LaGazzetta.ge-სთან ინტერვიუში ლაზარემ რამდენიმე ისეთ თემაზე ისაუბრა, რაც აქამდე არ ვიცოდით.
- როგორ ჩაიარა გუნდის შეკრებამ და რა იქნება ახალ სეზონში დინამო ბათუმის მიზანი?
- "საკმაოდ ნაყოფიერი შეკრება გამოდგა. შეიძლება შედეგები დამაკმაყოფილებელი არ იყო, თუმცა შეკრებაზე მთავარი შედეგი არ არის. კარგად მოვემზადეთ და ფორმაში შევდივართ. დინამო ბათუმის მიზანი ყოველთვის უმაღლესია და გამონაკლისი არც ეს სეზონი იქნება."
როგორც გვახსოვს, ბათუმიდან შენი წამოსვლა სკანდალური იყო...
"წელს, როდესაც დინამო ბათუმში ჩავირიცხე, ბევრი ამბობდა, უთავმოყვარეოა, როგორ დაბრუნდაო, თუმცა სიმართლე სხვა რამეა. 3 წლის წინ, დინამო ბათუმიდან ერთი კონკრეტული ადამიანის გამო წამოვედი. ეს გადაწყვეტილება გია გეგუჩაძემ მიიღო. ბათუმის ხელმძღვანელობასთან კი ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა და როცა დაბრუნება შემომთავაზეს, სიამოვნებით დავთანხმდი. გეგუჩაძესთანაც კარგი ურთიერთობა მაქვს და იმის შემდეგ, რამდენჯერმე შევხვდი კიდეც. ემოციურ ფონზე, იმ მომენტში ეს მისი გადაწყვეტილება იყო და ნაწყენი არავიზე არ ვარ."

დინამო ბათუმის გულშემატკივრების ერთ-ერთი ფავორიტი მოთამაშე იყავი. როგორ შეგხვდნენ დაბრუნების შემდეგ?
"სოციალურ ქსელებში ხშირად კომენტარებს არ ვკითხულობ და არ მინახავს, რა გამოხმაურება მოჰყვა ჩემს დაბრუნებას, თუმცა ბათუმის ქუჩებში ბევრი გულშემატკივარი მხვდება, მათგან სიყვარულს ვგრძნობ და ეს ძალიან მახარებს."
...თუმცა სანამ ბათუმში დაბრუნდებოდი, გონიოსთან იყავი შეთანხმებული. რა მოხდა?
"ლიეპაიადან წამოსვლის შემდეგ, თამაშის უფლება 2025 წლამდე არ მქონდა. გონიოს პრეზიდენტმა მითხრა, რომ მათთან ვყოფილიყავი, გადამიხადა კონკრეტული თანხაც, თუმცა კონტრაქტზე ხელი მოწერილი არ მქონდა, მათთან არც მივარჯიშია. ამასობაში, შემოთავაზება დინამო ბათუმიდან მივიღე. ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ ის თანხა, რაც გონოსგან ავიღე, მათთვის მთლიანად დაეფარათ, რაზეც კლუბები შეთანხმდნენ."
მაშინ, რამ გააბრაზა გონიოს პრეზიდენტი?
"ამ თემაზე საუბარი არ მინდოდა, მაგრამ რახან მკითხეთ, გეტყვით. როგორც გითხარით, ყველა ადამიანი თავის ემოციურობას სხვადასხვაგვარად გამოხატავს. მისი გაბრაზებაც მესმის. მას შეეძლო მარტივად გავეშვი და ეთქვა, რომ ჩემი კარიერისთვის ბათუმში გადასვლა უკეთესი ნაბიჯი იყო, თუმცა ეს გადაწყვეტილება სხვანაირად მიიღო და გასაგებია, მაგრამ არა მისაღები."

შენს კარიერაში ყველაფერი სლოვან ბრატისლავასთან მატჩის შემდეგ შეიცვალა. ბრწყინვალე მატჩები გქონდა, კარგი სეზონი, მაგრამ სლოვანთან გაშვებული გოლის შემდეგ, გუნდიდან წასვლა და რეგრესი დაიწყო.
"ეს პერიოდი ჩემთვის ძალიან რთული იყო. დიდი სტრესი მივიღე. შეცდომას გაცილებით დიდ ასპარეზზე, დიდი ფეხბურთელებიც უშვებენ და ჩემი აზრით, ასეთ დროს შენს ფეხბურთელს გვერდით უნდა დაუდგე. მწვრთნელმა კი სხვაგვარი გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ როგორც აღვნიშნე, გეგუჩაძეს პატივს ვცემ და ეს მისი გადაწყვეტილება იყო."
ზუსტად იმ პერიოდის შემდეგ დაემთხვა ისე, რომ საქართველოში მეკარეების კარგი თაობა წამოვიდა...
"ძალიან მიხარია, რომ ბევრი კარგი მეკარე გვყავს. ჩემთვისაც მოტივაციაა, რომ ფეხბურთის თამაში მაღალ დონეზე გავაგრძელო. მამარდაშვილი ტოპ დონის მეკარეა. შრომისმოყვარეობა და მტკიცე ხასიათი - ეს ის თვისებებია, რითიც მამარდა ამ დონეზე ავიდა. ასევე, ბათუმს ჰყავს ლუკა ხარატიშვილი, რომელსაც უდიდესი პროგრესი აქვს. ლუკა პირველ რიგში ჩემი მეგობარია, მოედანზე კი კონკურენტი. ერთმანეთთან კონკურენციით გავიზრდებით და რაც მთავარია, ეს კონკურენცია ჯანსაღია. ვარჯიშებზე ერთმანეთს ვეხუმრებით და ვეჯიბრებით ხოლმე, ვინ ნაკლებ გოლს გაუშვებს."
2018 წელს, პირველი ტიტული გიორგი ჭიაბრიშვილთან ერთად მოიგე, დღეს ის კვლავ შენი მწვრთნელია, ოღონდ სხვა გუნდში. რა როლი აქვს ჭიაბრიშვილს შენს კარიერაში?
"სიმართლე გითხრათ, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც დინამო ბათუმში გადასვლა გადავწყვიტე, სწორედ ჭიაბრიშვილია. როგორც აღნიშნე, პირველი ტიტული მასთან მოვიგე, გამორჩეული სპეციალისტია, ერთად ბევრი კარგი შედეგი დაგვიდია და ახლა იგივეს ბათუმში შევეცდებით."









