საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ლიონის 23 წლის ფორვარდმა გიორგი მიქაუტაძემ So Foot Arena-თან ინტერვიუში საინტერესო თემებზე ისაუბრა:
- 23 წლის ასაკში ლიონში დაბრუნდი, როცა სხვა უფრო პრესტიჟული გუნდები გეპატიჟებოდნენ, ისეთები რომლებიც ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობენ. რა იყოს ლიონში დაბრუნების მთავარი მიზეზი?
- ვიგრძენი, რომ ეს სწორი ნაბიჯი იქნებოდა და ვფიქრობ კარგი გადაწყვეტილება მივიღე. ლიონის მაისურით თამაში, ბავშვობის ოცნება იყო. ამ გუნდთან ერთად ევროპის ტურნირზე თამაში, ჩემს სახლში, ეს ისაა რაც ბავშვობიდან მსურდა. ყოველთვის შეიძლება უფრო მეტი მოსთხოვო საკუთარ თავს და უფრო მეტი მიზანი დაისახო, მაგრამ თუ აქ პროგრესს გავაგრძელებ, შემდეგ უკვე შეუძლებელი აღარაფერი იქნება. მე ჩემს თავს არანაირ საზღვრებს არ ვუყენებ, მაგრამ შეცდომების დაშვების უფლება აღარ მაქვს. მაქსიმუმს გავაკეთებ, როგორც ყველგან, სადაც ვყოფილვარ და ვიცი, რომ აქაც იმუშავებს. მჯერა, რომ ლიონთან ერთად წარმატებას მივაღწევ.
- როდესაც სერენში დიდ წარმატებას მიაღწიე, შენმა დედამ ასეთი რაღაც თქვა: "წარმატებული ხალხი, ბედნიერი ხალია", დღეს შენ ბედნიერი ხარ?
- რა თქმა უნდა ბედნიერი ვარ. მე ვიცი, რამდენად რთულია გახდე პროფესიონალი და ისიც ვიცი, რომ წარმატებას ყველა ვერ აღწევს. ყოველთვის ვფიქრობ ჩემს საუკეთესო მეგობარზე, ფუად ბაჩიზე, რომელიც ალბათ ყველაზე ძლიერი და ნიჭიერი ფეხბურთელი იყო, ვისთანაც მითამაშია. ის წარმოშობით ალბანელია და ლიონის აკადემიაში, მაქსენს კაკერესთან, ამინ გუირთან და ჩემთან ერთად ვარჯიშობდა... დღეს კი როგორც სხვა ბევრი ფეხბურთელი, თამაშობს პატარა კლუბში, ისიც მხოლოდ გასართობად. ასე რომ, დიახ, ჩემთვის ლიონში თამაში დიდი წარმატებაა, როგორც ჩემი ოჯახისთვის, ისე ჩემთვის. ჩვენ ბევრი მსხვერპლი გავიღეთ იქ მოსასვლელად.
- იყო დრო, როდესაც ფიქრობდი, რომ ეს ყველაფერი არ გამოვიდოდა?
- მოვლენებს ყოველთვის პერსპექტივაში ვუყურებდი. მაშინ, როდესაც 15 წლის ასაკში კლუბში არ დამტოვეს და ოჯახის წევრებთან ერთად ავტოსადგომზე ვიყავი, საკუთარ თავს ვუთხარი: “არა უშავს, სხვა კლუბს ვნახავთ”. თავიდან მართლაც ბევრი სირთულე შემხვდა, მაგრამ როდესაც კარგი გარემოცვა გყავს და იცი, რისი გაკეთება გსურს მთელი ცხოვრების მანძილზე, ყველა დაბრკოლებას გადალახავ. ჩემი ერთადერთი მიზანი იყო, გავმხდარიყავი პროფესიონალი ფეხბურთელი, სხვა გზა არ მქონდა.

- იყო თქვენი სიმაღლე და ფიზიკური მონაცემები მთავარი მიზეზი, რის გამოც ლიონმა თქვენზე უარი თქვა? შენი აზრით, ზედმეტად ნაჩქარევად ვაფასებთ ახალგაზრდა ფეხბურთელებს მათი სპორტული მახასიათებლების მიხედვით?
- მას შემდეგ ბევრი დრო გავიდა და რაღაცები შეიცვალა, მაგრამ იყო დრო, როდესაც გარეგნობას დიდ ყურადღებას აქცევდნენ. მაგალითად, ესპანეთში მხოლოდ იმას უყურებენ, როგორ თამაშობ. თუ კარგ ტექნიკას ფლობ, კარგად არჩევ პოზიციას და სწორად დარბიხარ, აღნაგობა პრობლემას ვერ შეგიქმნის და ამაზე არავინ ისაუბრებს. იმ ყველაფრის შემდეგ, ლიონში შურისძიების გრძნობით არ დავბრუნებულვარ. თავის დროზე ჩემი გაშვება კი გადაწყვიტეს, მაგრამ რას ვიზამთ, შეცდომებს ყველა ვუშვებთ (იცინის). ამ გადმოსახედიდან ვფიქრობ, რომ ის ამბავი პიროვნულად ჩამოყალიბებასა და იმ ადამიანად გადაქცევაში დამეხმარა, ვინც დღეს ვარ.
- მშობლებთან, სახლში დაბრუნდი?
- დიახ, მშობლების სახლში დავბრუნდი. როგორც ძველ, კარგ დროს, ღამეს ისევ საკუთარ სახლში ვიძინებ. მართალია, ეს დროებითია, რადგან ვეძებ ახალ ბინას ლიონის ბაზასთან ახლოს, მაგრამ სასიამოვნოა, როდესაც ცხოვრების ჩვეულ წესს უბრუნდები. როდესაც ვიღვიძებ, შემიძლია ჩემს და-ძმასთან ერთად ვისადილო და ეს ძალიან სასიამოვნოა.
- იყო თუ არა ლიონში შენი დაბრუნება დამშვიდების სურვილი, გასულ წელს, ამსტერდამის აიაქსში წარუმატებელი გამოცდილების შემდეგ?
- შემიძლია თამამად ვთქვა, რომ დიახ. ეს ყველაფერი მჭირდებოდა და ახლა მხოლოდ მომავალზე ვფიქრობ.









