ლონდონის არსენალის ლეგენდარულმა თავდამსხმელმა, ტიერი ანრიმ მილანის ინტერის მთავარი მწვრთნელის, სიმონე ინძაგის მუშაობა შეაფასა. მან აღნიშნა, რომ თანამედროვე ფეხბურთში იტალიელი ტაქტიკოსი მისი ერთ-ერთი ფავორიტია. ფრანგ ექს-ფორვარდს ყველა ის დეტალი მოსწონს, რომელსაც "ნერაძურის" დამრიგებელი იყენებს.
"ინძაგის ჯერ კიდევ ლაციოდან ვაკვირდები. თავდაპირველად, ის იყო უბრალოდ მწვრთნელი, რომელიც სათასო შეხვედრაში პრობლემებს შეგიქმნიდა. სიმონე დროთა განმავლობაში გაიზარდა, როგორც სპეციალისტი და მან ჩემპიონთა ლიგის ფინალში სიტისაც კი შეუქმნა პრობლემები. მომწონს მისი ორფორვარდიანი ტაქტიკა.
იტალიელი მწვრთნელი ძალიან კარგად ათამაშებს ნახევარმცველთა სამეულს, რომელთაც ეფექტურად უერთდებიან ფლანგზე განლაგებული ფეხბურთელები. ფორვარდების დუეტი კი შეუდარებელია. უბრალოდ გაიხსენეთ, თუ როგორი შთამბეჭდავი იყო ინტერი, თუნდაც იუვესა და მილანთან მატჩებში", - განაცხადა "მეთოფეების" ექს-ფორვარდმა.











