ჩავი ერნანდესის ბარსელონადან წასვლის დაანონსების შემდეგ, მთავარ მწვრთნელებზე ზეწოლა ევროპულ ფეხბურთში საკმაოდ აქტუალური თემაა. ამ საკითხზე კომენტარი უკვე გააკეთა მანჩესტერ სიტის დამრიგებელმა პეპ გვარდიოლამ, რომელმაც აღნიშნა, რომ ესპანეთში წნეხი ბევრად უფრო დიდია, ვიდრე ინგლისში.
მადრიდის რეალის მთავარ მწვრთნელს, კარლო ანჩელოტის ამ თემაზე სხვა მოსაზრება აქვს. იტალიელ სპეციალისტს თავისი შთამბეჭდავი კარიერის მანძილზე უმუშავია ევროპის 5-ვე წამყვან ლიგაში, მაგრამ ყველაზე დიდი ზეწოლა მან იგრძნო არა ლა ლიგაში, სერია ა-ში ან პრემიერ ლიგაში, არამედ სერია ბ-ში.
"ყველაზე დიდი ზეწოლა სერია ბ-ში ვიგრძენი. სტრესს ვერ ვუმკლავდებოდი. თანაშემწეს ვუთხარი, რომ ჩემი სამწვრთნელო კარიერა 2000 წლამდეც არ გაგრძელდებოდა, მაგრამ ახლა უკვე 2024-ია და ჯერ კიდევ საქმეში ვარ. ყველაფერს ეჩვევი და ზეწოლა ხდება საწვავი, რომელიც სამსახურის შესრულებაში გეხმარება", - განაცხადა "სამეფო კლუბის" მწვრთნელმა.
64-წლის სპეციალისტმა სამწვრთნელო კარიერა დაიწყო 1995 წელს, სერია ბ-ს ბინადარ მოკრძალებულ რეჯანაში. აღსანიშნავია, რომ პირველი ტიტული მან მოიგო მხოლოდ 4 წლის შემდეგ, ინტერტოტოს თასი, იმ დროისთვის უკვე ტურინის იუვენტუსის დამრიგებლის რანგში. 2024 წლისთვის კი ანჩელოტი არის სპეციალისტი 4 ჩემპიონთა ლიგის თასით თავის კოლექციაში.









