზე ნაჩვენები შედეგების მიხედვით, წინა ფრთა საკმაოდ ეფექტურად მუშაობს და უფრო მეტ ჰაერის ნაკადს უმკლავდება. ალპინის მთავარი მიზანი 2024 წელს სტაბილურობის შენარჩუნება და ყველა რბოლაში ქულების ზონაში მოხვედრა იქნება.
უილიამსი, გასული წლის შედეგი: მეშვიდე ადგილი, 28 ქულა
მრბოლელები: ალექსანდერ ალბონი, ლოგან სერჯენტი
მრბოლელები: ალექსანდერ ალბონი, ლოგან სერჯენტი

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ისტორიული გუნდი უილიამსი, ბოლო წლებში ცუდად გამოიყურება. ამჟამად ინჟინრები შეეცადნენ, რომ FW46 უფრო სტაბილური იყოს. გასული სეზონის ბოლიდს კარგი შედეგები ჰქონდა სწორ მონაკვეთებზე, თუმცა სუსტად გამოიყურებოდა სამუხრუჭე წერტილებსა და ნელ მოსახვევებში. პრობლემის მთავარი მიზეზი კი აეროდინამიკა იყო, რომელიც ახალ ბოლიდში განახლებულია. უილიამსის მთავარი მიზანი სარბოლო ტემპის პოვნა იქნება.
რეისინგ ბულსი, გასული წლის შედეგი: მერვე ადგილი, 25 ქულა
მრბოლელები: დანიელ რიკიარდო, იუკი ცუნოდა
მრბოლელები: დანიელ რიკიარდო, იუკი ცუნოდა

ალფა ტაურიმ სახელი შეიცვალა და 2024 წლის სეზონიდან რეისინგ ბულსის სახელით იასპარეზებს. რეისინგ ბულსი 01 რედ ბულის RB19-ის ბაზაზე შექმნილი ბოლიდია, რაც განსაკუთრებით აეროდინამიკის ეფექტურობაში გამოიხატება. გასულ სეზონთან შედარებით, შეცვლილია აეროდინამიკის ელემენტები, რათა ბოლიდმა უფრო მეტი დამწოლი ეფექტი მიიღოს. მთავარი მიზანი სწორ მონაკვეთებზე უფრო მეტი სიჩქარის განვითარება და მოსახვევებში გასული წლის შედეგების შენარჩუნება იქნება.
ზაუბერი, გასული წლის შედეგი: მეცხრე ადგილი, 16 ქულა
მრბოლელები: ჟოუ გუანიუ, ვალტერი ბოტასი
მრბოლელები: ჟოუ გუანიუ, ვალტერი ბოტასი

ალფა ტაურის მსგავსად, სახელი ალფა რომეომაც შეიცვალა და ახალი სეზონიდან რბოლებში მონაწილეობას ზაუბერის სახელით მიიღებს. გუნდის ტექნიკურმა დირექტორმა, ჯეიმს კიმ სრულიად ახალი ბოლიდი, C44 შექმნა, რომელიც ვიზუალურად საკმაოდ აგრესიულად გამოიყურება. სხვა გუნდების მსგავსად, ზაუბერშიც განსაკუთრებით ბევრი იმუშავეს აეროდინამიკის კუთხით და სრულად შეცვალეს ის ელემენტები, რომლებიც ჰაერის ნაკადს უმკლავდება. წელს კი ზაუბერის მთავარი მიზანი 2023 წლის ჩაგდებული სეზონის გამოსწორება იქნება.
ჰაასი, გასული წლის შედეგი: მეათე ადგილი, 12 ქულა
მრბოლელები: კევინ მაგნუსენი, ნიკო ჰულკენბერგი
მრბოლელები: კევინ მაგნუსენი, ნიკო ჰულკენბერგი

გასულ სეზონზე ამერიკული გუნდის მთავარი პრობლემა საბურავების მენეჯმენტი იყო - ჰაასი ყველაზე სწრაფად ცვეთდა საბურავებს. VF-24-ზე მუშაობისას კი აღნიშნული პრობლემის გამოსწორება დაისახეს მიზნად. ახალ ბოლიდზე, სრულად შეცვლილია წონის განაწილება, რამაც საბურავები შედარებით ნელა უნდა გაცვითოს. ასევე შეცვლილია აეროდინამიკური ელემენტები და მაქსიმალურად მიმსგავსებულია რედ ბულს. ამერიკული გუნდი 2024 წელს შეეცდება ბოლო ადგილს დააღწიოს თავი.
ფორმულა 1-ის 2024 წლის სეზონზე რეკორდული, 24 გრან პრი გაიმართება - რბოლები ბაჰრეინში დაიწყება და აბუ დაბიში დასრულდება. მსოფლიოს 20 უსწრაფესი მრბოლელი ერთმანეთს 5 კონტინენტზე შეეჯიბრება და ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას შეეცდება.
2019 წლის შემდეგ, ფორმულა 1-ის კალენდარში ჩინეთის გრან პრი ბრუნდება, რომელიც 21 აპრილს ჩატარდება. წლევანდელ სეზონზე 6 სპრინტი გაიმართება: ჩინეთის, მაიამის, ავსტრიის, ამერიკის, ბრაზილიისა და კატარის გრან პრიზე.
ბაჰრეინი, 2 მარტი

სეზონის პირველი რბოლა ბაჰრეინის საერთაშორისო ავტოდრომზე გაიმართება, რომელიც 2004 წელს გაიხსნა. ავტოდრომი 15 მოსახვევისგან და 3 DRS-ის ზონისგან შედგება და სიგრძეში 5,412 მეტრი არის. აღნიშნული ავტოდრომი გამოირჩევა სწორი მონაკვეთებითა და სამუხრუჭე წერტილებით, განსაკუთრებით 1-ელ და მე-14 მოსახვევებში. ბაჰრეინში ყველაზე მეტი, 5 გამარჯვება ლუის ჰემილტონს აქვს.
საუდის არაბეთი, 9 მარტი

ჯედას საერთაშორისო ავტოდრომი 2021 წელს აშენდა და წელს მე-4 რბოლას უმასპინძლებს. ის ყველაზე მეტი, 27 მოსახვევისგან, შედგება. ტრეკი გამორჩეულია სწრაფი მოსახვევებით და მრბოლელებს DRS-ის გახსნა სამჯერ შეეძლებათ. ჯედას ავტოდრომის სიგრძე კი 6,1 კილომეტრია. საუდის არაბეთში ჩატარებულ 3 რბოლაში გამარჯვება სხვადასხვა დროს ჰემილტონმა, ვერსტაპენმა და პერესმა მოახერხეს.
ავსტრალია, 24 მარტი

საწყისი ორი აზიური რბოლის შემდეგ, ფორმულა 1 ავსტრალიის კონტინენტზე გადაინაცვლებს. ალბერტ პარკის ავტოდრომი 2022 წელს განახლდა და მრბოლელებს აქტიურად შეუძლიათ გადასწრებები, განსაკუთრებით მე-2 სექტორში. აღნიშნული ტრეკი მხოლოდ 14 მოსახვევისგან შედგება და 4 DRS-ის ზონა აქვს, სიგრძეში კი 5,278 მეტრია. ავსტრალიის გრან პრი ყველაზე მეტჯერ, 4-ჯერ, მიხაელ შუმახერმა მოიგო.
იაპონია, 7 აპრილი

5,807 მეტრი, 18 მოსახვევი, 1 DRS-ის ზონა - სუზუკას საერთაშორისო ავტოდრომი კალენდარში ერთ-ერთი გამორჩეულია. სწრაფი მოსახვევების წყალობით, ტრასის დაახლოებით 70%-ზე ბოლიდის ძრავი სრული დატვირთვით მუშაობს. ავსტრალიის მსგავსად, იაპონიაშიც ყველაზე მეტი, 6 რბოლა მიხაელ შუმახერს აქვს მოგებული.
ჩინეთი, 21 აპრილი

შანხაის საერთაშორისო ავტოდრომი 2003 წელს აშენდა და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტრასაა მრბოლელებში. 16 მოსახვევიდან, პილოტებისთვის ყველაზე რთული 7-8 მოსახვევია, სადაც დიდ G გადატვირთვას იღებენ. მე-13 და მე-14 მოსახვევებს შორის, 1,2 კილომეტრიანი სწორი მონაკვეთია, რაც ხშირად არ გვხვდება ფორმულა 1-ში. შანხაის ავტოდრომი სიგრძეში 5,451 მეტრია და 2 DRS-ის ზონისგან შედგება. ჩინეთის გრან პრი ყველაზე მეტჯერ, 6-ჯერ, ლუის ჰემილტონმა მოიგო.
აშშ, 5 მაისი

მაიამიში ფორმულა 1-ის დებიუტი 2022 წელს შედგა. ავტოდრომი 3 DRS-ის ზონისგან, 3 სწორი მონაკვეთისა და 19 მოსახვევისგან შედგება. მონცას, ლას ვეგასის და მექსიკის შემდეგ, მაიამიში ბოლიდები ყველაზე მაღალ სიჩქარეს ავითარებენ. ბაქსოთან ერთად, მაიამიში განსაკუთრებული გამოწვევა სწრაფ და ნელ მონაკვეთებს შორის ბალანსის პოვნაა. 5,412 მეტრის მქონე ტრასაზე ორივე რბოლა მაქს ვერსტაპენმა მოიგო.
იტალია, 19 მაისი

კალენდარში იტალიის პირველი გრან პრი ისტორიულ იმოლას ავტოდრომზე ჩატარდება, რომელიც ძველი სკოლის წარმომადგენელია და გამოირჩევა რთული სამუხრუჭე ზონებით. ტრასა შედგება 1 DRS-ის ზონისა და 19 მოსახვევისგან, რომელიც 3 მონაკვეთად არის განაწილებული. სიგრძე კი 4,909 მეტრია. იმოლაზე ყველაზე მეტი, 7 გამარჯვება, მიხაელ შუმახერმა იზეიმა.
მონაკო, 26 მაისი

კალენდარში პირველი საქალაქო რბოლა ლეგენდარულ მონაკოს ტრასაზე გაიმართება, რომელიც 3,337 მეტრით ყველაზე მოკლეა და ასევე, მე-6 მოსახვევს მრბოლელები ყველაზე ნელა, 72 კმ/სთ სიჩქარით გადიან. მონაკოს საქალაქო ავტოდრომი 19 მოსახვევისგან და 1 DRS-ის ზონისგან შედგება. აღნიშნული გრან პრი 6-ჯერ აქვს მოგებულია აირტონ სენას, რაც ისტორიაში საუკეთესო შედეგია.
კანადა, 9 ივნისი

ზაფხულის პირველი რბოლა ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე, კერძოდ კი კანადაში გაიმართება, სადაც მრბოლელებს, ტრადიციულად, გრძელი, სწორი მონაკვეთებისა და ნელი მოსახვევების დაძლევა მოუწევთ. ჟილ ვილნევის ავტოდრომი სიგრძეში 4,361 მეტრია, 2 DRS-ის ზონა აქვს და სულ რაღაც 14 მოსახვევისგან შედგება. კანადის გრან პრი 7-7-ჯერ მიხაელ შუმახერსა და ლუის ჰემილტონს აქვთ მოგებული.
ესპანეთი, 23 ივნისი

კატალონიის ავტოდრომი განსაკუთრებით უყვართ გუნდის ინჟინრებს, რადგან ტრასის კონფიგურაცია ბოლიდის გამოცდის შესაძლებლობას იძლევა, როგორც მექანიკური, ისე აეროდინამიკური კუთხით. ავტოდრომის სიგრძე 4,657 მეტრია, 14 მოსახვევისგან შედგება და 2 DRS-ის ზონა აქვს. კანადის მსგავსად, ესპანეთის გრან პრიც ყველაზე მეტჯერ, 6-ჯერ, შუმახერსა და ჰემილტონს აქვთ მოგებული.
ავსტრია, 30 ივნისი

რედ ბულ რინგი კალენდარში ყველაზე მოკლე ტრასებში შედის - მისი სიგრძე 4,3 კმ. არის. ავსტრიაში მრბოლელებს DRS-ის გახსნის შესაძლებლობა 3-ჯერ ეძლევათ და სულ 10 მოსახვევის გავლა უწევთ. რედ ბულ რინგი ერთ-ერთი საყვარელი ავტოდრომია მოქმედი ჩემპიონისთვის, მაქს ვერსტაპენისთვის, რომელმაც აღნიშნული გრან პრი კარიერაში 4-ჯერ მოიგო.
დიდი ბრიტანეთი, 7 ივლისი

სილვერსტოუნის ავტოდრომი შექმნილია მე-2 მსოფლიო ომის დროინდელ აეროპორტში, სადაც 3 ასაფრენი ბილიკია გაერთიანებული. 2 DRS-ის ზონისგნ შემდგარი ტრასის სიგრძე 5,891 მეტრია და 18 სწრაფი და ნელი მოსახვევისგან შედგება. გასაკვირი არ არის, რომ საშინაო ტრეკზე ყველაზე მეტი, 8 გამარჯვება, ლუის ჰემილტონს აქვს მოპოვებული.
უნგრეთი, 21 ივლისი

ნისლიანი ალბიონის შემდეგ, ფორმულა 1-ის რბოლას უნგრეთი და ლეგენდარული ჰუნგარორინგი უმასპინძლებს, რომელიც გამორჩეულია 14 საშუალო და ნელი მოსახვევებით. ტრასის სრული სიგრძე 4,381 მეტრია და ორი DRS-ის ზონა აქვს, სადაც მრბოლელები ყველაზე ხშირად ასწრებენ ერთმანეთს. დიდი ბრიტანეთის მსგავსად, უნგრეთის გრან პრიც 8-ჯერ აქვს ლუის ჰემილტონს მოგებული, რაც საუკეთესო შედეგია.
ბელგია, 28 ივლისი

ზაფხულის შესვენებამდე ბოლო რბოლას ბელგია და სპას ავტოდრომი უმასპინძლებს, რომელიც ყველაზე გრძელი, 7,004 მეტრია. 2 DRS-ის ზონა სპას ერთ-ერთ ყველაზე სწრაფ ტრეკად აქცევს. 18 მოსახვევიდან განსაკუთრებით დასამახსოვრებელია 2,3 და 4 მოსახვევები, სადაც არაერთი დასამახსოვრებელი გადასწრება გვინახავს, ბელგიის გრან პრი ყველაზე მეტჯერ, 6-ჯერ, მიხაელ შუმახერმა მოიგო.
ნიდერლანდები, 25 აგვისტო

ზაფხულის 1-თვიანი შესვენების შემდეგ, გუნდები ახალი განახლებებით ნიდერლანდებში ჩავლენ და ბოლიდებს ზანდვოორტის 4,307-მეტრიან ავტოდრომზე გამოცდიან. 14 მოსახვევიდან 2 პარაბოლურია, რაც ტრასას დასამახსოვრებელს ხდის. ზანდვოორტის ავტოდრომზე 2 DRS-ის ზონა გვხვდება, სადაც მრბოლელები მაქსიმალურ სიჩქარეებს ავითარებენ. ნიდერლანდების გრან პრი ჯიმ კლარკმა 4-ჯერ მოიგო, რაც საუკეთესო მაჩვენებელია.
იტალია II, 1 სექტემბერი

იმოლას შემდეგ, იტალიაში მეორე გრან პრი მონცას ავტოდრომზე ჩატარდება, რომელიც სისწრაფით გამორჩეულია. ტრასა 11 მოსახვევისგან და 2 DRS-ის ზონისგან შედგება, საერთო სიგრძე კი 5,793 მეტრია. მრბოლელებს 150 მეტრის მონაკვეთში 340 კმ-სთ სიჩქარიდან 80 კმ-სთ სიჩქარემდე უწევთ დამუხრუჭება, რაც დიდ ფიზიკურ მომზადებას მოითხოვს. ფორმულა 1-ის ისტორიაში მონცას ავტოდრომზე ყველაზე მეტი, 5-5 გამარჯვება, შუმახერსა და ჰემილტონს აქვთ მოპოვებული.
აზერბაიჯანი, 15 სექტემბერი

მონაკოს შემდეგ, მეორე საქალაქო ტრასა სადაც ფორმულა 1-ის გრან პრი გაიმართება, ბაქოშია - 20 მოსახვევი, 2 DRS-ის ზონა და 6,003 მეტრი. აზერბაიჯანის დედაქალაქში მრბოლელებს 2,2 კილომეტრიანი სწორი მონაკვეთის მაქსიმალური სიჩქარით გავლა უწევთ, რაც, ტექნიკური თვალსაზრისით, ბოლიდებისთვის დიდი გამოწვევაა. ბაქოში ერთი წრის გავლის დროს, პილოტებს გადაცემათა კოლოფზე სიჩქარის შეცვლა 72-ჯერ უწევთ, რაც სინგაპურთან ერთად ყველაზე დიდი მაჩვენებელია. აზერბაიჯანის გრან პრი ყველაზე მეტჯერ, 2-ჯერ, სერხიო პერესს აქვს მოგებული.
სინგაპური, 22 სექტემბერი

ფორმულა 1-ის 2024 წლის კალენდარში მესამე საქალაქო ტრასა სინგაპურშია, რომელიც სიგრძეში 4,940 მეტრია და 19 მოსახვევიდან შედგება. მიუხედავად იმისა, რომ სინგაპურში 3 DRS-ის ზონაა, გასწრება საკმაოდ რთულია და ტრასის კონფიგურაცია, როგორც ძრავსა და გადაცემათა კოლოფს, ასევე სამუხრუჭე სისტემას მაქსიმალურად ტვირთავს. სინგაპურში ყველაზე მეტი, 5 გამარჯვება, სებასტიან ფეტელს აქვს მოპოვებული.
აშშ II, 20 ოქტომბერი

ფორმულა 1-ის მრბოლელები ამერიკის შეერთებულ შტატებში 20 ოქტომბერს მეორედ ჩავლენ და ოსტინის ამერიკის ავტოდრომზე შეეცდებიან გამარჯვების მოპოვებას. ტრასა 5,513 მეტრია და შედგება 20 სწრაფი, საშუალო და ნელი მოსახვევებისგან. ტრასაზე გვხვდება ორი სწორი მონაკვეთი, სადაც მრბოლელებს DRS-ის გამოყენების შესაძლებლობა აქვთ. აღსანიშნავია, რომ სწორი მონაკვეთების გარდა, პილოტები ხშირად მე-12 და მე-13 მოსახვევებში ცდილობენ ერთმანეთის გადასწრებას. მსოფლიოს 7-გზის ჩემპიონს, ლუის ჰემილტონს, ამერიკის ავტოდრომზე 6 რბოლა აქვს მოგებული.
მექსიკა, 20 ოქტომბერი

გაიშვიათებული ჰაეროს გამო, სწორ მონაკვეთზე ბოლიდის მაქსიმალური სიჩქარე 372,5 კმ/სთ.-ს აღწევს, ხოლო საბურავებისთვის ყველაზე რთული მონაკვეთები 4-11 მოსახვევის შორის არის. ერმანოს როდრიგესის სახელობის ავტოდრომის საერთო სიგრძე 4,304 მეტრია და 17 მოსახვევისგან შედგება. აღნიშნულ ტრასაზე 3 DRS-ის ზონა გვხვდება, საიდანაც ყველაზე გრძელი ბოლო, მე-17 მოსახვევის, შემდეგ იწყება. მექსიკის გრან პრი 2-2-ჯერ აქვთ მოგებული კლარკს, მანსელს, პროსტს, ვერსტაპენსა და ჰემილტონს.
ბრაზილია, 27 ოქტომბერი

4,309 მეტრი, 15 მოსახვევი და 2 DRS-ის ზონა - ლეგენდარული ინტერლაგოსის ავტოდრომი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია ფორმულა 1-ის კალენდარში. ბოლიდებისთვის და მრბოლელებისთვის ტექნიკურად განსაკუთრებით რთული 4-11 მოსახვევებია, სადაც დიდი მნიშვნელობა აქვს აეროდინამიკას. ბრაზილიაში გრან პრი ყველაზე მეტჯერ, 6-ჯერ, ალან პროსტს აქვს მოგებული.
აშშ III, 23 ნოემბერი

ფორმულა 1-ის კალენდარში აშშ სამჯერ არის მონიშნული - მესამე რბოლა კი ლას ვეგასის საქალაქო ტრასაზე გაიმართება, რომელიც შარშან შეიქმნა და მაქს ვერსტაპენის დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა. ტრასა 6,2 კილომეტრისგან, 17 მოსახვევისა და 2 DRS-ის ზონისგან შედგება. მე-9 მოსახვევის შემდეგ, მრბოლელები ორ სწრაფ მოსახვევს გადიან, რის შემდეგაც ნელი მარცხენა მოსახვევია და შემდეგ იწყება 1,9-კილომეტრიანი სწორი მონაკვეთი. ყველაზე რთული სამუხრუჭე წერტილი კი მე-5 მოსახვევშია.
კატარი, 1 დეკემბერი

ლუსაილის საერთაშორისო ავტოდრომი ფორმულა 1-ის კალენდარში სულ მესამედ მოხვდა, მისი სიგრძე 5,419 მეტრია და 16 მოსახვევისგან შედგება. ყველაზე გრძელი მონაკვეთი 1,068 მეტრისგან შედგება და სწორედ აქ არის ერთადერთი DRS-ის ზონა, რომელსაც რთული სამუხრუჭე ზონები მოჰყვება. წინა ორი რბოლიდან ერთის მოგება ჰემილტონმა მოახერხა, ხოლო ერთხელ ვერსტაპენმა იმარჯვა.
აბუ დაბი, 8 დეკემბერი

ფორმულა 1-ის 2024 წლის სეზონი 8 დეკემბერს აბუ დაბიში, იას მარინას ავტოდრომზე დასრულდება. 2021 წლის რეაბილიტაციის შემდეგ, ავტოდრომი უფრო მეტად სწრაფი გახდა, თუმცა გადასწრებები კვლავ რთულია. მეორე მონაკვეთში ორი DRS-ის ზონაა, სადაც ყველაზე ხშირია გასწრებები. საერთო ჯამში კი ტრასა 16 სწრაფი და ნელი მოსახვევისგან შედგება. აბუ დაბიში ყველაზე მეტჯერ, 5-ჯერ, ლუის ჰემილტონმა მოიგო.
ახალი სეზონის დაწყებამდე, FIA-მ რეგლამენტში მცირე ცვლილებები შეიტანა, რაც, ძირითადად, რბოლის ტექნიკურ მხარეს ეხება. საინტერესოა, რა შეიცვალა 2024 წლის სეზონსი რეგულაციაში:
აპელაციის დრო: გასულ სეზონზე გუნდებს სარბოლო თუ საინჟინრო საკითხის გასაჩივრებისთვის 14-დღიანი ვადა ჰქონდათ, ეს დრო 4 დღემდე შემცირდა. გარდა ამისა, გუნდმა, რომელიც FIA-ს საჩივრით მიმართავს, გარკვეული თანხა დეპოზიტის სახით უნდა შეიტანოს, რაც მხოლოდ საქმის მოგების შემთხვევაში დაუბრუნდება უკან.
სპრინტი: შეცვლილია სპრინტის უიკენდის განრიგი - პარასკევს გაიმართება პირველი პრაქტიკა და სპრინტის კვალიფიკაცია, შაბათს ჩატარდება სპრინტის რბოლა და გრან პრის კვალიფიკაცია, ხოლო რბოლის დღე, ტრადიციულად, კვირა იქნება.
DRS: მრბოლელებს DRS-ის გააქტიურება რბოლის დაწყებიდან ან განახლებიდან 1 წრის შემდეგ შეეძლებათ - გასულ სეზონზე კი მხოლოდ 2 წრის შემდეგ შეეძლოთ უკანა ფრთის გახსნა. აღნიშნული გადაწყვეტილება რბოლებს უფრო სანახაობრივს გახდის.
ჯარიმები: მრბოლელი ან გუნდი შესაძლოა დაჯარიმდეს მაქსიმუმ 1 მილიონი ევროთი, რაც გასულ წელთან შედარებით 750 ათასიანი ზრდაა.
სპრინტი: შეცვლილია სპრინტის უიკენდის განრიგი - პარასკევს გაიმართება პირველი პრაქტიკა და სპრინტის კვალიფიკაცია, შაბათს ჩატარდება სპრინტის რბოლა და გრან პრის კვალიფიკაცია, ხოლო რბოლის დღე, ტრადიციულად, კვირა იქნება.
DRS: მრბოლელებს DRS-ის გააქტიურება რბოლის დაწყებიდან ან განახლებიდან 1 წრის შემდეგ შეეძლებათ - გასულ სეზონზე კი მხოლოდ 2 წრის შემდეგ შეეძლოთ უკანა ფრთის გახსნა. აღნიშნული გადაწყვეტილება რბოლებს უფრო სანახაობრივს გახდის.
ჯარიმები: მრბოლელი ან გუნდი შესაძლოა დაჯარიმდეს მაქსიმუმ 1 მილიონი ევროთი, რაც გასულ წელთან შედარებით 750 ათასიანი ზრდაა.









