ლივერპულის მეკარეების მწვრთნელმა და ალისონ ბეკერის პერსონალურმა დამრიგებელმა, კლაუდიო ტაფარელმა გიორგი მამარდაშვილის შესახებ ისაუბრა. ბრაზილიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ მერსისაიდელთა მთავარი გოლკიპერის ამოგდება ქართველი კარის დარაჯისთვის რთული იქნება.
"ლივერპულმა მამარდაშვილის გაფორმების გადაწყვეტილება მიიღო ერთი წლის წინ, ან უფრო ადრეც. ეს არის პერსპექტივაზე გათვლილი ტრანსფერი. რაც შეეხება ალისონს, ის არის გოლკიპერი, რომელიც ძალიან მაღალ დონეზე იმყოფება. მას აქვს კლასი, გამოცდილება და გამარჯვების წყურვილი.
ვინც არ უნდა მოვიდეს მერსისაიდში, ბეკერის ჩანაცვლება მისთვის ძალიან რთული იქნება. ის არის მეკარე, რომლის ძირითადი შემადგენლობიდან ამოგდება პრაქტიკულად წარმოუდგენელია."
შეგახსენებთ, რომ ქართველი მეკარე მიმდინარე სეზონს განათხოვრების წესით ჩაამთავრებს ვალენსიაში, რის შემდეგაც ის "წითლებს" შეუერთდება. არის საუბრები "ღამურებში" კიდევ ერთი სეზონით დარჩენაზე ან იჯარით სხვა კლუბში გადასვლაზე, მაგრამ გიორგის მხოლოდ ენფილდზე თამაში სურს.









