ამსტერდამის აიაქსმა ფრანჩესკო ფარიოლის მწვრთნელობით გაანიავა ცხრაქულიანი ლიდერობა ერედივიზიონში, რაც აღნიშნულ გუნდს ჩემპიონატის დასრულებამდე 5 ტურით ადრე ჰქონდა. შემდეგ, "ებრაელებმა" 2 შეხვედრა წააგეს და 2-ჯერაც ფრედ ითამაშეს, მაშინ როცა პარალელურად, პსვ ეინდჰოვენმა ოთხივე თამაში მოიგო.
ერედივიზიონის ბოლო ტურისთვის გვაქვს ასეთი მოცემულობა - პირველ ადგილზე 76 ქულით არიან "ფერმერები", მეორე ადგილზე 75 ქულით კი კრუიფ არენას ბინადრები. იმ შემთხვევაში, თუ ნიდერლანდების ჩემპიონატის ლიდერები დააგროვებენ თანაბარ ქულებს, ჩემპიონები ბურთების უკეთესი შეფარდებით გახდებიან ფილიპს არენას ბინადრები, 62:33.
ერედივიზიონის ბოლო ტურში ფარიოლის გუნდის მოწინააღმდეგე საკუთარ კედლებში იქნება ტვენტე, პიტერ ბოშის შეგირდები კი როტერდამში სპარტას ესტუმრებიან. როგორც ვხედავთ, აიაქსი, რომელიც 5 ტურის წინ პსვ-სთან ინარჩუნებდა 9-ქულიან უპირატესობას, ახლა სასწაულის იმედად არის.









