პოლ პოგბამ ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია მიიღო. ოთხი წელი ფეხბურთის გარეშე - სწორედ ასეთ სასჯელს ითხოვდა პროკურატურა გასული წლის დეკემბერში. ბევრის აზრით, ეს ფრანგი მოთამაშის კარიერის დასასრულია, რადგან ბანის გასვლის შემდეგ, ის უკვე 34 წლის იქნება. მიმოვიხილოთ ტურინის იუვენტუსის შუახაზელის გარშემო მომხდარი სკანდალი.
სერია ა-ს მიმდინარე სეზონის გახსნით შეხვედრაში "ბიანკონერი" მასპინძლობდა უდინეზეს, 30 წლის გამთამაშებელი კი სათადარიგოთა სკამზე იჯდა. მატჩის შემდეგ, "ბებერი ქალბატონის" 10-იანის დოპინგ ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა. გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ მის ორგანიზმში ტესტოსტერონის დონე იყო მომატებული.
საუბარია ჰორმონზე, რომელიც კუნთოვანი და ძვლოვანი მასის მომატებაზეა პასუხისმგებელი. პოგბამ დაარღვია 2.1 და 2.2 მუხლები, რაც გულისხმობს "აკრძალული ნივთიერების მომხარებასა" და "აკრძალული ნივთიერების მოხმარების მცდელობას". იტალიაში დოპინგის მოხმარება სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება.

ფრანგმა გამთამაშებელმა განმეორებითი გამოკვლევა მოითხოვა, თუმცა ფეხბურთელისთვის საუბედუროდ, მეორე ანალიზმაც იგივე პასუხი აჩვენა. პროცედურა მიმდინარეობდა რომის ლაბორატორიაში, იუვეს იურისტების მიერ შერჩეული ექსპერტების გარემოცვაში. თავიდან საუბარი იყო 2-წლიან ბანზე, მაგრამ შემდეგ, ყველაფერი კიდევ უფრო გართულდა.
პროკურატურამ დაამტკიცა, რომ პოლმა აკრძალული პრეპარატი განზრახ მიიღო, რის შედეგადაც სასჯელი ოთხ წლამდე გაიზარდა. ფეხბურთელი იღებდა წამალს სახელწოდებით "Testosteronum Prolongatum", რომელიც როგორც აღვნიშნეთ, პასუხისმგებელია კუნთოვანი და ძვლოვანი მასის ზრდაზე. ამის გარდა, ეს პრეპარატი აუმჯობესებს ადამიანის გამძლეობას.
ტურინული გუნდის გამთამაშებლის აგენტის კომენტარი ასეთი იყო:
"პოგბა არასდროს ფიქრობდა კანონის დარღვევაზე, ამაში ეჭვი არ მეპარება".
მოგვიანებით, ჟურნალისტმა ფაბიანა დელა ვალემ გაავრცელა ახალი დეტალები, თითქოს ამ ყველაფრის მიზეზი, შესაძლოა, ექიმთან მომხდარი გაუგებრობა ყოფილიყო.

არსებობს ვერსია, რომ აკრძალული პრეპარატის მიღება "ბიანკონერის" ათიანს ურჩია ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე მისმა ერთ-ერთმა ნაცნობმა ექიმმა. გარდა ამისა, ნათქვამია, რომ 30 წლის ფეხბურთელმა, გააფრთხილა "ბებერი ქალბატონის" სამედიცინო შტაბი, მაგრამ უკვე გვიანი იყო, დოპინგ ტესტის ჩაბარება გარდაუვალი ჩანდა.
რაც შეეხება პოგბას საფეხბურთო კარიერას, მისი ამჟამინდელი კონტრაქტი იუვენტუსთან 2026 წლამდეა გათვლილი, ანაზღაურება - რვა მილიონი ევრო. ტურინელებს ხელშეკრულების გაწყვეტის სრული უფლება აქვთ და დიდი ალბათობით, კლუბი ასეც მოიქცევა. ფრანგ ფეხბურთელთან თანამშრომლობის დასრულების შემთხვევაში, "ბიანკონერი" 30 მილიონამდე თანხას დაზოგავს.
ისმის კითხვა - რა ელის პოლს მომავალში? ორი სეზონის განმავლობაში მან მხოლოდ 12 შეხვედრა ჩაატარა. ამის მიზეზი მენისკის ტრავმა იყო, რომელიც "ბებერი ქალბატონის" მოთამაშემ იტალიაში დაბრუნებისთანავე მიიღო. ამ დაზიანების შედეგად, 30 წლის შუახაზელმა მთელი წინა სეზონი გამოტოვა და შუალედში ჩატარებული მუნდიალიც.
მასიმილიანო ალეგრის გუნდის ათიანის ერთადერთი შედეგიანი ქმედება ფიქსირდება ევროპა ლიგის ნახევარფინალში სევილიასთან, როდესაც მან ასისტი გაიფორმა. არის თუ არა ეს კარიერის დასასრული? პოგბას ასაკის, ტრავმატულობისა და ახლა უკვე დოპინგ სკანდალის გათვალისწინებით, მატარებელმა სახელად "დიდი ფეხბურთი" მის თვალწინ უკვე ჩაიქროლა.












