ბარსაში ასევე დაბრუნდა ანსუ ფატიც, რომელიც გასულ სეზონში, იჯარის წესით ბრაიტონში თამაშობდა. 21 წლის ფეხბურთელს კლუბთან არსებული კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს და როგორც ფეხბურთელთან დაახლოებული წყაროები ამბობენ, ანსუს ბარსელონაში დარჩენა და საკუთარი ადგილისთვის ბრძოლა აქვს გეგმაში. ამას ისიც დაემატა, რომ ჰანსი ფლიკმა ფეხბურთელის შენარჩუნება პრესეზონის დასრულებამდე გადაწყვიტა, რადგან ახალგაზრდა ესპანელს კარგად დაკვირვებოდა, თუმცა სიტუაცია დღეს დილით თავიდან ბოლომდე შეიცვალა... ანსუ ფატიმ ახალი ტრავმა მიიღო და ამ მომენტისთვის უცნობია, როდის დაუბრუნდება მოედანს 21 წლის ფეხბურთელი.
ამ ტრავმის გამო, ანსუ ფატი დიდი ალბათობით წინასასეზონო ტურნირს გამოტოვებს, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებშია დაგეგმილი. მორიგი ტრავმის შემდეგ, როგორ განვითარდება ფეხბურთელის გარშემო მოვლენები, ამას დრო გვიჩვენებს, თუმცა ფაქტია, ანსუს ისევ არ უმართლებს და პატარა ასაკში ამდენი ტრავმის მიღება, მის კარიერას დიდ საფრთხეს უქმნის.









