როგორც უკვე რამდენიმე თვეა იწერება, დეივისი ბაიერნის დატოვებას სერიოზულად განიხილავს, 23 წლის ფეხბურთელის დამატება კი რეალ მადრიდს სურს. მხარეებს შორის მუდმივი კონტაქტია და პირადი კონტრაქტის შეთანხმება, საკმაოდ მარტივი იქნება. გერმანული პრესის ინფორმაციით, მადრიდული გუნდი პირველ შეთავაზებას მალე გააკეთებს. იმის ფონზე, რომ დეივისს მიუნხენურ კლუბთან არსებული ხელშეკრულება 2025 წელს ეწურება, რეალი ფეხბურთელის სანაცვლოდ €40-50 მილიონზე მეტის გადახდას არ გეგმავს. "სამეფო კლუბში" ფიქრობენ, რომ ეს თანხა საკმარისი იქნება კანადელის დასამატებლად.
ამ მომენტისთვის, ყველაფერი იმისკენ მიდის, რომ ზაფხულში დეივისი გუნდის დატოვებას მოითხოვს, რაც რეალს საქმეს უფრო გაუმარტივებს. ახალ კონტრაქტზე მხარეები ვერ თანხმდებიან, მეტიც, თვეებია ეს პროცესი "გაყინულია", ალფონსო კი უკვე ახალ გამოწვევაზე ფიქრობს.

ბაიერნში დეივისის პოტენციურ შემცვლელზე უკვე ფიქრობენ, მთავარი სამიზნე კი ტეო ერნანდესია. მილანის ფრანგი მარცხენა მცველი, "რეკორდმაისტერის" სიაში პირველ ადგილზე იმყოფება. ამ მომენტისთვის ტეოს მიმართ მხოლოდ ინტერესია, კლუბებს ან ფეხბურთელის აგენტს შორის კონტაქტი არ შემდგარა. როგორც ცნობილია, მილანი ფეხბურთელს €70-80 მილიონად აფასებს.









